სახის სხვა ძვლებთან შედარებით ყველაზე ხშირია ცხვირის ძვლების მოტეხილობა. მოტეხილობის დროს ამომფენი ლორწოვანი გარსი იხევა, რაც იწვევს სისხლდენას. ხშირად ცხვირის ძგიდე ერთ მხარესაა გადახრილი. შესაძლებელია ხრტილის გატეხაც. თუ სისხლი გროვდება ლორწოვანი გარსის ქვეშ ცხვირის ძგიდესთან, ამან შეიძლება ადგილობრივად უჯრედების კვდომაც გამოიწვიოს. მკვდარი უჯრედები კი იშლება და იწვევს ცხვირის დეფორმაციას.
ბლაგვი საგნით ტრავმის შემდეგ ცხვირიდან სისხლდენა, ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობის მატება ცხვირის მოტეხილობის მანიშნებელია. 2 საათში ერთხელ 15 წუთით ყინულის პაკეტების დადება, ტკივილგამაყუჩებლების (მაგალითად აცეტამინოფენი ან იბუპროფენი) მიღება, მაღალ სასთუმალზე ძილი – ხელს უწყობს ტკივილის კუპირებას და შეშუპებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
ლორწოვანი გარსი და სხვა რბილი ქსოვილები სწრაფად შუპდება, რაც ართულებს მოტეხილი მიდამოს აღმოჩენას, ამიტომ მდგომარეობის შეფასება საჭიროა ძალიან სწრაფად (პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში) ან მოგვიანებით – შეშუპების ჩაცხრომის შემდეგ, მანამდე, სანამ ძვლები დაფიქსირდება ახალ მდგომარეობაში. როგორც წესი, ცხვირის მოტეხილობის დიაგნოსტირება ხდება ხელის შეხებით: აღინიშნება ცხვირის ძვლის რეპოზიციის შეგრძნება, ძვლების პათოლოგიური მოძრაობა, მოტეხილი ძვლების ხელით შეგრძნება, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და შეშუპება. ძვლების ჩასასწორებლად რენტგენი შეიძლება არ იყოს საკმარისად ზუსტი კვლევა, გაცილებით მნიშვნელოვანია ექიმის მიერ ვიზუალური შეფასება და ხელით გასინჯვის შედეგი.
მოტეხილობის შემდეგ სპეციალისტები ჩვეულებრივ იცდიან 3-5 დღის მანძილზე, რათა ჩაცხრეს შეშუპება და გაადვილდეს ძვლების უკან დაბრუნება (რეპოზიცია). მოცდა ექიმებს უადვილებს, დაინახონ და შეიგრძნონ, როდის არიან იდეალურად განლაგებული მოტეხილი ნაწილები. უმეტესად ცხვირის მოტეხილობები კარგ პოზიციაშია და არ საჭიროებენ ჩასწორებას.
მოზრდილებში იყენებენ ადგილობრივ ანესთეზიას, რომელიც აბუჟებს კონკრეტულ მიდამოს. ბავშვებს კი აძლევენ საერთო ნარკოზს, რასაც მივყავართ ცნობიერების დროებით დაკარგვამდე. მოტეხილობის ჩასწორებამდე ლორწოვანზე მცირე ზომის განაკვეთის გაკეთებით დრენირდება ცხვირის ძგიდესთან დაგროვილი სისხლი, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ ჩასწორებისას არ მოხდეს ხრტილის დაზიანება. თითების დაჭერით ექიმები ძვლებს აბრუნებენ ნორმალურ პოზიციაში. ცხვირის შემდგომი ფიქსაცია ხდება გარეგანი არტაშანის დადებით. შესაძლებელია საჭირო გახდეს შიგნითა ტამპონადაც (სტენტირება). ინიშნება ანტიბიოტიკები ინფექციის რისკების შესამცირებლად. ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღდგება 6 კვირაში. ცხვირის ძგიდის შეხორცება რთულია და ხშირად მოითხოვს მოგვიანებით ქირურგიულ ჩარევასაც.