ცხვირის ძგიდის წყლული ან პერფორაცია შეიძლება გაჩნდეს ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ცხვირის ლორწოვანის თითით გაღიზიანების შედეგად ხდება განმეორებადი დაზიანება. პერფორაციას ასევე იწვევს კოსმეტიკური პირსინგი, ტოქსინების ზემოქმედება (როგორიცაა მჟავა, ქრომი, ფოსფორი და სპილენძი); ქრონიკულად ცხვირის სპრეის გამოყენება (მათ შორის კორტიკოსტეროიდები, ფენილეფრინი ან ოქსიმეტაზოლინის სპრეი); დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეპრა (კეთრი), ვეგენერის გრანულომატოზი და სიფილისი. კოკაინის ცხვირით ხშირი შესუნთქვა იწვევს ლორწოვანის დაწყლულებას და პერფორაციას, ვინაიდან ხდება ადგილობრივად სისხლის მიმოქცევის გაუარესება.
სიმპტომები მოიცავს ცხვირში ქერქის გაჩენას და ხშირ სისხლდენას. მცირე ზომის პერფორაციის მქონე პაციენტები სუნთქვისას გამოსცემენ მსტვინავ ხმას.
ბაციტრაცინის ან მუპიროცინის მალამო ამცირებს ქერქის წარმოქმნას, ისევე როგორც ფიზიოლოგიური სპრეები. პერფორაციის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტისთვის საკუთარი ქსოვილების გადანერგვა ცხვირის სხვა მიდამოდან ან ხელოვნური მემბრანით ჩანაცვლება, რომელიც დამზადებულია რბილი, ელასტიკური მასალისგან. პერფორაციების უმეტესობა არ საჭიროებს ჩარევას, სანამ სისხლდენა ან ცხვირში ფუფხის წარმოქმნა მნიშვნელოვანი პრობლემა არ გახდება.