ბაქტერიული ვაგინოზი | მკურნალი.გე
  1. ბაქტერიული ვაგინოზი
  2. საშოს ინფექციები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ბაქტერიული ვაგინოზი

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციაა, რომელიც საშოს ნორმალური ბაქტერიული ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება.

  • ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების მაღალი ალბათობა შეინიშნება ქალებში, რომელთაც აქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, ჰყავთ რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ან სარგებლობენ საშვილოსნოს შიდა საშუალებით;

  • ახასიათებს თხელი კონსისტენციის, მოყავისფრო ან თეთრი ფერის, შესაძლოა, დიდი რაოდენობით გამონადენი, რომელსაც სპეციფიკური – თევზის სუნი აქვს და ხშირად ახლავს ქავილი;

  • ეფექტიანია ანტიბიოტიკების გამოყენება გელის, კრემის ან დასალევი აბების სახით;

  • ხშირად ბაქტერიული ვაგინოზი ხელახლა ვითარდება.

მიზეზები

მრავალი ბაქტერია ნორმალურად ბინადრობს საშოში. მათი ერთ-ერთი სახეობაა ლაქტობაქტერიები, რომლებიც ინარჩუნებს საშოს მჟავიანობას. ამ გზით, ლაქტობაქტერიები საშოს ლორწოვან გარსს ჯანმრთელ მდგომარეობაში ინარჩუნებს და ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებისაგან იცავს. ბაქტერიული ვაგინოზი, საშოს ყველაზე ხშირი ინფექცია, ვითარდება მაშინ, როდესაც საშოში მობინადრე დამცველობითი ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება და სხვა ბაქტერიების (Gardnerella vaginalis და Peptostreptococcus შტამები) რაოდენობა მატულობს. რატომ ვითარდება აღნიშნული ცვლილებები და დაავადება სქესობრივი გზით გადამდებია თუ არა, არ არის ცნობილი. რაც დანამდვილებით ცნობილია, ისაა, რომ ბაქტერიული ვაგინოზი ხშირია ქალებს შორის, რომელთაც სქესობრივად გადამდები დაავადება აქვთ, ჰყავთ რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ან სარგებლობენ საშვილოსნოს შიდა საშუალებით (სშს).

სიმპტომები

საშოდან გამონადენი შეიძლება ნაცრისფერი ან თეთრი, თხელი კონსისტენციის და ჭარბი იყოს, თან ახლდეს ქავილი. სუნი უფრო მძაფრი ხდება სქესობრივი კავშირის შემდეგ და მენსტრუაციის დროს.

ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მაგალითად, მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ხოლო ორსულ ქალებში – სანაყოფე გარსების ანთება, ნაადრევი მშობიარობა და მშობიარობის ან აბორტის შემდგომ საშვილოსნოს ინფექცია.

მკურნალობა

ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობა ანტიბიოტიკების (როგორიცაა მეტრონიდაზოლი ან კლინდამიცინი) საშოს გელით ან კრემით ტარდება. ასევე შედეგიანია დასალევი აბების სახით მიღებული მეტრონიდაზოლი ან ტინიდაზოლი, თუმცა მათ შესაძლოა მრავალი გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. კლინდამიცინის საშოს კრემით მკურნალობის შემთხვევაში, ქალებმა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგოდ ლატექსის პროდუქტებს იყენებენ (კონდომი ან დიაფრაგმა), უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული მედიკამენტი იწვევს ლატექსის დაზიანებას, შესაბამისად, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების სანდოობა მცირდება.

ბაქტერიული ვაგინოზი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში იკურნება, თუმცა ხშირად თავიდან ვითარდება. დაავადების განმეორებით განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი დროით მიღება.