შუახნის ასაკში თვალის ბროლის დრეკადობა მცირდება და მას გასქელება, გამოდრეკა ისე კარგად აღარ შეუძლია, შესაბამისად, ქვეითდება ახლოს მდებარე საგნებზე მზერის ფოკუსირების უნარიც. ამას პრესბიოპია ეწოდება. ასეთი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია საკითხავი სათვალის ან ბიფოკალური ლინზების გამოყენებით.
ხანში შესულებში სკლერაც (თვალის თეთრი გარსი) განიცდის ცვლილებებს: იგი მოყვითალო ან მოყავისფრო შეფერილობას იღებს ულტრაიისფერი სხივების, ქარისა და მტვრის მრავალწლიანი მოქმედების გამო; ზედ ჩნდება პიგმენტური ლაქები (უფრო ხშირია მუქკანიან ადამიანებში) და მოცისფრო ელფერი, რაც სკლერის გამჭვირვალობის მატებითაა გამოწვეული.
კონიუნქტივის ლორწოს გამომყოფი უჯრედების რაოდენობა მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. ცრემლის წარმოქმნაც ქვეითდება, შესაბამისად თვალის ზედაპირის სინოტივის შესანარჩუნებლად ნაკლები სითხე გამოიყოფა. ამ ცვლილებებით აიხსნება ის, თუ რატომ აწუხებთ ხანში შესულებს თვალების სიმშრალე უფრო ხშირად.
ასაკოვან ადამიანებში რქოვანას კიდესთან ჩნდება მოთეთრო-მონაცრისფრო სენილური რკალი (კალციუმისა და ქოლესტეროლის მარილების ნალექი). იგი ხშირად გვხვდება 60 წლის ზემოთ. სენილური რკალი მხედველობას ხელს არ უშლის.
ბადურას ზოგი დაავადება უფრო გავრცელებულია ხანში შესულებში, მათ შორის მაკულარული დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია და ბადურას ჩამოცლა. ამ ასაკში თვალის სხვა დაავადებები, მაგ. კატარაქტაც შედარებით ხშირდება.
ქუთუთოების დამხურავი კუნთების ძალა მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. ძალის დაქვეითება, მიზიდულობის ძალის მოქმედებასა და ქუთუთოების ასაკობრივ მოდუნებასთან ერთად, ზოგჯერ ქვედა ქუთუთოს კიდის გადმობრუნებას იწვევს, რასაც ექტროპიონი ეწოდება. ზოგ ხანში შესულს აღენიშნება თვალბუდის გარშემო არსებული ცხიმოვანი ქსოვილის განლევა, რის გამოც თვალის კაკალი ღრმად იძირება. ქუთუთოების მოდუნების გამო თვალბუდის ცხიმმა შესაძლოა წინ გადმოიწიოს, რის გამოც მათ მუდმივად შეშუპებული შესახედაობა აქვთ.
გუგის ზომის მარეგულირებელი კუნთებიც სუსტდება ასაკის მატებასთან ერთად. გუგები ვიწროვდება, უფრო ნელა რეაგირებს სინათლეზე და სიბნელეშიც უფრო ნელა ფართოვდება. შესაბამისად, 60 წლის მერე ადამიანები ზოგჯერ უჩივიან, რომ საგნები ისე კარგად განათებული არ ჩანს, ან გარეთ, დღის შუქზე გასვლისას თავდაპირველად თვალს სჭრით სინათლე (ამას იწვევს წინიდან მომავალი ავტომობილის ფარების შუქიც ღამით მანქანის ტარებისას) და უჭირთ დანახვა პირიქით, განათებული ადგილიდან სიბნელეში შესვლის შემდეგაც. ეს ცვლილებები განსაკუთრებით შემაწუხებელი შეიძლება იყოს, თუკი ადამიანს კატარაქტაც აქვს.
ასაკის მატებას სხვა თავისებურებებიც ახასიათებს თვალის ფუნციონირების მხრივ. მხედველობის სიმახვილე მცირდება საუკეთესო სათვალის გამოყენების შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით კი კატარაქტის, მაკულარული დეგენერაციის ან მძიმე გლაუკომის არსებობისას. ბადურაზე სინათლის ნაკლები რაოდენობა ხვდება, რის გამოც უკეთ დასანახად ადამიანებს უფრო კარგი განათება და მეტი კონტრასტი სჭირდებათ საგნებსა და ფონს შორის. ხანში შესულებში ასევე უფრო იმატებს მცურავი შავი წერტილების რაოდენობა მხედველობის ველში, თუმცა, ისინი, როგორც წესი, მნიშვნელოვნად არ უშლის ხელს მხედველობას.