შიგელოზი | მკურნალი.გე
  1. შიგელოზი
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
შიგელოზი

შიგელოზი წარმოადგენს გრამ-უარყოფითი ბაქტერია შიგელათი გამოწვეულ ინფექციას, რომელიც იწვევს წყლიან დიარეას ან დიზენტერიას (ხშირი და მტკივნეული დეფეკაცია მცირე რაოდენობის განავლოვანი მასებით, რომლებიც შეიცავს სისხლს, ჩირქსა და ლორწოს)

  • ბაქტერიები გამოიყოფა განავლით და მარტივად ვრცელდება, თუ ჰიგიენა და სანიტარული ნორმები არ არის შესაბამისად დაცული;

  • აღინიშნება წყლიანი დიარეა, რომელსაც ზოგჯერ მძიმე ხარისხის გაუწყლოებამდე მივყავართ;

  • განავლის ნიმუშში ბაქტერიების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს;

  • შიგელოზით დაავადებულმა პაციენტებმა და მათმა მომვლელებმა მკაცრად უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის გავრცელება;

  • პაციენტები სვამენ სითხეებს, მაგრამ თუ საქმე გვაქვს ინფექციის მწვავე ფორმასთან, სითხეები ინტრავენურად გადაესხმება.

  • სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები.

შიგელას ბაქტერია წარმოადგენს დიზენტერიის ხშირ მიზეზს მთელ მსოფლიოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში შიგელოზი ყოველწლიურად უვითარდება მილიონი ადამიანის დაახლ. მეოთხედს. ბაქტერიები იწვევენ ანთებას მსხვილ ნაწლავში და შემდეგ ხდება მათი გამოყოფა განავლის მეშვეობით. ამის გამო, როდესაც ხელები ჭუჭყიანია, ინფექცია მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ინფექცია ასევე ვრცელდება შემდეგი გზებით:

  • ორალურ-ანალური კავშირით

  • დაინფიცირებული გამყიდველების მიერ დაბინძურებული საკვებით, რადგან ისინი არ იბანენ ხელებს საპნით საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ

  • ადამიანების ბიოლოგიური ნარჩენებით დაბინძურებული წყლით

  • საცურაო და სანიჩბო აუზებით, რომლებიც არ არის სათანადოდ ქლორირებული

ინფექცია სწრაფად ვრცელდება ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ ერთად. ხშირია ეპიდემიური აფეთქებები იმ ადგილებში, სადაც ძალზე ბევრი ადამიანია, ხოლო სანიტარიული ნორმები არ არის შესაბამისად დაცული. ასეთ ადგილებს მიეკუთვნება:

  • დღის მოვლის ცენტრები ბავშვებისთვის

  • დაწესებულებები, სადაც ხანგრძლივად უვლიან ადამიანებს

  • ლტოლვილთა ბანაკები

  • ინსტიტუტები გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანებისთვის

  • კრუიზები

  • სამხედრო ბანაკები

  • განვითარებადი ქვეყნები

სიმპტომები

მსუბუქი ფორმის ინფექცია ბაქტერიის გადაყლაპვიდან 1-2 დღეში იწვევს დაბალი ცხელებისა (38-38.9ºC (100.4-102ºF)) და წყლიანი ფაღარათის განვითარებას. ინფექციის შედარებით მძიმე ფორმების დროს ვლინდება მუცლის სპაზმები და დეფეკაციის ხშირი სურვილი. მწვავე ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს დაბალი ან საშუალო ხარისხის ცხელება და წყლიანი ფაღარათი, რომელიც გადაიზრდება დიზენტერიაში. დიზენტერიის დროს ხშირია ნაწლავთა მოქმედება და განავალი შეიცავს სისხლს, ჩირქსა და ლორწოს.

ბავშვებს, კერძოდ კი მცირე ასაკის ბავშვებს, უფრო დიდი ალბათობით შეიძლება განუვითარდეთ მწვავე გართულებები:

  • მაღალი ცხელება (41ºC-მდე (106ºF)), ზოგჯერ დელირიუმით

  • მძიმე ფორმის გაუწყლოება წონის კარგვით

  • კუჭის მოქმედება დღეში 20-ჯერ

  • მწვავე ფაღარათით გამოწვეული სწორი ნაწლავის ნაწილის სხეულის გარეთ გამოვარდნა (სწორი ნაწლავის პროლაფსი)

  • იშვიათად, ნაწლავების შესამჩნევი შეშუპება და მსხვილი ნაწლავის გახვრეტა (პერფორაცია)

  • ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, თუ ინფექციის გამომწვევია Shigella dysenteriae

მწვავე გაუწყლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და სიკვდილი, განსაკუთრებით კი ქრონიკულად მოავადე, კვებადაქვეითებულ ან დასუსტებულ ბავშვებსა და მოხუცებში. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის დროს ნადგურდება სისხლის წითელი უჯრედები, რაც იწვევს ანემიას დაღლილობით, სისუსტითა და დაბნეულობით. სისხლის პათოლოგიური შედედება იწვევს თირკმლების ფუნქციონირების შეწყვეტას. შესაძლოა განვითარდეს კრუნჩვები ან ინსულტი.

ზოგიერთ მოზრდილს ფაღარათის გავლიდან კვირების ან თვეების შემდეგ უვითარდება თვალების ანთება, მტკივნეული შარდვა და რეაქტიული ართრიტი.

დიაგნოზი

ექიმს ეჭვი მიაქვს შიგელოზზე ტიპური სიმტომების არსებობისას იმ ადამიანებში, რომლებიც შესაძლოა კონტაქტში ყოფილიყვნენ ბაქტერიასთან. ტიპურ სიმპტომებს მიეკუთვნება ტკივილი, ცხელება და წყლიანი ან სისხლიანი ფაღარათი. დიაგნოზის დადასტურების მიზნით ექიმი განავლის ნიმუშს გზავნის ლაბორატორიაში, ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის (კულტივირება).

პრევენცია

პრევენცია გულისხმობს შემდეგს:

  • დაინფიცირებულმა ადმიანებმა არ უნდა მოუმზადონ საკვები სხვა ადამიანებს;

  • საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ დაინფიცირებულმა ადამიანებმა უნდა დაიბანონ ხელები და ვინმემ უნდა გაწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთოს საპირფარეშოს, სანამ მოხდება მისი ხელახალი გამოყენება;

  • ადამიანებმა, რომლებიც უვლიან შიგელოზით დაავადებულ ადამიანებს, უნდა დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ეხებიან სხვა ადამიანებს ან ამზადებენ საჭმელს;

  • დაინფიცირებული ბავშვები, რომელთაც აქვთ სიმპტომები, არ უნდა იმყოფებოდნენ კონტაქტში ჯანმრთელ ბავშვებთან;

  • დაინფიცრებული ბავშვების პამპერსი უნდა გადააგდონ დალუქული სანაგვე ყუთით და ის ადგილი, სადაც ბავშვს გამოუცვალეს პამპერსი, უნდა მოიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;

  • განავალი, რომელიც აბინძურებს დაინფიცირებული ადამიანების ტანსაცმელსა და თეთრეულს, უნდა ჩამოირეცხოს გამდინარე წყლით და ჭუჭყიანი ტანსაცმელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს სარეცხ მანქანაში ცხელი წყლის რეჟიმით. რეცხვის დასრულების შემდეგ წყლის ნიჟარა, უნიტაზი და სარეცხი მანქანა უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით, როგორიცაა განზავებული ქლორიანი მათეთრებელი.

დღესდღეობით ვაქცინა ხელმისაწვდომი არაა.

მკურნალობა

ხდება ფაღარათის გამო დაკარგული წყლისა და მარილების შევსება, ჩვეულებრივ, მარილიანი ხსნარის დალევით. სიმპტომები უკუგანვითარდება 4-8 დღეში. მსუბუქი ხარისხის ინფექციების დროს ანტიბიოტიკების რუტინული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მწვავე ინფექცია შეიძლება გაგრძელდეს 3-6 კვირა და საჭირო ხდება საავადმყოფოში მოთავსება, რათა დროულად მოხდეს მარილების შემცველი სითხეების ინტრავენურად გადასხმა და გართულებების, როგორიცაა, მაგ. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, მკურნალობა. ანტიბიოტიკები: აზითრომიცინი, ციპროფლოქსაცინი ან ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები ძალზე ახალგაზრდები ან ძალზე მოხუცებულები არიან, როდესაც ინფექცია მწვავეა ან შეიძლება გარცელდეს სხვა ადამიანებზეც. ანტიბიოტიკები ამცირებენ სიმპტომების სიმწვავესა და განავლით ბაქტერიების გამოყოფის პერიოდს.

არ შეიძლება ფაღარათის შემაჩერებელი პრეპარატების, როგორიცაა, მაგ. დიფენოქსილატი ან ლორეპამიდი, გამოყენება, რადგანაც ამ ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გახანგრძლივება.