პენისზე სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების მიზეზი შეიძლება ინფექციები იყოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია სიფილისი, რომლის დროს კანზე შეიძლება განვითარდეს ბრტყელი, წითელი ან ნაცრისფერი წარმონაქმნები (condylomata lata). ასევე, ზოგიერთი ვირუსული ინფექციის დროს, შეიძლება განვითარდეს ერთი ან მეტი პატარა, მკვრივი, კანიდან ამოწეული წარმონაქმნი (genital warts, ან condylomata) ან პატარა, მკვრივი ჩაღრმავებული ელემენტები (molluscum contagiosum).
კანის კიბო პენისის ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს, თუმცა იგი ყველაზე ხშირად პენისის თავზე (პენისის კონუსისებური ფორმის დაბოლოება), განსაკუთრებით მის ფუძეზე გვხვდება. პენისის კიბო, რომელიც პენისის კანს აზიანებს, არც ისე ხშირია ამერიკაში და უფრო იშვიათია იმ მამაკაცებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ჩუჩის მოცილების ოპერაცია. პენისის კიბოს მიზეზი შეიძლება იყოს ხანგრძლივი ირიტაცია, ჩვეულებრივ, ჩუჩის ქვემოთ. ყველაზე ხშირად გვხვდება Squamous cell carcinoma. კიბოს ადრეული ფორმები, რომლებიც იშვიათია, მოიცავს: ბოუნეის დაავადებას, პაგეტის დაავადებას და ქუერატის ერითროპლაზიას (Erythroplasia of Queyrat).
კიბოს საწყის ეტაპზე ჩნდება უმტკივნეულო, მოწითალო ფერის კანი წყლულებით, რომელიც კვირების განმავლობაში მკურნალობას არ ემორჩილება. ქუერატის ერითროპლაზია, ჩვეულებრივ, ვითარდება იმ მამაკაცებში, რომლებსაც არა აქვთ გაკეთებული ჩუჩის მოცილების ოპერაცია. ამ დროს პენისზე, ჩვეულებრივ, პენისის თავის დაბოლოებაზე, ჩნდება შემოსაზღვრული მოწითალო ფერის, გლუვი, დაზიანებული კანი.
პენისის კიბოს სადიაგნოსტიკოდ ექიმები იღებენ ქსოვილის ნიმუშს და მას მიკროსკოპის ქვეშ იკვლევენ (ბიოფსია).
ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი და პატარა ზომის კიბოს სამკურნალოდ ექიმები ნიშნავენ ფლუოროურაცილის შემცველ მალამოს ან მიმართავენ სხვა მეთოდს – ლაზერით ან ქირურგიული მეთოდით კიბოსა და მის გარშემო არსებული ჯანსაღი ქსოვილის ნაწილის ამოღებას. სხვა ტიპის კიბოს შემთხვევებში, ქირურგიული მეთოდის გამოყენებით იღებენ მხოლოდ კიბოს ქსოვილს, პენისის რაც შეიძლება მაქსიმალური დაზოგვით. იმ შემთხვევაში, როცა გარდაუვალია დიდი მასის ამოღება, მოგვიანებით საჭირო ხდება ქირურგიული მეთოდით პენისის აღდგენა.
მამაკაცების უმრავლესობაში კიბო პატარა ზომისაა და მას მეტასტაზირება არ ახასიათებს. მამაკაცები მკურნალობის შემდეგ დიდხანს ცოცხლობენ. კიბოს მეტასტაზირების შემთხვევაში, მამაკაცების უმეტესობა 5 წლის განმავლობაში იღუპება.