გარეთა ოტიტი | მკურნალი.გე
  1. გარეთა ოტიტი
  2. გარეთა ყურის დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
გარეთა ოტიტი

გარეთა ოტიტი არის სასმენი მილის ინფექცია.

  • გარეთა ოტიტის გამომწვევია ბაქტერიული, იშვიათად – სოკოვანი ინფექცია;

  • ტიპური სიმპტომებია ქავილი, ტკივილი და გამონადენი;

  • ექიმი ყურს ათვალიერებს ოტოსკოპით (მოწყობილობა რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სასმენი მილის და დაფის აპკის დათვალიერება) სიწითლის, ჩირქის და შესიების გამოსავლენად;

  • მკურნალობის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდებია ყურის წვეთების, ტკივილგამაყუჩებლების მოხმარება, უცხო სხეულის ამოღება.

გარეთა ოტიტმა შეიძლება მთელი ყური მოიცვას ან მცირე მიდამოთი შემოიფარგლოს, მაგალითად, ჩირქი ძირმაგარას ან ბუშტუკის ფორმით დაგროვდეს.

მიზეზები

გარეთა ყურის გენერალიზებული ანთება სხვადასხვა ტიპის ბაქტერიულმა ან სოკოვანმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს. პაციენტების ნაწილი, რომელთაც აქვთ ალერგია, ფსორიაზი, ეგზემა ან დერმატიტი, განსაკუთრებით მიდრეკილია გარეთა ყურის ანთებებისადმი. სასმენი მილის დაზიანება მისი გაწმენდის მცდელობისას, წყლის ან გამაღიზიანებელი ნივთიერების გამოყენება, როგორიცაა თმის ლაქი ან თმის საღებავი ხშირად ანთებით პროცესს იწვევს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ხშირია ცურვის შემდეგ, რის გამოც მას "მოცურავის ყურს" ეძახიან. ყურის საცობი ან სასმენი აპარატი, თუ არ არის კარგად გასუფთავებული, ზრდის ოტიტის განვითარების რისკს.

სიმპტომები და დიაგნოზი

გარეთა ყურის გენერალიზებული ოტიტის სიმპტომებია ქავილი და ტკივილი, ზოგჯერ – არასასიამოვნო, მოთეთრო-მოყვითალო ფერის სუნიანი გამონადენი ყურიდან. გარეთა სასმენი მილი შეიძლება საერთოდ არ იყოს ან უმნიშვნელოდ იყოს შეშუპებული, ან სავსებით დაიხშოს შეშუპების გამო. თუ მილი შეშუპებულია ან ამოვსებულია უცხო ნივთიერებებით, ან უცხო სხეულით, სმენა ქვეითდება. მილი მგრძნობიარე და მტკივნეულია გარეთა ყურზე (ყურის ნიჟარა) ან სასმენი მილის წინა ნაწილში არსებულ კანის ნაოჭებზე ზეწოლისას. ოტოსკოპით დათვალიერებისას აღინიშნება კანის შეწითლება, შეშუპება; ზოგჯერ მილი ჩირქით ან უცხო სხეულით არის ამოვსებული.

ფურუნკული მწვავე ტკივილს იწვევს; თუ გასკდა – სისხლი და ჩირქი შეიძლება გადმოვიდეს ყურიდან.

მკურნალობა და პრევენცია

"მოცურავის ყურის" პრევენცია შეიძლება ყურში ალკოჰოლისა და ძმრის თანაბარი მოცულობების ნაზავის წვეთების ჩაწვეთებით ცურვის წინ და შემდეგ. სასმენი მილების გაწმენდის მცდელობა ბამბის ტამპონებით ხელს უშლის თვითგაწმენდის პროცესს, შეიძლება სიღრმეში, დაფის აპკამდე შეიტანოს და იქ დააგროვოს უცხო ნივთიერებები ან საგნების ნაწილაკები. გარდა ამისა, მოხსენიებული დაზიანების და გარეთა ყურის ანთების მიზეზი შეიძლება გახდეს.

გავრცელებული გარეთა ყურის ანთების მკურნალობამდე ჯერ ყურიდან ინფიცირებული უცხო სხეულის ამოღებაა საჭირო შემწოვი ან მშრალი ბამბის ნაჭრით. სასმენი მილის გათავისუფლების შემდეგ სმენა ხშირად აღდგება ხოლმე. პაციენტს აწვეთებენ ძმრის და კორტიკოსტეროიდების (ჰიდროკორტიზონი) შემცველ ყურის წვეთებს, დღეში რამდენჯერმე, კვირის განმავლობაში. ძმარი სასარგებლოა, ვინაიდან ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს, აღადგენს ყურში ნორმალურ მჟავა გარემოს. საშუალოდ გამოხატული ან მწვავე ინფექციისას ინიშნება ანტიბიოტიკის წვეთებიც. თუ სასმენი მილი ძალიან შეშუპებულია, საჭიროა სასმენ მილში მცირე ზომის ტამპონის მოთავსება, რაც აადვილებს წვეთების შეღწევას.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, მაგალითად აცეტამინოფენი ან კოდეინი ამსუბუქებს ტკივილს პირველი 24-48 საათის განმავლობაში, სანამ ანთება არ დაიწყებს ჩაცხრობას. თუ ინფექცია ვრცელდება გარეთა სასმენი მილის მიღმა, დასალევი ანტიბიოტიკები ინიშნება.

ფურუნკულის მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის გავრცელების ხარისხზე. ადრეულ ეტაპზე მცირე ხნით შეიძლება სათბურა ბალიშისა და ანალგეზიური საშუალებების გამოყენება ტკივილის შესამცირებლად. სითბო აჩქარებს გამოჯანმრთელებას. თუ ფურუნკული მომწიფდა, თავი გაეხსნება და ჩირქი გადმოდინდება. ამის შემდეგაც ადგილობრივი ან დასალევი ანტიბიოტიკები ინიშნება.

ავთვისებიანი გარეთა ოტიტი

ავთვისებიანი გარეთა ოტიტი არის გარეთა ყურის ინფექცია, რომელიც გავრცელებულია თავის ქალას ძვლებზე და მოიცავს სასმენი არხის ნაწილს, შუა ყურს და შიგნითა ყურს (საფეთქლის ძვალს).

ავთვისებიანი გარეთა ყურის ანთება ძირითადად გვხვდება დაქვეითებული იმუნიტეტის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს შორის. გარეთა ყურის ინფექცია უფრო ხშირად გამოწვეულია Pseudomona-ს ბაქტერიით, ვრცელდება საფეთქლის ძვალზე, იწვევს მწვავე, სიცოცხლისთვის საშიშ დარღვევებს.

პაციენტს უეცრად ეწყება ყურის ტკივილი, გამონადენი ყურიდან, სმენის დაქვეითება.

დიაგნოზი ეფუძნება კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებს. ხშირად საჭიროა მცირე ზომის ქსოვილის ამოკვეთა სასმენი მილიდან დიაგნოზის დასაზუსტებლად და სიმსივნის გამოსარიცხად.

ავთვისებიანი გარეთა ყურის ანთების მკურნალობა ინტრავენური ანტიბიოტიკებით 6 კვირის განმავლობაში ტარდება.