ყნოსვისა და გემოვნების დარღვევები | მკურნალი.გე
  1. ყნოსვისა და გემოვნების დარღვევები
  2. ცხვირი, სინუსები და გემოვნების დარღვევები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ყნოსვისა და გემოვნების დარღვევები

  • ყნოსვა შეიძლება დაიკარგოს დროებით, მწეველებში ან გაციებულ ან სეზონური ალერგიის მქონე პაციენტებში;

  • ყნოსვა შეიძლება დაიკარგოს დროებით თავის ტრავმის შემდეგ;

  • გემოვნების დაკარგვა შეიძლება გამოწვეული იყოს მდგომარეობებით, რაც იწვევს ძლიერ პირის სიმშრალეს;

  • ექიმები განსაზღვრავენ ყნოსვას ზოგადი არომატიზატორების მეშვეობით;

  • გემოვნების გამოსაკვლევად იყენებენ ტკბილ, მარილიან, მჟავე და მწარე ნივთიერებებს;

  • ინფექციას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, ხსნიან ბლოკადას, მაგრამ შესაძლებელია ყნოსვის აღდგენა მაინც არ მოხდეს.

ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა იშვიათად წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას, ამიტომ შეიძლება არ მოხდეს პაციენტისადმი დროული ყურადღების მიქცევაც. თუმცა დაავადება ძალიან გამაღიზინებელია, რადგანაც ის ხელს უშლის საკვების და სასმლისგან სიამოვნების მიღების შეგრძნების აღქმას. გარდა ამისა, ადამიანი, რომელსაც არ აქვს ყნოსვა და გემოვნება, ვერ ამოიცნობს პოტენციურად საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, რასაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ხანდახან ყნოსვის და გემოვნების დარღვევა უკავშირდება ისეთ სერიოზულ დაავადებას, როგორიცაა სიმსივნე.

ყნოსვა და გემოვნება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. გემოვნების რეცეპტორები, რომელიც მოთავსებულია ენაზე, აღიქვამს გემოს. ხოლო ნერვები, რომელიც ცხვირის ღრუშია – სუნს. ორივე შეგრძნება გადაეცემა თავის ტვინს, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას ისე, რომ ამოიცნობს და აფასებს არომატებს. ისეთი გემოების ამოცნობა, როგორიცაა მარილიანი, მწარე, მჟავე და ტკბილი – შესაძლებელია ყნოსვის გარეშეც. თუმცაღა უფრო რთული კომპლექსური არომატების (როგორიცაა ჟოლო) ამოსაცნობად საჭიროებს ორივეს – ყნოსვასაც და გემოვნებასაც.

ყნოსვის დაქვეითება (ჰიპოსმია) და დაკარგვა (ანოსმია) არის ყველაზე ხშირი დარღვევა. ერთი გემოს გარჩევა მეორისგან, უმეტესად, დამოკიდებულია ყნოსვაზე. პაციენტები ხშირად ამჩნევენ ყნოსვის დაქვეითებას მაშინ, როდესაც საკვები უგემური ეჩვენებათ.

მიზეზები

ყნოსვა: ცხვირის ღრუში მიმდინარე პროცესებმა, თავის ტვინთან დამაკავშირებელმა ნერვებმა ან ტვინში მიმდინარე ცვლილებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ყნოსვის შეგრძნების უნარზე. მაგალითად, თუ დახურულია ცხვირის გასავლები გაციების გამო, ყნოსვის შეგრძნება შეიძლება დაქვეითდეს, ვინაიდან სუნი ვერ აღწევს რეცეპტორებამდე (ცხვირის ლორწოვან გარსში მდებარე ნერვული დაბოლოებები). ყნოსვის შეგრძნება გავლენას ახდენს გემოვნებაზეც, რის გამოც გაციებულ პაციენტებში გემო არ არის შესაბამისი და ყნოსვის რეცეპტორები დროებით ზიანდება გრიპის ვირუსისას. პაციენტების ნაწილში ყნოსვისა და გემოს დაკარგვა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდეც, გრიპის შეტევის შემდეგ, იშვიათად, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა ხდება მუდმივი. პოლიპები, სიმსივნე და ცხვირის სხვა ინფექციები, სეზონური ალერგიები (ალერგიული რინიტი) და მოწევა (თამბაქოს) გავლენას ახდენს ყნოსვაზე. ხანდახან სინუსების სერიოზული ინფექცია ან სიმსივნის გამო ჩატარებული რადიაციული თერაპია იწვევს ყნოსვისა ან გემოს დაკარგვას, რომელიც გრძელდება თვეების მანძილზე ან შეიძლება გახდეს მუდმივიც. ამ მდგომარეობებისას ზიანდება ყნოსვის რეცეპტორები.

ყნოსვის მუდმივად დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზია თავის ტრავმა, რომელიც შეიძლება მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევისას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ზიანდება ყნოსვის ნერვები – წყვილი კრანიალური ნერვები, რომლებიც აკავშირებს ყნოსვის რეცეპტორებს თავის ტვინთან. ცხვირის ღრუს საფარს წარმოქმნის ძვალი (ცხავისებრი ძვლის საცრისებრი ფირფიტა) რაც გამოყოფს თავის ტვინსა და ცხვირის ღრუს. ყნოსვის ნერვის დაზიანება შეიძლება ასევე გამოიწვიოს ძვლის დაზიანებამ, ინფექციამ (მაგალითად აბსცესი) ან სიმსივნემ ძვლის ახლოს.

ალცჰაიმერის დაავადებამ და თავის ტვინის სხვა დეგენერაციულმა დაავადებებმა შეიძლება დააზიანოს ყნოსვის ნერვი, რაც იწვევს ყნოსვის დაკარგვას. ძალიან მცირე რაოდენობის ხალხი იბადება ყნოსვის შეგრძნების გარეშე.

სუნის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (ჰიპეროსმია) კიდევ უფრო იშვიათია, ვიდრე ყნოსვის დაკარგვა. ხშირად ორსული ქალები ხდებიან ჰიპერმგრძნობიარენი ყნოსვის მიმართ. ჰიპეროსმია შეიძლება იყოს ფსიქოსომატურიც. ფსიქოსომატური ჰიპეროსმია უფრო მეტად ვითარდება გარკვეული ფსიქოტიპის პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ დრამატული ხასიათი და ყურადღების მიქცევის მოთხოვნილება.

გარკვეულმა დაავადებებმა შეიძლება შეცვალოს ყნოსვის შეგრძნება, რაც ხდის უვნებელ სუნებს არასასიამოვნოს (მდგომარეობას ეწოდება დისოსმია). ეს დაავადებები მოიცავს შემდეგს:

  • სინუსების ინფექცია

  • ყნოსვის ნერვის ნაწილობრივი დაზიანება

  • პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა

  • პირის ღრუს ინფექცია

  • დეპრესია

  • ვირუსული ჰეპატიტი, რომელიც იწვევს დისოსმიას – მას მივყავართ გულისრევამდე, რომელსაც ზოგადად უსაფრთხო სუნები იწვევენ

თუ კრუნჩხვები აღმოცენდება თავის ტვინის იმ მიდამოში, სადაც სუნებია დამახსოვრებული (საფეთქლის წილის ცენტრალური მიდამო), ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მგზნებარე, არასასიამოვნო სუნების ხანმოკლე, ცრუ შეგრძნებები (ყნოსვითი ჰალუცინაციები). ეს სუნები ნაწილია ინტენსიური შეგრძნებისა, რომ კრუნჩხვის შეტევა სადაცაა დაიწყება (ეწოდება აურა) და არ მიუთითებს ყნოსვით დარღვევებზე. ჰერპეს ვირუსით გამოწვეულმა თავის ტვინის ინფექციამ (ჰერპეს ენცეფალიტი) შეიძლება ასევე გამოიწვიოს ყნოსვითი ჰალუცინაციები.

გემოვნება: გემოს შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოგეზია) ან გემოს დაკარგვა (აგეზია) ხშირად გამოწვეულია მდგომარეობებით, რომლებიც გავლენას ახდენს ენაზე. როგორც წესი, ამ დროს ძალიან მშრალი პირია. ასეთ მდგომარეობას მიეკუთვნება შეგრენის სინდრომი. ასევე მნიშვნელოვანია აქტიური მწეველობა (განსაკუთრებით ჩიბუხით მოწევა), თავსა და კისერზე სხივური თერაპია და მედიკამენტების გამოყენება (მათ შორის, ანტიჰისტამინების და ანტიდეპრესანტ ამიტრიპტილინის). კვებითი დეფიციტი, როგორიცაა თუთიის, სპილენძის და ნიკელის დონის დაქვეითება, ცვლის როგორც გემოს, ასევე ყნოსვის შეგრძნების უნარს.

ბელის (Bell’s) დამბლის დროს გემოს შეგრძნება ენის ცალი მხრის წინა ორ მესამედში ირღვევა (მხარე დამოკიდებულია დამბლაზე). მაგრამ ეს მდგომარეობა შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი, რადგან გემოს შეგრძნება ნორმალური ან მომატებულია ენის დანარჩენ ნაწილში. ენის დამწვრობამ დროებით შეიძლება დააზიანოს გემოვნების რეცეპტორები. ასევე ნევროლოგიურმა დარღვევებმა, მათ შორის დეპრესიამ და კრუნჩხვებმა გააუარესოს გემოს აღქმა.

გემოვნების შეცვლა (დისგეზია) შეიძლება გამოწვეულ იქნეს ღრძილების ანთებით (გინგივიტი) და ბევრი სხვა მდგომარეობით, რაც იწვევს გემოს ან ყნოსვის დაკარგვას, მათ შორის არის დეპრესია და კრუნჩხვები. გემოს შეგრძნება შეიძლება განადგურდეს შემდეგი მედიკამენტებისგან:

  • ანტიბიოტიკები

  • ანტიკონვულსანტები

  • ანტიდეპრესანტები

  • გარკვეული ქიმიოთერაპიული მედიკამენტები

  • შარდმდენები

  • ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები

  • ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები

დიაგნოზი

ყნოსვის სადიაგნოსტიკოდ ექიმები იყენებენ ჩვეულებრივ არომატულ სუბსტანციებს, (როგორიცაა საპონი, ვანილი, ყავა და მიხაკი) მიაქვთ პაციენტის ცხვირთან, ცალ-ცალკე თითოეულ ნესტოსთან. შემდეგ სთხოვენ რომ გამოიცნოს სუნი. ყნოსვა შეიძლება შემოწმდეს უფრო ფორმალურადაც სტანდარტული ტესტ-კომპლექტებით. გემოვნება შეიძლება შემოწმდეს შემდეგი სუბსტანციების გამოყენებისას; ტკბილი (შაქარი), მჟავე (ლიმონის წვენი), მარილიანი (მარილი) და მწარე (ასპირინი, ქინინები და ალოე).

ვიწრო სპეციალისტი და სტომატოლოგი ამოწმებენ პირის ღრუსა და გასავლებს პათოლოგიების – ინფექციისა და სიმშრალის – აღმოსაჩენად. თუ მიზეზი გაურკვეველია, საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT), რათა ინახოს სტრუქტურული ცვლილებები (როგორიცაა სიმსივნე, აბსცესი ან მოტეხილობა) ცხავისებურ ფირფიტასთან ახლოს.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია გემოსა და ყნოსვის დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე. მაგალითად, სინუსურ ინფექციას და მგრძნობელობის გაზრდას შესაძლოა ვუმკურნალოთ ორთქლის ინჰალაციით, ცხვირის სპრეებით, ანტიბიოტიკებით და ხანდახან ქირურგიულადაც. უნდა აღდგეს კვებითი დეფიციტი. სიმსივნე ქირურგიულად უნდა მოიკვეთოს ან ვუმკურნალოთ სხივური თერაპიით, მაგრამ ასეთი ტიპის მკურნალობა, როგორც წესი, არ აღადგენს ყნოსვის შეგრძნებას.

ცხვირის პოლიპების ამოკვეთის შემდეგ ხშირად აღდგება ყნოსვა. მწეველებმა თავი უნდა დაანებონ მოწევას. სხვა რეკომენდაციები მოიცავს:

  • მედიკამენტების შეცვლას ან შეწყვეტას

  • პირის ღრუს მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად საწუწნი კანფეტების ხშირ გამოყენებას

  • პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესებას

  • რამდენიმე კვირა მოცდას, რათა ინახოს, გაქრება თუ არა გამომწვევი მიზეზი (მაგალითად, გაციება)

თუთიის დანამატები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია ურეცეპტოდ, ზოგჯერ ეფექტურია, განსაკუთრებით ყნოსვის და გემოვნების გაუკუღმართებისას ან გემოვნების დაქვეითებისას, როდესაც გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.