მენინგოკოკური ინფექციები გამოწვეულია ბაქტერია Neisseria meningitidis-ით (მენინგოკოკი) და მათ მიეკუთვნება მენინგიტი და სისხლის ინფექციები.
მენინგოკოკური ინფექციების შემთხვევათა 90%-ზე მეტში ვითარდება თავის და ზურგის ტვინის მფარავ ქსოვილებს შორის არსებული სივრცის (მენინგიტი) ან სისხლის მიმოქცევის (სეფსისი) ინფექციები. ფილტვების, სახსრებისა და გულის ინფექციები შედარებით იშვიათია.
ზომიერი კლიმატის პირობებში მენინგოკოკური ინფექციები ძირითადად ჩნდება ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში. შესაძლებელია მოხდეს ლოკალური ეპიდემიური აფეთქებები, რაც ყველაზე ხშირია საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში, სენეგალსა და ეთიოპიას შორის. ეს სივრცე ცნობილია მენინგიტის ზონის სახელწოდებით.
მენინგოკოკები სახლობენ ზოგიერთი ადამიანის ცხვირის ღრუსა და ყელში ისე, რომ არ იწვევენ სიმპტომებს. ასეთ ადამიანებს ეწოდებათ მტარებლები. ეპიდემიური აფეთქებების შემდეგ ადამიანები ხშირად ხდებიან მტარებლები. ინფექცია ჩვეულებრივ უფრო ხშირად ვითარდება არა მტარებლებში, არამედ იმ ადამიანებში, რომლებიც იმყოფებიან კონტაქტში მენინგოკოკებთან. ინფექცია ვრცელდება ცხვირისა ან ხახის სეკრეტთან პირდაპირი კონტაქტით.
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან. ინფექციები აგრეთვე ხშირია მოზარდებში, ჯარის ახალწვეულებში, კოლეჯის დამწყებ სტუდენტებში, რომლებიც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში, ადამიანებში იმუნური სისტემის გარკვეული დარღვევებით და მიკრობიოლოგებში, რომლებიც მუშაობენ მენინგოკოკებზე.
ადამიანების უმეტესობა თავს გრძნობს ძალზე ავად.
მენინგიტმა შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი, წითელი გამონაყარი და კისრის კუნთების რიგიდობა, ხოლო ჩვილ ბავშვებში – კვების პრობლემები, სუსტი ტირილი და ინერტულობა.
სისხლის მიმოქცევის ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი წითელი ან იასამნისფერი ლაქებით. მწვავე ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის არტერიული წნევის დაბალი მაჩვენებლები, სისხლდენისკენ მიდრეკილება და ბევრი ორგანოს, როგორებიცაა თირკმლები და ღვიძლი, დისფუნქცია (უკმარისობა).
ჯამში, ნამკურნალები ადამინების 10-15% იღუპება მენინგოკოკური ინფექციისგან. სისხლის მიმოქცევის მწვავე ინფექციის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტი იღუპება. გამოჯანმრთელებული ადამიანების 10-20%-ს აქვს სერიოზული გართულებები, როგორიცაა მაგ. სმენის სამუდამო დაკარგვა, გონებრივი ჩამორჩენა ან ფეხისა და ხელის თითების დაკარგვა.
იშვიათად, ინფექცია ვითარდება შედარებით ნელა და იწვევს შედარებით მსუბუქი სიმპტომების თანდათანობით განვითარებას.
ექიმებს ეჭვი მიაქვთ მენინგოკოკურ ინფექციაზე იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ტიპური სიმპტომები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი ჩნდება ეპიდემიური აფეთქების დროს. დიაგნოზის დადასტურების მიზნით, ექიმები იღებენ სისხლის ან სხვა დაინფიცირებული ქსოვილების ნიმუშს ან ატარებენ ლუმბალურ პუნქციას ზურგისა და თავის ტვინის გარშემო არსებული სითხის (თავ-ზურგტვინის სითხე) ნიმუშის მოპოვების მიზნით. ნიმუშებს იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ ბაქტერიის აღმოსაჩენად. ეს ნიმუშები აგრეთვე იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც ხდება ბაქტერიების გაზრდა (კულტივირება) და იდენტიფიცირება. შესაძლებელია პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის (PCR) გამოყენება (რომელიც წარმოქმნის გენის მრავალ ასლს) იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ბაქტერიის უნიკალური გენეტიკური მასალა (დნმ).
ასევე ტარდება ბაქტერიების გამოკვლევა, რათა განისაზღვროს, თუ რომელი ანტიბიოტიკებია ეფექტური მათ საწიანააღმდეგოდ (ამ პროცესს ეწოდება მგრძნობელობის განსაზღვრა).
მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაქცინა რეკომენდებულია ადამიანების შემდეგი ჯგუფებისთვის:
მენინგოკოკური ინფექციის მქონე ავადმყოფთან კონტაქტში მყოფმა ოჯახის წევრებმა, სამედიცინო პერსონალმა და სხვა ადამიანებმა უნდა დალიონ ანტიბიოტიკი (როგორიცაა რიფამპიცინის მცირე დოზა რამდენჯერმე ან ციპროფლოქსაცინი ან ლევოფლოქსაცინის ერთი დოზა) ან გაიკეთონ ანტიბიოტიკის ინექცია (როგორიცაა ცეფტრიაქსონის ერთი დოზა) იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ინფექციის განვითარება. მენინგოკოკური ვაქცინა აგრეთვე (ანტიბიოტიკებთან ერთად) უკეთდება ადამიანებს, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან მენინგოკოკური ინფექციის მქონე ადამიანთან.
ადამიანები ჩვეულებრივ მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც რაც შეიძლება სწრაფად, ინტრავენურად უკეთდებათ ანტიბიოტიკები და სითხეები. მენინგიტის მქონე ბავშვებს ან მოზრდილებს შეიძლება გაუკეთდეთ კორტიკოსტეროიდები.