ცერვიკალური მიომები საშვილოსნოს ყელში არსებული სწორზედაპირიანი, კეთილთვისებიანი სიმსივნეებია.
მიომები ნაწილობრივ კუნთოვანი ქსოვილისაგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეებია. ისინი იშვიათად ვითარდება საშვილოსნოს ყელში, ხოლო, განვითარების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ახლავს მიომური კვანძების არსებობა საშვილოსნოს უფრო ფართო – ზედა ნაწილში. საშვილოსნოს აღნიშნულ ნაწილში განვითარებულ კვანძებს ფიბრომებსაც უწოდებენ. დიდი ზომის ცერვიკალურ მიომებს შეუძლია გამოიწვიოს საშარდე ტრაქტის ნაწილობრივი დახშობა ან დაეშვას საშოში (პროლაფსი). პროლაბირებულ მიომაზე ზოგჯერ წყლულები ვითარდება. ის შეიძლება დაინფიცირდეს, სისხლდენა დაიწყოს ან ორივე ერთად განვითარდეს. პროლაბირებულმა მიომამ შესაძლებელია შარდის დინების დახშობაც გამოიწვიოს.
ცერვიკალური მიომების დიდი ნაწილი საბოლოოდ იწვევს სიმპტომების განვითარებას. ყველაზე ხშირი სიმპტომია სისხლდენა საშოდან, რომელსაც არარეგულარული ხასიათი აქვს ან ჭარბია. ჭარბი სისხლდენა განაპირობებს ანემიის განვითარებას, რომელსაც თან ახლავს სისუსტე და დაღლილობა. სქესობრივი კონტაქტი შესაძლოა მტკივნეული იყოს.
მიომის დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია ტკივილის, სისხლდენის ან საშოდან გამონადენის განვითარება. იშვიათად, პროლაფსი იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ზეწოლის შეგრძნება ან წარმონაქმნი მუცელში.
თუ მიომა შარდის დინებას ახშობს, ქალს შესაძლებელია წყვეტილი შარდი, მოშარდვის დასრულებისას შარდის წვეთ-წვეთად დენა ან შარდის შეკავება ჰქონდეს. მეტად მოსალოდნელია საშარდე გზების ინფექციის განვითარება.
ექიმები მიომას ხშირად ფიზიკური გასინჯვისას აღმოაჩენენ. მენჯის გასინჯვისას, შეიძლება დაინახონ კიდევაც იგი, განსაკუთრებით თუ პროლაბირებულია, ან შეიძლება შეიგრძნონ, როდესაც საშვილოსნოს და მისი ყელის ზომას და ფორმას აფასებენ (ერთი ხელთათმანიანი ხელი მოთავსებულია საშოში, ხოლო მეორე – მუცელზე).
როდესაც დიაგნოზი გაურკვეველია, აღნიშნული მიდამოს გამოსახულების მისაღებად, ექიმები საშოში ათავსებენ ულტრაბგერითი აპარატის გადამწოდს. პროცედურას ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია ეწოდება. იგი ტარდება შარდის ნაკადის დახშობის შეფასების და სხვა მიომური კვანძების გამოვლენის მიზნითაც.
ტარდება სისხლის ანალიზი ანემიის გამოსავლენად. საშვილოსნოს ყელის კიბოს გამორიცხვის მიზნით, ტარდება პაპანიკოლაუს (პაპ) ტესტი ან მისი სახესხვაობა (ცერვიკალური ციტოლოგია).
თუ მიომები მცირე ზომისაა და სიმპტომებს არ იწვევს, მკურნალობა საჭირო არაა. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, კვანძებს ამოკვეთენ ქირურგიული გზით (პროცედურას მიომექტომია ეწოდება). მხოლოდ მიომის მოკვეთის შემთხვევაში, ქალს ბავშვის გაჩენა შეუძლია. თუ მიომა დიდი ზომისაა, შესაძლებელია საჭიროგახდეს მთლიანად საშვილოსნოს ამოკვეთა (ჰისტერექტომია). ორივე პროცედურა მუცელზე გავლებული დიდი ზომის განაკვეთით (ლაპაროტომია) ტარდება. ზოგჯერ, აღნიშნული ოპერაცია ჭიპის ახლოს გავლებული, მცირე ზომის, ერთი ან რამდენიმე განაკვეთიდან ჩადგმული ინსტრუმენტების საშუალებითაც შეიძლება ჩატარდეს (ლაპაროსკოპია).
მიომის პროლაფსის შემთხვევაში, მისი ამოკვეთა საშოდან ჩადგმული (ტრანსვაგინალური) ინსტრუმენტების საშუალებითაც შეიძლება.