ყურის სიმსივნე შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. სიმსივნის არსებობის დადგენა ვიზუალურად ხდება – წანაზარდის აღმოჩენისას ან სმენის დაქვეითების გამო ყურის გამოკვლევისას.
კეთილთვისებიანმა სიმსივნემ შეიძლება დაახშოს სასმენი მილი, გამოიწვიოს სმენის დაქვეითება და გოგირდის დაგროვება. კეთილთვისებიანი სიმსივნე წარმოდგენილია მცირე ზომის პარკებით, რომლებიც სავსეა ეპითელის ნაწილაკებით (ათერომები), ოსტეომებით (ძვლის სიმსივნე) და დაზიანების შემდეგ წარმოქმნილი ნაწიბუროვანი ქსოვილით (კელოიდები). ქირურგიული მკურნალობა ეფექტიანია. მკურნალობის შემდეგ სმენა, ჩვეულებრივ, აღდგება ხოლმე.
ბაზალური და ბრტყელუჯრედოვანი კიბო ყველაზე ხშირი კანის სიმსივნეა, რომელიც გარეთა ყურზე ვითარდება განმეორებადი და გახანგრძლივებული მზის ზემოქმედების შემდეგ. ამ ტიპის სიმსივნე წარმატებით შეიძლება იქნეს ნამკურნალები ქირურგიული ჩარევით ან სხივური თერაპიით. უფრო რთული ტიპის სიმსივნეების არსებობისას საჭირო ხდება ქირურგიული გზით გარეთა ყურის დიდი ნაწილის მოცილება.
ცერუმინომა (იმ უჯრედების სიმსივნე, რომლებიც გოგირდს გამოიმუშავებს) ვითარდება გარეთა სასმენი მილის ერთ მესამედში და შეიძლება გავრცელდეს. სიმსივნეს არაფერი აქვს საერთო გოგირდის წარმოქმნასთან. მკურნალობა ქირურგიულია – ამოიკვეთება სიმსივნე და მის გარშემო კანი.