დიაგნოზი (თვალის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა) | მკურნალი.გე
  1. დიაგნოზი (თვალის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)
  2. თვალის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
დიაგნოზი (თვალის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)

თვალის დაავადებათა დიაგნოზი თავდაპირველად პაციენტის სიმპტომების, თვალების გარეგნული დათვალიერებისა და გასინჯვის საფუძველზე ისმება. მის დასადასტურებლად ან დარღვევის სიმძიმის შესაფასებლად დამატებითი კვლევები შეიძლება ჩატარდეს.

რეფრაქცია

რეფრაქციის კვლევის დროს დგინდება სინათლის სხივის ბადურაზე ფოკუსირების დარღვევა. ამით დიაგნოსტირდება რეფრაქციის ის ანომალიები, რომელთა გამოც ქვეითდება მხედველობის სიმახვილე (სიმკვეთრე), მაგალითად – ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი და პრესბიოპია. მხედველობის სიმახვილე იზომება სპეციალური სკალით, რომელიც პაციენტის მხედველობას 20 ფუტის (დაახლოებით 6 მეტრის) მანძილიდან ადარებს ნორმალურს. შესაბამისად, პაციენტი, რომლის მხედველობის სიმახვილეც არის 20/20, 20 ფუტით დაშორებულ საგნებს ისევე მკვეთრად ხედავს, როგორც ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანი. მაგრამ პაციენტი, რომლის მხედველობაც არის 20/200, 20 ფუტის მანძილზე მდებარე საგნებს ისე ხედავს, როგორც ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანი – 200 ფუტით (დაახლოებით 61 მეტრით) დაშორებულ საგნებს. მხედველობის სიმახვილის შესამოწმებელი ერთ-ერთი საშუალება სნელენის ცხრილია. ეს არის დიდი მუყაოს დაფა ან განათებული ყუთი, რომელზეც ასოებია გამოსახული თანდათან კლებადი ზომით. ცხრილი პაციენტმა სტანდარტული მანძილიდან უნდა წაიკითხოს. მხედველობის სიმახვილე განისაზღვრება ასოების იმ რიგის ზომით, რომლის გარჩევაც ადამიანს შეუძლია. მათთვის, ვინც ვერ კითხულობს, არსებობს სხვანაირი ცხრილიც, სადაც ასოების მაგივრად სხვადასხვა მხარეს შებრუნებული სიმბოლო -ა გამოსახული. პაციენტს სთხოვენ, დაასახელოს, რომელ მხარესაა ეს ასო მიმართული.

რეფრაქციის ავტომატური კვლევა სპეციალური აპარატების საშუალებით ტარდება. ეს მოწყობილობები რეფრაქციის დარღვევას იმის მიხედვით ზომავენ, თუ როგორ გადატყდება სხივი თვალში შესვლის შემდეგ. პაციეტი ავტორეფრაქტორის წინ ზის, აპარატიდან გამოსული სინათლის სხივზე მისი თვალის რეაქცია კი მოწყობილობის მიერ აღინუსხება. მიღებული ინფორმაციის მიხედვით აპარატი ანგარიშობს, როგორი ლინზა სჭირდება ადამიანს რეფრაქციის დარღვევის გასასწორებლად. ამ პროცესისთვის სულ რამდენიმე წამია საჭირო.

ფოროპტერი აპარატია, რომელსაც სნელენის ცხრილთან ერთად ხშირად იყენებენ, რათა ზუსტად დადგინდეს რომელი მაკორეგირებელი ლინზა სჭირდება ადამიანს სათვალის ან კონტაქტური ლინზის სახით. ფოროპტერს ლინზების სრული ნაირსახეობა აქვს. მათ პაციენტი სათითაოდ იკეთებს და ადარებს, რამდენად კორეგირდება მისი მხედველობა ანუ რამდენად უფრო კარგად ხედავს ცხრილს. ექიმები, როგორც წესი, ფოროპტერს იმისთვის იყენებენ, რომ ავტორეფრაქტორიდან მიღებული ინფორმაცია სრულყოფილად დააზუსტონ ლინზების გამოწერამდე.

მხედველობის ველის გამოკვლევა

მხედველობის ველი მოიცავს მთელ იმ სივრცეს, რომელსაც თითოეული თვალით ხედავს ადამიანი, კიდეების ჩათვლით (პერიფერიული, გვერდითი მხედველობა). ველის სიფართის გამოკვლევა რუტინულად ტარდება ოფთალმოლოგთან კონსულტაციისას. ექიმი კიდევ უფრო დიდი ყურადღებით გამოიკვლევს მხედველობის ველს, თუკი პაციენტს სპეციფიკური სიმპტომები აქვს, მაგ. ხშირად ეჯახება ცალ მხარეს განლაგებულ საგნებს. პერიფერიული მხედველობის შემოწმება ყველაზე მარტივად შემდეგნაირად შეიძლება: ექიმი პაციენტის პირდაპირ დგება და თითს მისი მხედველობის ველის პერიფერიიდან ცენტრისკენ ამოძრავებს ანუ გარედან შიგნით, ჯერ ზემოდან, შემდეგ ქვემოდან, მარცხნიდან და მარჯვნიდან. პაციენტმა ექიმს უნდა უთხრას, პირველად როდის დაინახავს თითს. იმისთვის, რომ გამოკვლევის შედეგი სანდო იყოს, პაციენტი პირდაპირ უნდა იყურებოდეს და მზერა ექიმის სახეზე დააფიქსიროს (ანუ თვალით თითის მოძებნას არ უნდა ცდილობდეს). მეორე თვალი, რომელსაც არ იკვლევენ, დახუჭული უნდა იყოს.

მხედველობის ველს კიდევ უფრო ზუსტად ტანგენციური ეკრანით, გოლდმანის პერიმეტრით იკვლევენ. პაციენტი შავი ეკრანის ან ამოღრმავებული, თეთრი, სფეროსებრი მოწყობილობის ცენტრს უყურებს (ეს მოწყობილობა სატელიტური ანტენის თეფშს წააგავს). საგანი ან მანათობელი წერტილი ნელა მოძრაობს მხედველობის ველის პერიფერიიდან ცენტრისკენ მრავალი სხვადასხვა მიმართულებით. ადამიანი ექიმს ატყობინებს, პირველად როდის დაინახავს სინათლეს თვალის კუთხიდან. ეკრანზე ან პერიმეტრზე მონიშნულია, რა ნაწილს ხედავს ადამიანი, შესაბამისად, ამით ველის დეფექტების ადგილმდებარეობის დადგენაც შეიძლება. მხედველობის ველის სიფართე კომპიუტერული ავტომატური პერიმეტრიითაც იზომება. ამ შემთხვევაში ადამიანი დიდი ნახევარსფეროს ცენტრში იყურება და მანათობელი წერტილის დანახვისას სპეციალურ ღილაკს აჭერს ხელს.

ამსლერის ბადე მხედველობის ველის ცენტრალური ნაწილის გამოსაკვლევად გამოიყენება. ეს არის შავი დაფა, რომელზეც თეთრი ხაზებით ბადეა დახაზული და მის ცენტრში თეთრი წერტილია მოთავსებული. პაციენტი უყურებს წერტილს და აღნიშნავს, თუკი ხაზების რამენაირ გამრუდებას ამჩნევს. თითოეული თვალი მოწმდება ნორმალური საკითხავი მანძილიდან, საკითხავი სათვალეებით, თუკი ადამიანი მათ იყენებს. თუ ბადის რომელიმე ნაწილს პაციენტი ვერ ხედავს, მას შესაძლოა მხედველობის ველის დეფექტი ანუ დამატებითი ბრმა ხალი ჰქონდეს ბადურაზე. ბადურას იმ ნაწილის მიღმა, რომელსაც ამსლერის ბადე იკვლევს, ნორმაშიც არის ბრმა ხალი, რომლის არსებობასაც ადამიანები ვერ აცნობიერებენ. იგი მხედველობის ნერვის თვალიდან გასვლის ადგილს შეესაბამება. ბადის ხაზების გამრუდება შესაძლოა ყვითელი ხალის პრობლემაზე მიანიშნებდეს. ეს გამოკვლევა საკმაოდ ადვილია და მისი ჩატარება სახლშიც შეიძლება, შესაბამისად, იგი გამოსადეგია მაკულარული დეგენერაციის გასაკონტროლებლად.

ფერადი მხედველობის გამოკვლევა

ზოგიერთი ფერის აღქმის დაქვეითება (ფერების სიბრმავე) რამდენიმე ტესტით შეიძლება დადგინდეს. მათგან ყველაზე ხშირად იშიჰარას ფირფიტები გამოიყენება. თეთრ ფირფიტაზე პატარა, ფერადი წრეებია დატანებული და ერთად შეჯგუფებული ისე, რომ დიდ წრეს ქმნიდნენ. პატარა წრეების ფერები ისეა შერჩეული, რომ ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანები მათგან შექმნილ რაიმე ციფრს ხედავენ. ფერების სიბრმავის შემთხვევაში კი პაციენტები სხვა ციფრს ან სულაც ვერაფერს ხედავენ, იმის მიხედვით, თუ რა სახის სიბრმავე აქვთ.

ოფთალმოსკოპია

პირდაპირი ოფთალმოსკოპი ფანარივით პატარა, ხელში დასაჭერი მოწყობილობაა, რომელსაც გამადიდებელი ლინზები აქვს. მისი მეშვეობით ექიმი სინათლეს პაციენტის თვალში ანათებს და ათვალიერებს რქოვანას, ბროლს, მინისებრ სხეულს (თვალის უკანა სივრცის ამავსებელ ჟელესმაგვარ ნივთიერებას), ბადურას, მხედველობის ნერვს, ბადურას ვენებსა და არტერიებს. სინათლის თვალში ჩანათებისას პაციენტი პირდაპირ უნდა იყურებოდეს. ხშირად გამოკვლევამდე სპეციალურ საშუალებას აწვეთებენ ადამიანს თვალში, რათა გუგა გაფართოვდეს და უფრო მეტის დანახვა შეძლოს ექიმმა. ოფთალმოსკოპია უმტკივნეულო პროცედურაა, მაგრამ გუგების გამაფართოებელი წვეთების გამოყენების შემთხვევაში მხედველობა შეიძლება დროებით დაიბინდოს და პაციენტს სინათლისადმი მომეტებული მგრძნობელობა აწუხებდეს შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში.

ოფთალმოსკოპია თვალების რეგულარული გამოკვლევის სტანდარტული ნაწილია. ამ კვლევით ბადურაზე არა მარტო თვალის დაავადებებით გამოწვეული ცვლილებების აღმოჩენა შეიძლება, არამედ დანარჩენი ორგანიზმის ზოგიერთი პათოლოგიის გამო განვითარებულისაც. ასე მაგალითად, ოფთალმოსკოპია გამოიყენება იმ ცვლილებების აღმოსაჩენად, რომლებიც ბადურას სისხლძარღვებში მაღალი არტერიული წნევის, არტერიოსკლეროზისა და შაქრიანი დიაბეტის დროს წარმოიშობა. ოფთალმოსკოპიით შეიძლება დადგინდეს თავის ტვინში წნევის მომატებაც, რაც მხედველობის დისკოს შეშუპებას, ამობურცვას იწვევს (პაპილედემა). ბადურაზე ეს ადგილი ნორმაში ჩაზნექილია. ოფთალმოსკოპით ექიმი დაინახავს ბადურას სიმსივნეებსაც. ამ გამოკვლევით საკმაოდ ადვილად დიაგნოსტირდება მაკულარული დეგენერაციაც.

ექიმები ზოგჯერ სხვა მოწყობილობას, არაპირდაპირ ოფთალმოსკოპს იყენებენ. ოფთალმოლოგს თავზე სპეციალური, სთვალისმაგვარი აპარატი უკეთია, ხელში კი, პაციენტის თვალის წინ, ლინზა უჭირავს, რომლითაც თვალის დათვალიერებისას ფოკუსს ასწორებს. ამ მეთოდით ექიმი სამგანზომილებიან გამოსახულებას იღებს, რითაც უკეთესად ხედავს სიღრმის მქონე სტრუქტურებს, მაგალითად, ჩამოცლილ ბადურას. არაპირდაპირი ოფთალმოსკოპიისას უფრო ძლიერი განათება გამოიყენება, რაც მნიშვნელოვანია მაშინ, თუკი თვალის შიგნითა სივრცე შემღვრეულია, მაგალითად, კატარაქტის დროს. ამასთანავე, ეს კვლევა ექიმს საშუალებას აძლევს, დაათვალიეროს ბადურას უფრო მეტი ზედაპირი, ვიდრე პირდაპირი ოფთალმოსკოპიითაა შესაძლებელი.

ბიომიკროსკოპით გამოკვლევა

ბიომიკროსკოპი სპეციალურ მაგიდაზე დამაგრებული ბინოკულარული მიკროსკოპია, რომელიც თვალში სინათლეს ანათებს და საშუალებას აძლევს ექიმს, მთლაინი თვალის ძლიერ გადიდებული გამოსახულება დაათვალიეროს. ბიომიკროსკოპით უკეთესი გამოსახულება მიიღება, ვიდრე პირდაპირი ოფთალმოსკოპით, უფრო მეტად გადიდებული და სამგანზომილებიანი, რაც სიღრმის გაზომვის საშუალებასაც იძლევა. ხშირად სპეციალურ წვეთებსაც იყენებენ გუგების გასაფართოებლად, რათა ექიმმა უფრო ღრმად დაათვალიეროს თვალი, ბროლი, მინისებრი სხეული, ბადურა და მხედველობის ნერვი. ზოგჯერ, იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს გლაუკომა, კიდევ ერთი ლინზა იდგმება ან თავსდება თვალის წინ, რათა დათვალიერდეს კუთხე ფერად გარსსა და თვალის წინა კედელს (რქოვანას შიგნითა ზედაპირს) შორის. ამ გამოკვლევას გონიოსკოპია ეწოდება.

ტონომეტრია

ტონომეტრიით თვალში წყალწყალა ნამის მიერ წარმოქმნილი წნევა იზომება. ნამი სითხეა, რომელიც ავსებს სივრცეს ფერად გარსსა და რქოვანას შორის, თვალის წინა ნაწილში. ნორმაში წნევა თვალში 8-დან 21 მილიმეტრამდეა ვერცხლისწყლის სვეტით (მმ. ვცხ. სვ). თვალშიდა წნევის გაზომვის მიზანია გლაუკომის ზოგიერთი სახის დიაგნოსტირება და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.

უკონტაქტო ტონომეტრი ჰაერის ნაკადს იყენებს და მისი მეშვეობით თვალშიდა წნევის მომატების სკრინინგი შეიძლება ჩატარდეს. ეს მოწყობილობა ძალიან ზუსტი არ არის, მაგრამ კარგია იმ ადამიანთა გამოსავლენად, ვისაც სავარაუდოდ უფრო ღრმა კვლევები სჭირდება. აპარატიდან გამოყოფილი ჰაერის სუსტი ნაკადი რქოვანას ხვდება, რაც ხამხამს იწვევს, მაგრამ უსიამოვნო არ არის. ნაკადი რქოვანას აბრტყელებს, მოწყობილობა კი წამის მეათასედებში ზომავს ამისთვის საჭირო დროს. თუკი თვალშიდა წნევა ნორმაშია, ჰაერის ნაკადს უფრო ცოტა დრო სჭირდება რქოვანას გასაბრტყელებლად, ვიდრე მაღალი წნევის შემთხვევაში.

ტონომეტრიის ჩატარება პორტატული ხელსაწყოთიც შეიძლება. ექიმი პაციენტს სპეციალურ საშუალებას აწვეთებს თვალის ზედაპირის მგრძნობელობის დასაქვეითებლად და შემდეგ ხელსაწყოს ფრთხილად ათავსებს რქოვანაზე, რის შედეგადაც თვალშიდა წნევა იზომება და გამოისახება. პორტატული ტონომეტრები გამოსადეგია მიმღებ განყოფილებებში ან ექიმის ოფისში გამოსაყენებლად, როცა საჭიროა სწრაფად დადგინდეს თვალშიდა წნევის მომატება.

აპლანაციური ტონომეტრია კიდევ უფრო ზუსტი მეთოდია. ასეთი ტონომეტრი, როგორც წესი, ბიომიკროსკოპზეა დამაგრებული. სპეციალური წვეთებით თვალის ზედაპირის მგრძნობელობის დაქვეითების შემდეგ ექიმი ბიომიკროსკოპით უყურებს თვალს და ინსტრუმენტს ფრთხილად ათავსებს რქოვანაზე. თვალშიდა წნევას ასახავს აპარატის მიერ წარმოქმნილი წნევის ის სიდიდე, რაც რქოვანას გასაბრტყელებლადაა საჭირო.

ფლუორესცენციული ანგიოგრაფია

ფლუორესცენციული ანგიოგრაფიის მეშვეობით ექიმი თვალის უკანა კედელზე არსებულ სისხლძარღვებს გამოიკვლევს. პაციენტის წინამხრის ვენაში შეიყვანება ფლუორესცენციული საღებავი, რომელიც ლურჯ განათებაზე ჩანს. ნივთიერება სისხლით გადაიტანება და ბადურას სისხლძარღვებამდეც მიაღწევს. საღებავის შეყვანიდან ცოტა ხანში აპარატი ბადურას რამდენიმე სურათს იღებს სწრაფად, მიმდევრობით. სისხლძარღვებში არსებული საღებავი ფლუორესცირებს და მათ მკვეთრ გამოსახულებას იძლევა. ფლუორესცენციული ანგიოგრაფია განსაკუთრებით გამოსადეგია მაკულარული დეგენერაციის, ბადურას სისხლძარღვების დახშობის ან დიაბეტური რეტინიოპათიის დიაგნოსტიკისთვის.

ელექტრორეტინოგრაფია

ელექტრორეტინოგრაფიით ექიმი გამოიკვლევს ბადურას სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედების (ფოტორეცეპტორების) ფუნქციონირებას სინათლის მოქმედებაზე მათი რეაქციის აღრიცხვის მიხედვით. ამისთვის, პირველ რიგში თვალის ზედაპირის მგრძნობელობას აქვეითებენ და გუგას აფართოებენ სპეციალური წვეთებით. შემდეგ პირველი, კონტაქტური ლინზის მსგავსი, ჩამწერი ელექტროდი რქოვანაზე თავსდება, მეორე კი სახის კანზე, მახლობლად. შემდეგ თვალი გახელილ მდგომარეობაში ფიქსირდება, ოთახი ჩაბნელდება და პაციენტს სთხოვენ, უყუროს სინათლეს. სინათლის ციმციმის მოქმედებით ბადურაზე წარმოქმნილი ელექტრული აქტივობა ელექტროდების მიერ აღირიცხება. ელექტრორეტინოგრაფია განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთი დაავადებებისას, რომლებიც ფოტორეცეპტორებს აზიანებენ, მაგ. პიგმენტური რეტინიტის დროს.

ულტრასონოგრაფია

თვალის გამოკვლევა ულტრასონოგრაფიის მეშვეობითაც შეიძლება. გადამწოდი ფრთხილად თავსდება დახუჭულ ქუთუთოზე და ბგერითი ტალღები უმტკივნეულოდ აირეკლება თვალის კაკლიდან. ამ ტალღების მეშვეობით თვალის შიგნითა სტრუქტურების ორგანზომილებიანი გამოსახულება მიიღება. ულტრასონოგრაფია მაშინაა გამოსადეგი, როცა ოფთალმოსკოპით ან ბიომიკროსკოპით ვერ ხერხდება ბადურას დათვალიერება, თვალის შიგნითა სივრცის შემღვრევის ან მასში სინათლის შეღწევისთვის დაბრკოლების არსებობის გამო. ულტრასონოგრაფია პათოლოგიური წარმონაქმნების, მაგ. თვალში განვითარებული სიმსივნის – ბუნების დასადგენად გამოიყენება. იგი ასევე გამოდგება თვალის სისხლძარღვების გამოსაკვლევად (დოპლერული ულტრასონოგრაფია) და რქოვანას სისქის გასაზომად (პაქიმეტრია).

პაქიმეტრია

პაქიმეტრია (რქოვანას სისქის გაზომვა) ძალიან მნიშვნელოვანია თვალის რეფრაქციულ ქირურგიაში, მაგ. ლაზერული კერატომილეზისთვის (შI).

პაქიმეტრია, როგორც წესი, ულტრასონოგრაფიის მეშვეობით ტარდება. ამისთვის თვალის მგრძნობელობას სპეციალური წვეთებით აქვეითებენ და აპარატის გადამწოდს ფრთხილად ათავსებენ რქოვანას ზედაპირზე. ოპტიკური პაქიმეტრიული მეთოდების გამოყენებისას თვალის ანესთეზია საჭირო არ არის, რადგან აპარატი მის ზედაპირს არ ეხება.

კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ეს გამოსახულებითი კვლევები გამოიყენება თვალის შიდა სტრუქტურებსა და მის გარშემო არსებულ ძვლოვან თვალბუდეზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად. კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით გამოსადეგია თვალის უცხო სხეულების გამოსაკვლევად.