პენისის ერექციას განაპირობებს ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედება;
ეაკულაციის პროცესში პენისის შეკუმშვის შედეგად თესლი გადმოისროლება შარდსადენში და შემდეგ, პენისის გავლით – გარეთ.
პენისის ერექცია შესაძლებელს ხდის ვაგინაში პენეტრაციას სექსუალური აქტის დროს. ერექციას განაპირობებს ნევროლოგიური, სისხლძარღვოვანი, ჰორმონული და ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა. სიამოვნების მოლოდინი ასტიმულირებს თავის ტვინიდან ზურგის ტვინის გავლით ნერვული იმპულსების გადაცემას პენისში. ამას მოჰყვება corpora cavernosa და corpus spongioum-ის სისხლის მომმარაგებელი არტერიების დილატაცია. გაფართოებული არტერიები მნიშვნელოვნად ზრდის აღნიშნულ მიდამოებში სისხლის შედინებას. ამავე დროს, ვენების ირგვლივ არსებული კუნთების ზემოქმედებით მცირდება სისხლის უკუგადინება და ამის შედეგად სისხლის წნევა იმატებს პენისში. სისხლის შედინების გაზრდის და უკუგადინების შემცირების ამგვარი კომბინაცია იწვევს პენისის სისხლით გადავსებას და მისი სიგრძის, დიამეტრის და სიმკვრივის მატებას.
სექსუალური აღგზნების კულმინაციის (ორგაზმი) დროს ჩვეულებრივ დგება ეაკულაცია, რასაც განაპირობებს პენისის თავზე ხახუნისა და სხვადასხვა სახის სტიმულაციის შედეგად თავის და ზურგის ტვინში იმპულსების გადაცემა. ნერვები ასტიმულირებენ სათესლე ბუშტების, პროსტატისა და სათესლე ჯირკვლის დანამატის გასწვრივ არსებული კუნთების შეკუმშვას, რაც იწვევს თესლის მოძრაობას პენისის შიგნით და გარეთ. ასევე იკუმშება შარდის ბუშტის ყელი (ფუძე), რაც აფერხებს თესლის უკან, შარდის ბუშტში გადინებას.
ეაკულაციის დასრულების ან სტიმულირების შეწყვეტის შემდეგ, არტერიები იკუმშება და ვენები ფართოვდება, რაც იწვევს სისხლის შედინების შემცირებას და გამოდინების გაზრდას, რის შედეგადაც პენისი რბილდება (detumescene). ამის შემდეგ ერექციის განმეორება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია (რეფრაქტერული პერიოდი). ახალგაზრდა მამაკაცებში ეს ყველაზე ხშირად დაახლოებით 20 წუთი გრძელდება.