საკვერცხის შემოგრეხა | მკურნალი.გე
  1. საკვერცხის შემოგრეხა
  2. არაავთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
საკვერცხის შემოგრეხა

საკვერცხის შემოგრეხა საკვერცხისა და ზოგჯერ ფალოპის მილის შემობრუნებაა, რაც იწვევს ამ ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების შეწყვეტას.

  • შემოგრეხა იწვევს უეცრად განვითარებულ ძლიერ ტკივილს და ზოგჯერ ღებინებას;

  • დიაგნოზის დადასტურების მიზნით, ექიმები საშოში მოთავსებული გადამწოდით ატარებენ ულტრაბგერით კვლევას (ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია);

  • გადაუდებლად ტარდება ქირურგიული ჩარევა, საკვერცხის გასაშლელად და ხშირად – მისი მოკვეთის მიზნით.

საკვერცხე და ზოგჯერ ფალოპის მილი შემოიგრიხება მათ დამჭერ, იოგის მსგავს ქსოვილზე. საკვერცხის შემობრუნება (საკვერცხის შემოგრეხა) იშვიათია და უფრო მეტად რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის ვითარდება. ჩვეულებრივ, იგი ვითარდება, როდესაც საკვერცხესთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა არსებობს. მის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი მდგომარეობები:

  • ორსულობა

  • ოვულაციის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება (უშვილობის დროს)

  • საკვერცხის გადიდება, რაც გამოწვეულია არაავთვისებიანი სიმსივნეებით ან ცისტებით

შემოგრეხას არაავთვისებიანი სიმსივნეები უფრო ხშირად იწვევს, ვიდრე ავთვისებიანი.

იშვიათად ნორმალური საკვერცხეც შეიძლება შემოიგრიხოს. ასეთი სახის შემოგრეხა მეტად მოსალოდნელია ბავშვებს შორის.

საკვერცხის შემოგრეხა, ჩვეულებრივ, ცალ მხარეზე ვითარდება. პროცესში ძირითადად საკვერცხეა ჩართული, თუმცა ზოგჯერ ფალოპის მილიც შეიძლება შემოიგრიხოს. ასეთ შემთხვევაში სისხლის მიწოდება ზოგჯერ საკვერცხეს იმდენად დიდი ხნით უწყდება, რომ მისი ქსოვილი კვდომას იწყებს. საკვერცხის შემოგრეხამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიტონიტი – მუცლის ღრუსა და მისი ამომფენი ქსოვილების ანთება.

სიმპტომები

საკვერცხის შემოგრეხისას, ქალს აქვს უეცარი, ძლიერი ტკივილი მენჯის არეში. ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა და ღებინება. უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილის აღმოცენებამდე, ქალს რამდენიმე დღის და ზოგჯერ კვირის განმავლობაში შეიძლება გარდამავალი, სპაზმური ხასიათის ტკივილი ჰქონდეს. ტკივილის განვითარების მიზეზია საკვერცხის განმეორებადი შემოგრეხა და გაშლა. ტკივილი მუცელშიც შეიძლება აღინიშნოს.

დიაგნოზი

ექიმებს დიაგნოზზე ეჭვი სიმპტომების და ფიზიკური გასინჯვის მიხედვით მიაქვთ. დიაგნოზის დადასტურების მიზნით ტარდება ულტრასონოგრაფია, რა დროსაც გადამწოდი მოთავსებულია საშოში (ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია). აღნიშნული პროცედურით ასევე შესაძლებელია გაირკვეს, შეწყვეტილია თუ არა საკვერცხესთან სისხლის მიდინება.

მკურნალობა

ულტრასონოგრაფიით დიაგნოზის დადასტურებისთანავე, დაუყოვნებლივ ტარდება მკურნალობა. გამოიყენება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პროცედურა:

  • ლაპაროსკოპია: ექიმები მუცლის კედელზე რამდენიმე მცირე ზომის განაკვეთს აკეთებენ. შემდეგ, განაკვეთის საშუალებით დგამენ დრეკად მილს (ლაპაროსკოპი). სხვა განაკვეთებიდან ჩადგმული ინსტრუმენტების საშუალებით, ცდილობენ საკვერცხის და ფალოპის მილის – თუ ისიც შემოგრეხილია – გაშლას. ლაპაროსკოპია კლინიკაში კეთდება და ზოგად გაუტკივარებას საჭიროებს, თუმცა კლინიკაში ღამის გატარება საჭირო არაა.

  • ლაპაროტომია: ექიმები მუცელზე ფართო განაკვეთს ავლებენ. ლაპაროსკოპის გამოყენება საჭირო არაა, რადგან დაზიანებული ორგანოები პირდაპირ მოჩანს. ვინაიდან განაკვეთი დიდი ზომისაა, საჭიროა კლინიკაში რამდენიმე დღით დარჩენა.

თუ სისხლის ნაკადი შეწყვეტილია და ქსოვილები მკვდარი, საჭიროა ფალოპის მილისა და საკვერცხის ამოკვეთა (სალპინგოოოფორექტომია). საკვერცხის ცისტის არსებობისას, მხოლოდ ცისტა ამოიკვეთება (ეწოდება ცისტექტომია). საკვერცხის სიმსივნის შემთხვევაში, მთლიანად საკვერცხეს კვეთენ (ეწოდება ოოფორექტომია).