სექსუალური აღგზნების დარღვევები მოიცავს იმ მდგომარეობებს, როდესაც ქვეითდება სექსუალური სტიმულაციისადმი საპასუხო რეაქცია – მენტალური ან ემოციური (სუბიექტური), ფიზიკური (როგორიცაა საშოს მიდამოს სისხლსავსეობა, პულსაცია ან საშოს სისველე) ან ორივე ერთად.
ჩვეულებრივ, სექსუალური სტიმულაციის დროს, ქალები მენტალურ და ემოციურ სექსუალურ აღელვებას გრძნობენ. ისინი შეიგრძნობენ გარკვეულ ფიზიკურ ცვლილებებსაც. მაგალითად, საშო გამოყოფს სეკრეტს, რომელიც საპოხ (ლუბრიკანტი) დანიშნულებას ასრულებს (იწვევს სისველის შეგრძნებას); შუპდება საშოს შესავლის ირგვლივი ქსოვილები (ბაგეები) და კლიტორი (რომელიც მამაკაცის პენისს შეესაბამება); სარძევე ჯირკვლები მსუბუქად ჯირჯვდება, ამასთან, აღნიშნული არეები შეიძლება თრთოდეს.
სექსუალური აღგზნების დარღვევის დროს, სექსუალური სტიმულაციის ჩვეული სახეები (როგორიცაა კოცნა, ცეკვა, ეროტიკული ფილმის ცქერა და სასქესო ორგანოებზე შეხება) არ იწვევს არც მენტალურ და ემოციურ (სუბიექტურ) და არც ფიზიკურ აღგზნებას.
გენიტალიების აღგზნების დარღვევის შემთხვევაში (სექსუალური აღგზნების დარღვევის სახეობა), ქალის აღგზნებას იწვევს სტიმულაცია, რომელიც სასქესო ორგანოებს არ მოიცავს (მაგალითად, ეროტიკული ფილმის ყურება), მაგრამ, როდესაც გენიტალიების სტიმულაცია ხდება (მათ შორის, სქესობრივი კავშირის დროს), ქალი ვერ შეიგრძნობს საპასუხო ფიზიკურ რეაქციას ან ფიზიკურ სიამოვნებას. შედეგად, სქესობრივი ურთიერთობა არასასიამოვნო და, შესაძლოა, გაძნელებული ან მტკივნეულიც კი იყოს.
ზოგჯერ გამღიზიანებელზე საპასუხო რეაქცია ვითარდება, მაგრამ ქალი ვერ შეიგრძნობს მათ, შესაბამის არეებში მგრძნობელობის დაქვეითების გამო.
სექსუალური აღგზნების დარღვევებსაც იგივე მიზეზები განაპირობებს, რომლებიც სექსუალური სურვილის დაქვეითებას იწვევს. ასეთებია, მაგალითად, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, შფოთვა, სტრესი, სხვა ფსიქოგენური ფაქტორები, წამლები და ურთიერთობის პრობლემები. პრობლემის ხელშემწყობი, ასევე, შეიძლება იყოს არაადეკვატური სტიმულაცია ან სქესობრივი ურთიერთობისთვის არასათანადო გარემო.
გენიტალური აღგზნების დარღვევების მიზეზი ესტროგენების ან ტესტოსტერონის დაქვეითებული რაოდენობაც შეიძლება იყოს, რაც მენოპაუზის დროს ან შემდეგ, საშოს (ვაგინიტი) ან შარდის ბუშტის (ცისტიტი) ინფექციის, ასევე, ვულვის კანის ცვლილების დროს აღინიშნება. ხსენებულმა დარღვევებმა შეიძლება თავი იჩინოს ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორებიცაა დიაბეტი ან მრავლობითი სკლეროზი, ნერვების დაზიანება. ნერვების დაზიანება სასქესო მიდამოს მგრძნობელობის დაქვეითებასაც იწვევს.
დიაგნოზი ეფუძნება ქალის დაავადების ისტორიას და პრობლემის აღწერილობას. ტარდება მენჯის გასინჯვა.
მკურნალობა, რომელიც ინიშნება სექსუალური დისფუნქციის დროს, შედეგიანი შეიძლება იყოს აღნიშნულ შემთხვევაშიც. მაგალითად, მკურნალობის შემადგენელი გარემოებებია:
წყვილებმა შეიძლება სცადონ სხვადასხვა სახის სტიმულები, მაგალითად, ვიბრატორი, ფანტაზიები ან ეროტიკული ფილმის ცქერა. ასევე შეიძლება მოსინჯონ, ვაგინალურის გარდა, სხვა სახის ურთიერთობაც, მაგალითად, შეასრულონ შეგრძნებაზე ფოკუსირებული სავარჯიშოები. ასეთი სავარჯიშოს შესრულებისას პარტნიორები რიგრიგობით ეხებიან ერთმანეთს იმგვარად, რომ ეს შეხება სასიამოვნო იყოს. თავდაპირველად, ეხებიან განსაზღვრულ ადგილებს. გენიტალიებზე შეხება შეზღუდულია და ფოკუსირება ხდება უფრო მეტად ემოციაზე, ვიდრე სექსუალურ სტიმულაციაზე. ერთ-ერთი პარტნიორი მეორეს უთითებს მისთვის სასურველი სტიმულაციის სახეობაზე. პარტნიორები ამ დროს ფოკუსირებულნი არიან შეგრძნებებზე. შემდგომ თანდათან გადადან სხეულის სხვა ნაწილების მგრძნობიარე შეხებაზე, ამის შემდეგ – სექსუალურ და ბოლოს გენიტალიების სტიმულაციაზე. აღნიშნული სავარჯიშოებით შესაძლებელია სქესობრივ აქტივობამდე პარტნიორებს შორის ინტიმურობის ამაღლება და შფოთვის შემცირება.
თუ პრობლემის სავარაუდო მიზეზი მედიკამენტების მიღებაა, შესაძლებლობის შემთხვევაში, წყდება მათი მიღება. სეროტონინის სელექციური უკუტაცების ინჰიბიტორებით (ანტიდეპრესანტები) გამოწვეული დისფუნქციის შემთხვევაში, ეფექტიანია ბუპროპიონის (განსხვავებული ტიპის ანტიდეპრესანტი) დამატება ან მისი შეცვლა სხვა სახის ანტიდეპრესანტით.
ატროფიული ვაგინიტის შემთხვევაში, ექიმი ნიშნავს ესტროგენს ადგილობრივი საცხის სახით სასქესო მიდამოში წასასმელად, ვაგინალური რგოლის ან სანთლების სახით ან აბებს დასალევად. ორალური კონტრაცეპტივების მიღების შემთხვევაში, ექიმი მათ ცვლის კონტრაცეპტივის კანზე დასაკრავი პლასტირით ან ბარიერული მეთოდით (კონდომი ან დიაფრაგმა). ქალები, რომლებიც ესტროგენების აბებით მკურნალობას იტარებენ, სთავაზობენ ესტროგენის სხვა გზით მიღებას, როგორიცაა კანზე დასაკრავი პლასტირი ან გელი.
ტესტოსტერონის (დასალევი ფორმა ან პლასტირი) ეფექტიანობა შესწავლის პროცესშია. ზოგი ექიმი პერიოდულად ნიშნავს ტესტოსტერონს, თუმცა იგი მაინც ექსპერიმენტულ მეთოდად ითვლება. ქალებს, რომლებიც ტესტოსტერონით მკურნალობას იტარებენ, რეგულარულად სჭირდებათ ექიმის მიერ შემოწმება, ვინაიდან აღნიშნულ საშუალებას აქვს გვერდითი ეფექტები და, ამასთან, მისი რეგულარული გამოყენების შორეული შედეგებიც არ არის ცნობილი.