ვაგინიზმი საშოს შესავლის ირგვლივ მდებარე კუნთების უნებლიე შეკუმშვაა, თუმცა ამ დროს ქალებს გასინჯვით რაიმე პათოლოგიური ცვლილება არ აღენიშნებათ. კუნთების ძლიერი შეკუმშვის გამო, სქესობრივი კავშირი მტკივნეული ან შეუძლებელია.
ვაგინიზმის დროს საშოს კუნთები, ქალის სურვილის მიუხედავად – იქონიოს სქესობრივი კონტაქტი – უნებლიეთ იკუმშება. იგი ჩვეულებრივ იწყება, როცა ქალი პირველად ცდილობს სქესობრივი კავშირის დამყარებას. თუმცა, შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითაც, მაგალითად, როდესაც სხვა ფაქტორების გავლენით სქესობრივი კავშირი მტკივნეული ხდება ან ქალი სქესობრივი კონტაქტის დამყარებას ცდილობს ემოციური აშლილობის ფონზე. მტკივნეული სქესობრივი კონტაქტის გამო, ქალს მისი შიში უჩნდება. შიში აძლიერებს კუნთების შეკუმშვას და სქესობრივი კონტაქტი კიდევ უფრო მტკივნეული ხდება. ყალიბდება იმგვარი რეფლექსური რეაქცია, რომ, როდესაც საშოზე ზეწოლა ან თუნდაც შეხება ხდება, იგი ავტომატურად (რეფლექსურად) იკუმშება. ქალების უმრავლესობა ამის გამო ვერ იწყებს სქესობრივ ცხოვრებას. ზოგი ქალი ვერ ეგუება ტამპონის მოთავსებას ან არც არასდროს ჰქონია სურვილი, იგი ეცადა. ვაგინიზმის მქონე ქალების ნაწილი ისეთ სექსუალურ აქტივობებს ეწევა, რომელთა დროსაც პენეტრაცია არ ხდება.
დიაგნოზი დაფუძნებულია ქალის მიერ პრობლემის აღწერილობაზე და მის სამედიცინო და სექსუალურ ანამნეზზე, მათ შორის, ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდზე. შემდეგი ეტაპია მენჯის გასინჯვა.
გასინჯვა რომ ასატანი იყოს პაციენტისათვის, ექიმი ნელა და სიფრთხილით მოქმედებს და დეტალურად უხსნის პაციენტს, თუ რას აკეთებს. ქალს შეიძლება შესთავაზონ სარკე საკუთარი სასქესო მიდამოს დასანახად. ცალკეულ შემთხვევებში მას შეუძლია ექიმის ხელზე ან ინსტრუმენტზე ხელის მოკიდებით აკონტროლოს გასინჯვის პროცესი. ზოგჯერ, მენჯის გასინჯვამდე, უნდა ჩატარდეს დამუშავება. ექიმი ეძებს ნაწიბურების, ინფექციის ან სხვა პათოლოგიური კერების არსებობას, რომელთაც შეიძლება სიმპტომები გამოეწვია. როდესაც პრობლემა მხოლოდ ვაგინიზმია, ასეთი ცვლილებები არ ვლინდება.
მკურნალობის მიზანია, საშოს ან მის ირგვლივ მიდამოსთან შეხებისას კუნთების რეფლექსური შეკუმშვისა და ტკივილის შიშის შემცირება. აღნიშნული რეფლექსის შესასუსტებლად, ქალს გარკვეული სავარჯიშოების შესრულების ინსტრუქციას აძლევენ.
თავდაპირველად, ქალი ეხება საშოს შესავალთან ახლო მიდამოს, რომელიც ტკივილს არ იწვევს. ყოველდღიურად იგი სულ უფრო მეტად უახლოვდება საშოს შესავალს, ტკივილის გამოწვევის გარეშე. როდესაც უკვე შესაძლებელია საშოს შესავალთან (ეწოდება ბაგეები) შეხება, იწყება ვარჯიში ბაგეების გადასაწევად. ქალს ურჩევენ, სასქესო მიდამოს დასანახად გამოიყენოს სარკე. შემდეგ ასწავლიან, რომ გაიჭინთოს, რა დროსაც საშოს შესავალი ფართოვდება და მისი დანახვა ადვილდება. მას შემდეგ, რაც ქალი შეძლებს საშოს შესავალს ტკივილის გამოწვევის გარეშე შეეხოს, აძლევენ ინსტრუქციას, თითი მოათავსოს საქალწულე აპკის მიღმა, თან გაიჭინთოს, რაც თითის საშოში მოთავსებას უფრო გააადვილებს.
როდესაც ქალი აღნიშნული სავარჯიშოების შესრულებას ტკივილის გარეშე შეძლებს, იწყება კონუსის ფორმის სადგამების მოთავსება საშოში. სადგამი თავსდება 10-15 წუთით და ქალი ცდილობს საშოს კუნთების მოჭერას. როდესაც ქალი აღარ აღნიშნავს დისკომფორტს სადგამთან დაკავშირებით, თანდათან შეიძლება მისი ზომის მატება, რაც ზრდის ზეწოლას საშოში. საბოლოოდ, ქალი სთხოვს პარტნიორს, მან მოათავსოს სადგამი საშოში. ამგვარად, ქალი სწავლობს საშოს კუნთების მოდუნებას და რეფლექსური შეკუმშვის აღმოფხვრას.
მხოლოდ ყველა საფეხურის გავლის შემდეგ უნდა სცადოს წყვილმა სქესობრივი კავშირის განახლება. ექიმები, ჩვეულებრივ, რეკომენდაციას აძლევენ ქალს, რომ პარტნიორის პენისი თავისი ხელით ნაწილობრივ ან სრულად მოათავსოს საშოში, ისევე, როგორც ათავსებდა სადგამებს. ზოგი ქალისთვის, ამ თვალსაზრისით, მეტად კომფორტულია ზემოდან ყოფნა კავშირის დროს. ზოგ მამაკაცს კი, მეტისმეტი სიფრთხილისა და წინააღმდეგობის გამო, შეიძლება ერექცია დაეკარგოს. ამ დროს დაეხმარება ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორის (როგორიცაა სილდენაფილი, ტადალაფილი ან ვარდენაფილი) მიღება.