ტრიქომონიაზი უმარტივესის – Trichomonas vaginalis-ის მიერ გამოწვეული საშოს ინფექციაა.
უმარტივესი Trichomonas vaginalis საშოში მოხვედრის შემდეგ ან მალევე იწვევს სიმპტომებს, ან ყოველგვარი გამოვლინების გარეშე, კვირების და თვეების განმავლობაში საშოში ან საშვილოსნოს ყელში. შეიძლება დაინფიცირდეს შარდის ბუშტი. მამაკაცებში, უმარტივესები, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღით ან კვირით რჩებიან სიმპტომების გამოვლინების გარეშე.
Trichomonas გენიტალური ინფექციები (ტრიქომონიაზი) ყოველთვის სქესობრივი გზით გადაიცემა. ქალის დაინფიცირება შესაძლებელია ქალთან ან მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტით, მამაკაცის დაინფიცირება კი მხოლოდ ქალთან და არა მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტითაა შესაძლებელი. აღნიშნული ინფექციის მქონე პირებს სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც შეიძლება ჰქონდეთ. ვინაიდან უმარტივესი ყოველგვარი გამოვლინების გარეშე, ქალის სასქესო გზებში დიდი ხნის განმავლობაში რჩება, იმის განსაზღვრა, თუ როდის მოხდა დაინფიცირება და ვისგან, რთული ან შეუძლებელია.
ინფექცია შეიძლება ბავშვებს შორისაც გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში, იგი სქესობრივი ძალადობის შედეგი შეიძლება იყოს.
ქალს ზოგჯერ აქვს მომწვანო ან მოყვითალო ფერის გამონადენი საშოდან, რომელიც ან ქაფიანია, ან ჭარბია, ან ორივე ერთად. შესაძლოა, ჰქონდეს თევზის სუნი, აღინიშნებოდეს ქავილი სასქესო მიდამოში და საშო გაწითლებული და მტკივნეული იყოს. შედეგად, სქესობრივი კავშირი მტკივნეულია. შარდის ბუშტის ინფიცირების შემთხვევაში, ასევე მტკივნეულია შარდვა.
ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ხოლო ორსულ ქალებში – ნაადრევი მშობიარობა.
ინფექციის გადაცემისგან დაცვა შესაძლებელია სქესობრივი კავშირის დროს კონდომის გამოყენებით.
დასალევი მეტრონიდაზოლის ან ტინიდაზოლის ერთჯერადად მიღება შემთხვევათა 95%-ში იწვევს ქალების განკურნებას. ამავდროულად, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს სქესობრივ პარტნიორებსაც. მეტრონიდაზოლის ან ტინიდაზოლის მიღებიდან, სულ მცირე, 72 საათის განმავლობაში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ზემოაღნიშნული რომელიმე პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გულისრევა, ღებინება, კრამპები, სახის წამოწითლება და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
დაავადების შემთხვევაში, ინფექციის გადაცემის პრევენციის მიზნით, სრულ განკურნებამდე სქესობრივი კონტაქტის დროს საჭიროა კონდომის გამოყენება.