რეტროგრადული ეაკულაცია არის მდგომარეობა, როცა თესლის ეაკულაცია ხდება უკან, შარდის ბუშტში, და არა პენისის გავლით.
რეტროგრადული ეაკულაციის დროს, შარდის ბუშტის ნაწილი (შარდის ბუშტის ყელი), რომელიც ეაკულაციის დროს დახურული უნდა იყოს, ღია რჩება, რის გამოც სპერმა გადადის უკან, შარდის ბუშტში.
რეტროგრადული ეაკულაციის გავრცელებული მიზეზებია: დიაბეტი, ზურგის ტვინის ტრავმა, ზოგიერთი მედიკამენტი და ქირურგიული ოპერაცია (განსაკუთრებით მუცლის ღრუს, მენჯის ღრუს და პროსტატის ქირურგიული ოპერაციები).
მამაკაცებს, რომელთაც აღენიშნებათ რეტროგრადული ეაკულაცია, შეიძლება ჯერ კიდევ ჰქონდეთ შენარჩუნებული ორგაზმი, თუმცა რეტროგრადული ეაკულაცია ამცირებს სპერმის იმ რაოდენობას, რომელიც გადის პენისში. ზოგჯერ შეიძლება სპერმა პენისიდან საერთოდ არ გამოვიდეს. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, მაგრამ სხვა მხრივ იგი არ არის დამაზიანებელი.
რეტროგრადული ეაკულაციის დიაგნოზი ისმება უშუალოდ ეაკულაციის შემდეგ აღებულ შარდში სპერმის დიდი რაოდენობით ნახვის საფუძველზე. მამაკაცს, ჩვეულებრივ, არ სჭირდება მკურნალობა, თუ უნაყოფობა არ გახდა პრობლემა. რეტროგრადული ეაკულაციის მქონე მამაკაცების ერთი მესამედის მდგომარეობა უმჯობესდება იმ მედიკამენტების გამოყენებით, რომლებიც ხურავენ შარდის ბუშტის ყელს (კერძოდ, ფესვდოფედრინი, ფენილაფრინი, ქლორფენილამინი, ფენირამინი ან იმიპრამინი), თუმცა ამ მედიკამენტების უმრავლესობა იწვევს გულის ცემის აჩქარებას და არტერიული წნევის მომატებას, რაც სახიფათოა მაღალი წნევისა და გულის დაავადებების მქონე მამაკაცებისათვის.
თუ უნაყოფობა არ ექვემდებარება მედიკამენტებით მკურნალობას, ექიმებს შეუძლიათ შეაგროვონ მამაკაცის სპერმა ინსემინაციისათვის.