სალმონელურ ინფექციებს იწვევს გრამ-უარყოფითი ბაქტერია – Salmonella.
სალმონელას ორი სახე იწვევს ტიფურ ცხელებას: სალმონელა ტიფი და სალმონელა პარატიფი. სალმონელა ტიფი სახლობს მხოლოდ ადამიანებში. სალმონელა პარატიფი სახლობს ძირითადად ადამიანებში, მაგრამ ზოგჯერ შინაურ ცხოველებშიც. სალმონელას სხვა სახეობები ჩვეულებრივ, სახლობენ ბევრი შინაური და გარეული ცხოველის (როგორებიცაა ძროხა, ცხვარი, ღორი, ფრინველები და ქვეწარმავლები, მათ შორის გველები, ხვლიკები და კუები) საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მათ უმეტესობას შეუძლია ადამიანში ინფექციის გამოწვევა. ერთ-ერთი სახეობა, სალმონელა ენტერიტიდი, სალმონელური ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სალმონელას ბაქტერია გამოიყოფა დაინფიცირებული ადამიანებისა და ცხოველების განავალთან ერთად, რაც იწვევს დაბინძურებას. 1970-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ინფექცია გავრცელდა შინაური კუების მეშვეობით, ამიტომ შეიზღუდა მათი გაყიდვა, რამაც გამოწვია ინფექციების რაოდენობის შემცირება. დღესდღეობით, ქვეწარმავლებით ვაჭრობა, როგორც კანონიერი, ასევე არაკანონიერი, გახშირდა. შინაური ქვეწარმავლების დაახ. 90% დაინფიცირებულია სალმონელათი.
ადამიანები ინფიცირდებიან შინაური ფრინველების ცუდად მოხარშული ხორცით ან კვერცხით კვების დროს, თუმცა ზოგჯერ, დაინფიცირება შეიძლება მოუხარშავი ან ცუდად მოხარშული ძროხის ან ღორის ხორცით, არაპასტერიზებული ყოველდღიური გამოყენების პროდუქტებით ან ბაქტერიით დაბინძურებული ზღვის პროდუქტებით ან ბოსტნეულით. სალმონელას ბაქტერიას შეუძლია ქათმის საკვერცხეების დაინფიცირება და შესაბამისად – კვერცხის დაინფიცირებაც, მის დადებამდე. სხვა საკვები შეიძლება დაბინძურდეს ცხოველის განავლით (მაგ. ცხოველების სასაკლაოზე) ან დაინფიცირებული საკვების გამყიდველებისგან, რომლებიც საპიფარეშოს გამოყენების შემდეგ შესაბამისად არ იბანენ ხელებს.
იმის გამო, რომ კუჭის წვენი მიდრეკილია სალმონელას განადგურებისკენ, მიღებულ უნდა იქნას ამ ბაქტერიების დიდი რაოდენობა იმისთვის, რომ განვითარდეს ინფექცია. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც ადამიანს აქვს კუჭის წვენის ნაკლებობა. ასეთი ნაკლებობა შეიძლება განვითარდეს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოხუც ადამიანებში და ადამიანებში, რომლებიც იღებენ ანტაციდებს ან სხვა პრეპრატებს, რომლებიც ამცირებენ კუჭის წვენის წარმოქმნას. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ჰისტამინ-2-ის (H2) ბლოკერები (როგორიცაა რანიტიდინი) ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (როგორიცაა ომეპრაზოლი).
ბაქტერიები იწვევენ ნაწლავების ანთებას (გასტროენტერიტი) და შესაბამისად, წარმოადგენენ ფაღარის ხშირ მიზეზს. ზოგჯერ ბაქტერიები შედიან სისხლის მიმოქცევაში (იწვევენ ბაქტერიემიას), ვრცელდებიან და იწვევენ ინფექციების ან ჩირქგროვების (აბსცესები) განვითარებას შორეულ ადგილებში, როგორიცაა მაგ. ძვლები, სახსრები, საშარდე ტრაქტი და ფილტვები. ბაქტერიები შეიძლება დაგროვდნენ და გამოიწვიონ ინფექცია ხელოვნურ სახსრებსა (პროთეზები) ან გულის სარქვლებზე, გადანერგილ სისხლძარღვებსა ან სიმსივნეზე. შესაძლოა დაინფიცირდეს არტერიების ამომფენი ლორწოვანი, განსაკუთრებით კი აორტის (სხეულის ყველაზე მსხვილი არტერია). აბსცესებმა და დაინფიცირებულმა არტერიებმა შესაძლოა გამოიწვიონ ქრონიკული ბაქტერიემია. ალბათობა იმისა, რომ ინფექცია გარცელდება სისხლის მიმოქცევით, დიდია ადამიანების შემდეგ ჯგუფებში:
როდესაც ინფიცირდება ნაწლავები, სიმპტომები ჩვეულებრივ, ჩნდება ბაქტერიის გადაყლაპვიდან 12-48 საათში. ვითარდება გულისრევა და მუცლის სპაზმური ტკივილი, რომელთაც მალევე მოჰყვება წყლიანი ფაღარათი, ცხელება და ღებინება. სიმპტომები ქრება ერთი კვირის განმავლობაში. სიმპტომების გავლიდან დიდი ხნის შემდეგ, ადამიანების მცირე რაოდენობა აგრძელებს განავლით ბაქტერიების გამოყოფას. ასეთ ადამიანებს ეწოდებათ მტარებლები.
ფაღარათის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ მოზრდილების დაახ. 30%-ს უვითარდება რეაქტიული ართრიტი. ეს დაავადება იწვევს ტკივილსა და შეშუპებას, ძირითადად მენჯ-ბარძაყში, მუხლსა და აქილევსის მყესში (რომელიც აკავშირებს ქუსლის ძვალს წვივის კუნთთან).
სხვა სიმპტომები ჩნდება, თუ ვითარდება ბაქტერიემია და ინფექცია ვრცელდება. მაგ. თუ მოხდა ძვლის დაინფიცირება, მის ზემოთ მდებარე ადგილი ხშირად რბილი ან მტკივნეულია. თუ დაინფიცირდა გულის სარქველი, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს სუნთქვის უკმარისობა. თუ დაინფიცირებულია აორტა, შესაძლოა გაჩნდეს ზურგისა და მუცლის ტკივილი.
ექიმები იღებენ განავლის, ჩირქის ან სისხლის ნიმუშს ან იღებენ ნაცხს ნაწლავიდან, ნიმუშის მოპოვების მიზნით. ნიმუშს აგზავნიან ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის (კულტივირება) მიზნით. ნიმუშში ბაქტერიის აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს.
ნაწლავურ ინფექციას მკურნალობენ დასალევი სითხეებით, უფრო მწვავე ინფექციის დროს კი სითხეებს ინტრავენურად უსხამენ.
ანტიბიოტიკები არ ამცირებენ გამოჯანმრთელების პერიოდს და შეიძლება გამოიწვიონ ბაქტერიის განავლით უფრო დიდხანს გამოყოფა. ამის გამო, ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკებს არ გამოიყენებენ. თუმცა, ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ბაქტერიემიის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ ან რომელთაც აქვთ ჩადგმული მოწყობილობა ან მასალები (როგორიცაა, მაგ. ხელოვნური სახსარი, ან გულის სარქველი, ან გადანერგილი სისხლძარღვი), ეძლევათ ანტიბიოტიკები. მათ შესაძლოა მიეცეთ ციპროფლოქსაცინი ან აზითრომიცინი 1 კვირის განმავლობაში. ანტიბიოტიკები ეძლევათ ადამიანებს, რომლებიც სიმპტომების გაქრობის შემდეგ ბაქტერიების განავლით გამოყოფას აგრძელებენ.
ადამიანებს ბაქტერიემიით უკეთდებათ ინტრავენური ციპროფლოქსაცინი ან ცეფტრიაქსონი 2 კვირის განმავლობაში.
კეთდება აბსცესების ქირურგიული დრენირება და ადამიანებს ეძლევათ ანტიბიოტიკები 4 კვირის განმავლობაში.
თუ დაინფიცირდა აორტა, გულის სარქველი ან სხვა ადგილები (მაგ. სახსრები), საჭიროა ქირურგიული ჩარევა და ანტიბიოტიკების კვირების ან თვეების განმავლობაში მიცემა.
ტიფური ცხელება (ნაწლავური ცხელება) გამოწვეულია ბაქტერია სალმონელა ტიფით ან მასთან მონათესავე ბაქტერია – სალმონელა პარატიფით.
ტიფური ცხელება ხშირია განვითარებად ქვეყნებში (ძირითადად ინდოეთის სუბკონტინენტზე, ფილიპინებზე და ლათინურ ამერიკაში), სადაც სანიტარული ნორმები ცუდად არის დაცული. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობაში დაავადება შეძენილია ამ ქვეყნებში მოგზაურობის დროს.
სალმონელა ტიფი გვხვდება მხოლოდ ადამიანებში. დაინფიცირებული ადამიანები გამოყოფენ ბაქტერიას განავლით და იშვიათად, შარდით. დაინფიცირებული ადამიანების მცირე რაოდენობას უვითარდება ნაღვლის ბუშტის ან საშარდე ტრაქტის ქრონიკული ინფექცია. ისინი აგრძელებენ ბაქტერიების განავლით ან შარდით გამოყოფას, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიმპტომები აღარ აქვთ. ასეთ ადამიანებს ეწოდებათ მტარებლები. შესაბამისად, მათ არ იციან, რომ შეუძლიათ ინფექციის გავრცელება. მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთმა ასეთმა ქალბატონმა, მზარეულმა მერი მელონმა, გადასდო ტიფური ცხელება ბევრ ადამიანს და ის ცნობილი გახდა, როგორც ტიფური მერი.
როდესაც დეფეკაციის ან მოშარდვის შემდეგ ხელებს სათანადოდ არ იბანენ, ბაქტერიებმა შესაძლოა დააბინძურონ საკვები და სასმელი. შეიძლება დაბინძურდეს სასმელი წყალიც, როდესაც ჩამდინარე წყლები შესაბამისად არ კონტროლდება. ბაქტერია შესაძლოა პირდაპირ გავრცელდეს განავლიდან საჭმელზე ბუზების მეშვეობით.
როგორც სალმონელას სხვა ბაქტერიების შემთხვევაში, ადამიანმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ბაქტერია, რომ განვითარდეს ინფექცია. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც იმუნური სისტემის ფუნქციონირება დარღვეულია ან ადამიანებს აქვთ კუჭის წვენის ნაკლებობა.
ბაქტერიები ვრცელდებიან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლის მიმოქცევაში (იწვევენ ბაქტერიემიას) და მათ შესაძლოა დააინფიცირონ სხვა შორსმდებარე ორგანოები, როგორიცაა მაგ. ღვიძლი, ელენთა, ნაღვლის ბუშტი, ფილტვები (იწვევენ პნევმონიას), სახსრები (იწვევენ ინფექციურ ართრიტს), თირკმლები (იწვევენ პიელონეფრიტს), გულის სარქვლები (იწვევენ ენდოკარდიტს), სასქესო ორგანოები, თავისა და ზურგის ტვინის მფარავ ქსოვილებში არსებული სივრცე (იწვევენ მენინგიტს) და ძვალი (იწვევენ ოსტეომიელიტს).
ჩვეულებრივ, ინფექციიდან დაახლ. 8-14 დღეში (30 დღემდე) ვითარდება გრიპისმაგვარი დაავადება. ადამიანებს ეწყებათ ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი და მშრალი ხველა. მათ შესაძლოა დაკარგონ მადა. რამდენიმე დღის შემდეგ ტემპერატურა აღწევს პიკს – 39-40ºC (103-104ºF). გულისცემა ხშირად ნელია, ადამიანები გრძნობენ დაღლილობას და მათ შესაძლოა განუვითარდეთ დელირიუმი. მეორე კვირის განმავლობაში პაციენტთა 10%-ში ვითარდება გამონაყარი ბრტყელი, მოვარდისფრო ლაქების სახით. ადამიანებს თავდაპირველად შესაძლოა ჰქონდეთ შეკრულობა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა გაჩნდეს ფაღარათი. დაავადებულთა 5%-ზე ნაკლებში ნაწლავი იხვრიტება (პერფორაცია) ან სისხლმდენია. თუ ინფექცია გავრცელდა სხვა ორგანოებზე, შესაძლოა განვითარდეს იმ ინფექციების სიმპტომებიც.
მკურნალობის გარეშე ადამიანებს შესაძლოა ცხელება ჰქონდეთ 3-4 კვირის განმავლობაში. პირველადი განკურნების შემდეგ მათ 20%-ს შესაძლოა განუვითარდეს რეციდივი, ხოლო 20% შესაძლოა დაიღუპოს. იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც იღუპება, იკვებება ცუდად, არის ძალიან ახალგაზრდა ან ძალზე ხანშესული. სტუპორი (რეაქციის არქონა, რაც აგზნების მიღწევისთვის საჭიროებს ძლიერ სტიმულაციას), კომა და შოკი მიუთითებენ მწვავე ინფექციის არსებობაზე და ცუდ პროგნოზზე.
დიაგნოზის დადასტურების მიზნით ექიმები იღებენ სისხლის, განავლისა და სხეულის სხვა სითხეებისა და ქსოვილების ნიმუშებს და აგზავნიან ლაბორატორიაში, სადაც შესაძლებელია ბაქტერების გაზრდა (კულტივირება). ხდება ნიმუშების გამოკვლევა იმის განსაზღვრის მიზნით, არის თუ არა მათში ბაქტერია.
ადამიანებმა, რომლებიც მოგზაურობენ იმ ადგილებში, სადაც ტიფური ცხელება ხშირია, თავი უნდა აარიდონ უმი ბოსტნეულისა და იმ საკვების ჭამას, რომელიც ინახება ოთახის ტემპერატურაზე. ზოგადად, მათთვის უსაფრთხოა საკვები, რომელიც მოაქვთ დამზადებისთანავე და ძალიან ცხელია, ასევე უსაფრთხოა ბოთლში ჩამოსხმული ან კონსერვირებული სასმელები, რომლებიც არის დალუქული, ცხელი ყავა ან ჩაი და ხილი, რომელსაც თავად გაფცქვნიან. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ყინული და წყალი (თუ ის გამოყენებმადე არ არის ადუღებული ან ქლორირებული) არ არის უსაფრთხო. კბილების გასახეხად საჭიროა დალუქული ბოთლის წყლის გამოყენება.
პერორალურად მიღებული ვაქცინა და პოლისაქარიდული ვაქცინის ინექცია გვეხმარება ტიფური ცხელების თავიდან აცილებაში. ორივე ვაქცინას აქვს მცირედ გამოხატული გვერდითი მოვლენები. ვაქცინა რეკომენდებულია:
ჩვეულებრივ, ვაქცინის ინექციის შემდეგ ადამიანები დაცულები არიან მინიმუმ ორი წლით, ხოლო პერორალურად მიღებული ვაქცინის შემთხვევაში – 5 წლის განმავლობაში. თუმცა, აცრილები შეიძლება მაინც დაინფიცირდნენ, თუ გადაყლაპავენ დიდი რაოდენობით ბაქტერიას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტიფური ცხელების შემთხვევათა 75%-ში დაავადებულნი იყვნენ მოგზაურები, რომლებიც არ იყვნენ აცრილები ან რომელთაც არ განაახლეს აცრები.
ანტიბიოტიკების გამოყენებისას ცხელება გრძლდება მხოლოდ 3-5 დღე და არა 3-4 კვირა და ლეტალური გამოსავლის განვითარების რისკი 1%-ზე ნაკლებია. სრულ გამოჯანმრთელებას შესაძლოა დასჭირდეს კვირები ან თვეები.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლი. თუმცა, მან შეიძლება დააზიანოს ძვლის ტვინის უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან სისხლის უჯრედებს. აგრეთვე, იმატებს სალმონელა ტიფის ბაქტერიების მის მიმართ რეზისტენტობა. ამის გამო, ხშირად გამოიყენება სხვა ანტიბიოტიკები, როგორებიცაა მაგ. ცეფტრიაქსონი, ციპროფლოქსაცინი ან აზითრომიცინი). ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან დელირიუმში, კომაში ან შოკში, შეიძლება მიეცეთ კორტიკოსტეროიდები.
იმ ადამიანების 10-20%-ში, რომლებიც იღებდნენ ანტიბიოტიკებს, ინფექცია შეიძლება განვითარდეს ხელახლა, ჩვეულებრივ, მკურნალობის შეწყვეტიდან დაახლოებით ერთ კვირაში. ეს ინფექცია პირველად ინფექციაზე უფრო მსუბუქია და მისი მკურნალობა იმავე გზით ხდება.
მტარებლებმა უნდა მიმართონ ჯანმრთელობის ადგილობრივ დაწესებულებას და მათ ეკრძალებათ საკვებთან მუშაობა. ანტიბიოტიკების 4-6 კვირის განმავლობაში მიღებამ შეიძლება დახოცოს ბაქტერიები ბევრ მტარებელში. თუმცა, თუ მტარებლებს აქვთ სანაღვლე ან საშარდე ტრაქტის ანომალიები (მაგ. ქვები თირკმლებსა ან ნაღვლის ბუშტში), ბაქტერიების დახოცვამდე საჭიროა ქირურგიული ჩარევა ამ ანომალიების გამოსწორების მიზნით.