ინფექცია შეიძლება განვითარდეს თვალში ან მის გარშემო ქსოვილებში. ეს ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება.
პრესეპტალური ცელულიტი (პერიორბიტალური ცელულიტი) ქუთუთოს, კანისა და სახეზე თვალის გარშემო არსებული ქსოვილების ანთებაა.
პრესეპტალურ ცელულიტს ხშირად იწვევს ინფექციის გავრცელება სახიდან ან ქუთუთოდან, მწერის ან ცხოველის ინფიცირებული ნაკბენიდან, კონიუნქტივიდან, ქალაზიონიდან ან წიაღებიდან.
თვალის გარშემო ქსოვილები შეშუპებული, ცხელი, მტკივნეული და ხშირად შეწითლებულია. ზოგჯერ თვალი ისე შუპდება, რომ მისი გახელა უჭირს ადამიანს, თუმცაღა ღია თვალით იგი ჩვეულებრივად ხედავს. შესაძლოა ვლინდებოდეს ცხელებაც.
ექიმები პრესეპტალური ცელულიტის დიაგნოზს პაციენტის სიმპტომების მიხედვით სვამენ, თუმცა, ზოგჯერ ასევე საჭიროა გამოირიცხოს ორბიტალური ცელულიტი. ამისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება.
სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება (მაგ. ამოქსიცილინ-კლავულანატი). თუ ადამიანი ძალიან ავადაა ან არ შეუძლია აბების დალევა, უმჯობესია იგი საავადმყოფოში დაწვეს. ასეთ პაციენტებს ოფთალმოლოგის გაძლიერებული მეთვალყურეობა ესაჭიროებათ.
ორბიტალური ცელულიტი (პოსტსეპტალური ცელულიტი) თვალბუდის შიგნით, თვალის უკან და გარშემო არსებული ქსოვილების ინფექციაა.
ორბიტალურ ცელულიტს ინფექციის თვალბუდეზე გავრცელება იწვევს ცხვირის გარშემო არსებული წიაღებიდან (ცხვირის წიაღებიდან), კბილებიდან ან სისხლიდან. ინფექციის წყარო და ცელულიტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ცხოველის ან მწერის ნაკბენი.
შესაბამისი მკურნალობის გარეშე ამ დაავადებამ შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს თავისა და ზურგის ტვინზე, ან ჩამოყალიბდეს თრომბები, რომლებიც თვალის გარშემო არსებული ვენებიდან ტვინის ფუძეზე მდებარე მსხვილ ვენაში (მღვიმოვან სინუსში) მოხვდება და გამოიწვევს მძიმე გართულებას – მღვიმოვანი სინუსის თრომბოზს.
სიმპტომებიდან ვლინდება ტკივილი, თვალის წინ წამოწევა, სიწითლე, მისი მოძრაობის გაძნელება, მხედველობის გაორება, ქუთუთოების შეშუპება და ცხელება. თვალის კაკალი შეშუპებულია. შესაძლოა მხედველობაც დაქვეითდეს.
ექიმები ორბიტალურ ცელულიტს რაიმე სპეციფიკური გამოკვლევის გარეშეც ცნობენ, თუმცა, დიაგნოზის დასადასტურებლად ხშირად მაინც კეთდება კტ ან მრტ. ამასთანავე, მიზეზის დასადგენად სხვა კვლევებიცაა ხოლმე საჭირო, მათ შორის კბილებისა და პირის ღრუს გასინჯვა, ცხვირის წიაღების კტ ან მრტ. ხშირად ექიმები წიაღებისა და სისხლის ნაცხს იღებენ და ლაბორატორიაში აგზავნიან გამოსაკვლევად. ეს ნიმუშები კულტივირდება, რათა ამოითესოს მათში არსებული მიკროორგანიზმები და დადგინდეს, ზუსტად რომელი მიკრობი იწვევს ინფექციას, სადაა ინფექციის წყარო და რომელი ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს. ორბიტალური ცელულიტის მქონე პაციენტი ოფთალმოლოგმა უნდა გამოიკვლიოს.
საჭიროა დაავადების მქონეთა ჰოსპიტალიზაცია. ანტიბიოტიკებით მკურნალობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, მანამ, სანამ ლაბორატორიიდან ანალიზების შედეგები იქნება ცნობილი. თავდაპირველად ანტიბიოტიკები ვენაში ესხმება პაციენტს, რამდენიმე დღის შემდეგ კი, როცა იგი შედარებით გამოჯანმრთელდება, დასალევი სახით ინიშნება. თავიდან დანიშნული ანტიბიოტიკი შესაძლებელია შეიცვალოს, თუ მიკრობული კულტურის კვლევამ აჩვენა, რომ სხვა წამალი უფრო ეფექტური იქნება. ზოგჯერ, თუ ანტიბიოტიკები ეფექტური არ არის, ოპერაცია ხდება საჭირო ცხვირის ინფიცირებული წიაღის ჩირქგროვის (აბსცესის) დასაცლელად, მხედველობის დარღვევის სამკურნალოდ, უცხო სხეულის ან ჩირქის ამოსაღებად, ინფექციის სამკურნალოდ.