გარეთა სასმენი მილი შეიძლება დაიხშოს გოგირდის საცობით. ზოგჯერ გოგირდის დიდი რაოდენობით დაგროვებაც კი არ იწვევს სიმპტომებს. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ქავილი, სმენის დაქვეითება, მის სრულ დაკარგვამდე. გოგირდის საცობის მოსაშორებლად სასმენი მილის გამორეცხვაა (ირიგაცია) საჭირო. თუ პაციენტს დაფის აპკი აქვს გახვრეტილი, ირიგაცია არ გამოიყენება, ვინაიდან სითხემ შეიძლება შუა ყურში შეაღწიოს და მისი ინფექცია გამოიწვიოს. ირიგაცია არც მაშინ გამოიყენება, როცა ყურიდან რაიმე სახის გამონადენი აღინიშნება, ვინაიდან გამონადენი შეიძლება დაფის აპკის პერფორაციის შედეგი იყოს. ასეთ შემთხვევაში გოგირდის საცობის ამოღება სპეციალური მარყუჟიანი ან ვაკუუმიანი ინსტრუმენტით არის შესაძლებელი.
გოგირდის საცობის დასარბილებლად გარკვეული ტიპის გამხსნელები იხმარება, მათი გამოყენების შემდეგ ირიგაციაა საჭირო. პაციენტი არ უნდა ეცადოს გოგირდის საცობის ამოღებას დამოუკიდებლად – ბამბის ტამპონით, თმის სამაგრით, ფანქრით ან რომელიმე სხვა საგნით. ასეთი მცდელობის შემდეგ გოგირდი უფრო ღრმად შედის ყურში, არ არის გამორიცხული დაფის აპკის დაზიანებაც. საპნითა და წყლით შესაძლებელია გარეთა ყურის ადეკვატური ჰიგიენა. დახშობის მიზეზი შეიძლება გახდეს უცხო სხეული; განსაკუთრებით ბავშვებშია ხშირი გარეთა სასმენ მილში უცხო სხეულის – მძივის, რეზინის, ლობიოს მარცვლის – არსებობა. უცხო სხეულს გარეთა სასმენი მილიდან ბლაგვი კაუჭით ან მცირე ზომის ვაკუუმიანი მოწყობილობით იღებენ. ხანდახან მეტალისა და შუშის მძივები შეიძლება გამოირეცხოს, მაგრამ საერთოდ წყლის გამოყენება საკამათოა; მაგალითად, ლობიოს მარცვალი დასველების შემდეგ ფუვდება, ის უფრო ძნელი ამოსაღები ხდება. რაც უფრო ღრმადაა საგანი სასმენ მილში, მით უფრო მაღალია დაფის აპკის დაზიანების ალბათობა მისი ამოღებისას. თუ ბავშვის დაყოლიება პროცედურის ჩატარებაზე არ ხერხდება ან ამოღება ძალიან რთულია, ზოგად ნარკოზს მიმართავენ. მწერებმა, განსაკუთრებით ტარაკნებმა შეიძლება დააცონ გარეთა სასმენი მილი. მათ მოსაცილებლად მილს მინერალური ზეთით ან ლიდოკაინით ავსებენ. ეს მეთოდი მცირე ხნით ტკივილს აყუჩებს და შესაძლებელს ხდის მწერის მოცილებას.