სკლერიტი | მკურნალი.გე
  1. სკლერიტი
  2. კონიუნქტივისა და სკლერის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
სკლერიტი

სკლერიტი თვალის თეთრი გარსის (სკლერის) ღრმა, ძლიერ მტკივნეული ანთებაა, რაც მოიისფრო ფერს აძლევს მას და შესაძლოა მძიმედ დააქვეითოს მხედველობა.

სკლერიტი ყველაზე ხშირად 30-60 წლის ასაკში გვხვდება, უფრო ქალებისთვისაა დამახასიათებელი. შემთხვევათა მესამედში ორივე თვალი ზიანდება. სკლერიტი შესაძლოა თან ახლდეს რევმატოიდულ ართრიტს, სისტემურ წითელ მგლურას ან სხვა ავტოიმუნურ დაავადებას. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში მიზეზი უცნობია.

სიმპტომები მოიცავს თვალის ტკივილს, რომელიც ღრმა, მღრღნელია და ხელს უშლის ძილს, აქვეითებს მადას. ასევე აღინიშნება თვალის მტკივნეულობა, ცრემლდენა და მგრძნობელობა ძლიერ სინათლეზე. თვალი ნაწილობრივ ან მთლიანად წითლდება. იშვიათად ანთება იმდენად ძლიერადაა გამოხატული, რომ შეიძლება თვალის კაკლის მთლიანობის დარღვევა და მისი გამოუსწორებელი დაზიანება, "დაკარგვა" გამოიწვიოს.

ექიმი სკლერიტის დიაგნოზს სიმპტომების მიხედვით და ბიომიკროსკოპით თვალის დათვალიერების შემდეგ სვამს. ზოგჯერ ანთება თვალის უკანა ნაწილშია (უკანა სკლერიტი) და დიაგნოზის დასაზუსტებლად ულტრაბგერითი კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფიაა (კტ) საჭირო.

სკლერიტს ადგილობრივად, კორტიკოსტეროიდების შემცველი წვეთებით მკურნალობენ. ზოგჯერ აუცილებელია კორტიკოსტეროიდების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დასალევი ფორმით მიღება. თუ პაციენტს რევმატოიდული ართრიტი აქვს ან კორტიკოსტეროიდები ეფექტური არ არის, იმუნური სისტემის დამთრგუნველი წამლები, მაგ. ციკლოფოსფამიდი ან აზათიოპრინი ინიშნება.