რინიტი არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ან შეშუპება, რომელსაც ახასიათებს გამონადენი ცხვირიდან და გაჭედილობა, რაც გამოწვეულია გაციებით ან ალერგიით.
ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისას ყველაზე ხშირად ზიანდება ცხვირი. რინიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე რინიტი ხშირად გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, მაგრამ ასევე შეძლება იყოს ალერგიით ან სხვა გამომწვევით. ქრონიკული რინიტისას ჩვეულებრივ გვხვდება ქრონიკული სინუსიტიც (ქრონიკული რინოსინუსიტი).
მწვავე ვირუსული რინიტი: მწვავე ვირუსული რინიტს (გაციება) იწვევს სხვადასხვა სახის ვირუსები. სიმპტომებიდან აღსანიშნავია: გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, გაჭედილობა, პოსტნაზალური წვეთი, ხველა და დაბალი ტემპერატურა. ცხვირის გაჭედილობა შეიძლება მოიხსნას შეშუპების მოსახსნელი საშუალებების მეშვეობით, როგორიცაა ფენილეფრინი ნაზალური სპრეის სახით ან ფსევდოეფედრინი ორალურად. ეს მედიკამენტები იწვევენ ცხვირის ლორწოვანი გარსის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროებას (კონსტრიქციას). ცხვირის სპრეების გამოყენება შეიძლება მხოლოდ 3-4 დღე, ვინაიდან ამ დროის გასვლის შემდეგ, როდესაც წამლის ეფექტი გადის, ლორწოვანი კიდევ უფრო შუპდება. ამ ფენომენს მოხსნის ეფექტი ჰქვია. ანტიჰისტამინები ხელს უწყობს ცხვირიდან გამონადენის შემცირებას, მაგრამ იწვევს ძილიანობას და სხვა პრობლემებს, განსაკუთრებით ასაკიან პაციენტებში. ანტიბიოტიკები მწვავე ვირუსული რინიტისას არ გამოიყენება.
ალერგიული რინიტი: ალერგიული რინიტი გამოწვეულია ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციით გარე გამღიზიანებელზე. ყველაზე ხშირ გამღიზიანებელს მიეკუთვნება მტვერი, ობი, ყვავილის მტვერი, მცენარეები, ხეები და ცხოველები. სიმპტომები მოიცავს ქავილს, ცემინებას, გამონადენს ცხვირიდან, ცხვირის გაჭედილობას, ცრემლდენას. ალერგიული რინიტის დიაგნოსტირება ხდება პაციენტის ანამნეზსა და სიმპტომებზე დაყრდნობით. ხშირად გვხვდება ალერგიის ოჯახური ანამნეზი. უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღება შეიძლება სისხლის ან კანის ტესტების მეშვეობით.
გამღიზიანებლის თავიდან არიდებით შესაძლებელია სიმპტომების პრევენცია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა. ნაზალური სტეროიდები ამცირებენ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ანთებით პროცესს და უსაფრთხოა მათი ხანგრძლივი გამოყენება. ანტიჰისტამინურები პრევენციას უწევენ ალერგიულ რეაქციას და, შესაბამისად, სიმპტომებს. ისინი აშრობენ ლორწოვან გარსს, მაგრამ ბევრი მათგანი ასევე იწვევს ძილიანობას და სხვა პრობლემებს, განსაკუთრებით ასაკიან პაციენტებში. ახალი თაობის ანტიჰისტამინებს არ აქვთ მსგავსი გვერდითი ეფექტები, მაგრამ გაიცემა რეცეპტით. ალერგენების ინექციები (დესენსიბილიზაცია) ეხმარება ხანგრძლივი ტოლერანტობის ჩამოყალიბებას სპეციფიკური გამღიზიანებლის მიმართ, მაგრამ სრულყოფილი ეფექტის მისაღებად შეიძლება დასჭირდეს თვეები ან წლები. ანტიბიოტიკები ალერგიული რინიტის სიმპტომებს არ ამცირებს.
ქრონიკული რინიტი: ქრონიკული რინიტი, როგორც წესი, გახანგრძლივებული რინიტია – გამოწვეული ანთებით ან ინფექციით. თუმცაღა ის ასევე შეიძლება გამოვლინდეს სხვა დაავადებების დროსაც, როგორიცაა სიფილისი, ტუბერკულოზი, რინოსკლერომა (კანის დაავადება რომელიც ძალიან რთულად მიმდინარეობს, ქსოვილებზე ხდება ზეწოლა, რაც პირველ რიგში, ცხვირის მიდამოში ვლინდება), რინოსპორიდიოზი (ცხვირის ინფექცია, რომელიც ხასიათდება სისხლმდენი პოლიპებით), ლეიშმანიოზი, ბლასტომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი, ლეპროზი (კეთრი) – ყველა მათგანი ხასიათდება ანთებითი დაზიანების ჩამოყალიბებით (გრანულომა) და რბილი ქსოვილების, ხრტილისა და ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციით. ქრონიკული რინიტი იწვევს ცხვირის ობსტრუქციას, ჩირქოვან გამონადენს ცხვირიდან და ხშირ სისხლდენას.
ქრონიკული რინიტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს როგორც ნაკლებად დატენიანებული ჰაერი, ასევე აეროალერგენები. შეშუპების მომხსნელი საშუალებები ამცირებენ სიმპტომებს. ნებისმიერი თანმხლები ბაქტერიული ინფექცია მოითხოვს კულტივირებას (ნიმუშიდან მიკროორგანიზმების გაზრდა ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ან სოკოს გამოსავლენად) ან ბიოფსიას (ქსოვილის ნიმუშის გამოკვლევა მიკროსკოპის ქვეშ) და შესაბამის მკურნალობას.
ატროფიული რინიტი: ატროფიული რინიტი არის ქრონიკული რინიტის ფორმა, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსი თხელდება (ატროფირდება) და უხეშდება, რაც იწვევს ცხვირის გასავლების გაგანიერებას (დილატაციას) და სიმშრალეს. ატროფია ხშირია ასაკიან პაციენტებში. ნორმაში ცხვირის ლორწოვან გარსში გვხვდება უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ლორწოს და აქვთ ბუსუსები, რაც იცავს მტვრის ნაწილაკებისგან. ატროფიული რინიტის დროს ეს უჯრედები ჩანაცვლდება უჯრედებით, რომლითაც ჩვეულებრივ დაფარულია კანის საფარველი. დაავადება ხშირად ვითარდება იმ პაციენტებში, ვისთანაც სინუსებზე ქირურგიული მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვანი რაოდენობით ინტრანაზალური სტრუქტურები და ლორწოვანი გარსი იქნა მოცილებული. ასევე ერთ-ერთი გამომწვევია ცხვირის ლორწოვანის გახანგრძლივებული ბაქტერიული ინფექცია.
ცხვირის შიგნითა ზედაპირზე წარმოიქმნება ქერქი და არასასიამოვნო სუნი. შეიძლება იყოს განმეორებადი ძლიერი სისხლდენები, რაც იწვევს ყნოსვის შეგრძნების დაკარგვას (ანოსმია).
მკურნალობა მიმართულია ფუფხების წარმოქმნის, სუნის გაქრობის და ინფექციის შემცირებისკენ. ადგილობრივი ანტიბიოტიკები, როგორიცაა ბაციტრაცინი, გამოიყენება ცხვირის შიგნით ბაქტერიის გასანადგურებლად. ესტროგენების, ვიტამინების A და D-ს გამოყენება სპრეის სახით ან ორალურად მისაღებად, ამცირებენ ქერქის წარმოქმნას ლორწოვანის სტიმულირების ხარჯზე. ასევე ინიშნება სხვა ანტიბიოტიკები პერორალურად ან ინტრავენურად. ქირურგიულად ცხვირის გასავლების შევიწროებამ შეიძლება შაემციროს ქერქის წარმოქმნის რისკი, რადგანაც მცირდება ჰაერის ნაკადი, რომელიც აშრობს ლორწოვან გარსს.
ვაზომოტორული რინიტი: ვაზომოტორული რინიტი არის ქრონიკული რინიტის ფორმა. ცხვირის გაჭედვა, ცემინება და გამონადენი ცხვირიდან – გავრცელებული ალერგიული სიმპტომებია – წარმოიქმნება, როცა თითქოსდა არ არის ალერგია. პაციენტების ნაწილში ცხვირი რეაგირებს უფრო მკვეთრად გამღიზიანებელზე (მაგალითად, ოთახისა და ყვავილის მტვერი) სუნამო და დაბინძურებული გარემო. დაავადება შეიძლება გამწვავდეს ან ალაგდეს, მაგრამ მშრალი ჰაერი სიმპტომებს აუარესებს. შეშუპებული ლორწოვანი გარსი მერყეობს ღია წითელი ფერიდან იასამნისფრამდე. ხანდახან თან ახლავს სინუსების მსუბუქი ანთებაც. თუ მდგომარეობა ქრონიკულია, შეიძლება გახდეს საჭირო ცხვირის ენდოსკოპია ან სინუსების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) . თუ სინუსების ანთება არ არის მწვავე, მკურნალობა მოიცავს სიმპტომების შემსუბუქებას. თამბაქოსა და გამღიზიანებლისგან თავის არიდება და ცენტრალური გათბობისას ჰაერის დატენიანება ან ორთქლით დატენიანება ასევე ძალზე ეფექტურია.