საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) შევიწროება (სტენოზი) | მკურნალი.გე
  1. საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) შევიწროება (სტენოზი)
  2. არაავთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) შევიწროება (სტენოზი)

ცერვიკალური სტენოზი საშვილოსნოს ყელის არხის (საშვილოსნოს ქვედა ნაწილი) შევიწროებაა.

  • შესაძლებელია უნაყოფობა ან საშვილოსნოს ღრუში სისხლის ან ჩირქის დაგროვება;

  • სიმპტომების შესამსუბუქებლად, შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის არხის გაგანიერება.

ცერვიკალური სტენოზის დროს, საშვილოსნოს ყელის არხი (საშოდან საშვილოსნოს სხეულის მიმართულებით) შევიწროებული ან სრულად დახურულია.

ცერვიკალური სტენოზი ზოგ ქალს დაბადებიდან აქვს. სხვა შემთხვევებში, იგი სხვა დაავადებების ან მდგომარეობების შედეგად ვითარდება, მაგალითად, როგორიცაა:

  • კიბო (ცერვიკალური ან ენდომეტრიული);

  • ქირურგიული ჩარევა საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე (დისპლაზია) დაავადებების მკურნალობის მიზნით;

  • საშოდან მუდმივი ხასიათის სისხლდენების შემთხვევაში, პროცედურები, რომელთა დროს ხდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დაზიანება ან მოცილება (ენდომეტრიული აბლაცია);

  • სხივური თერაპია საშვილოსნოს ყელის ან ლორწოვანი გარსის კიბოს (ენდომეტრიუმის კიბო) მკურნალობის მიზნით;

  • მენოპაუზა, ვინაიდან საშვილოსნოს ყელის ქსოვილები თხელდება (ატროფია).

ცერვიკალურმა სტენოზმა შესაძლოა საშვილოსნოში სისხლის დაგროვება გამოიწვიოს (ჰემატომეტრა). მენსტრუალური ციკლის მქონე ქალებში, საშვილოსნოს ლორწოვანის უჯრედებთან შერეულმა მენსტრუალურმა სისხლმა შესაძლებელია გადაინაცვლოს უკუმიმართულებით – მენჯის ღრუსკენ – და ენდომეტრიოზი გამოიწვიოს. თუ საშვილოსნოში ჩირქი წარმოიქმნება (როგორც ეს ცერვიკალური ან ენდომეტრიული კიბოს დროს ხდება), იგი შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში დაგროვდეს. საშვილოსნოს ღრუში ჩირქის დაგროვებას პიომეტრა ეწოდება.

სიმპტომები

მენოპაუზამდე, ცერვიკალურმა სტენოზმა შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის შემდეგი სახის დარღვევები: ციკლის არარსებობა (ამენორეა), მტკივნეული მენსტრუალური ციკლები (დისმენორეა) და პათოლოგიური სისხლდენა. ცერვიკალური სტენოზი უშვილობასაც იწვევს, ვინაიდან სპერმა ვერ გაივლის საშვილოსნოს ყელის არხს და ვერ გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს.

მენოპაუზის შემდგომ ცერვიკალური სტენოზი კვლავ ვლინდება, თუმცა სიმპტომებს არ იწვევს.

ჰემატომეტრამ და პიომეტრამ შესაძლოა ტკივილი ან საშვილოსნოს ზომაში მომატება გამოიწვიოს. ზოგჯერ ქალები მენჯის არეში წარმონაქმნს შეიგრძნობენ.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზს ვარაუდობენ სიმპტომების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, როგორიცაა:

  • საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ან მტკივნეული მენსტრუალური ციკლები;

  • საშვილოსნოს ყელში ინსტრუმენტების ჩადგმის შეუძლებლობა პაპანიკოლაუს (პაპ) ტესტის ან მისი ვარიაციის (ცერვიკალური ციტოლოგია), ან საშვილოსნოს ლორწოვანიდან (ენდომეტრიუმის ბიოფსია) გამოსაკვლევი მასალის ასაღებად.

ექიმები დიაგნოზს ადასტურებენ საშვილოსნოს ყელში ზონდის გატარებით.

დამატებითი კვლევების ჩატარება საჭირო არ არის ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • პოსტმენოპაუზის ასაკის ქალს არასდროს ჰქონია პაპ ტესტის პათოლოგიური შედეგი;

  • ქალს არ აქვს რაიმე სიმპტომი, ჰემატომეტრა ან პიომეტრა.

თუ ცერვიკალური სტენოზი სიმპტომებს, ჰემატომეტრას ან პიომეტრას იწვევს, იღებენ ქსოვილის ნიმუშს და სიმსივნის გამოსარიცხად მიკროსკოპულად იკვლევენ. მკურნალობის შემდგომ (რომელიც ახდენს საშვილოსნოს ყელის გაფართოებას), ექიმები საშვილოსნოს ყელიდან და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსიდან იღებენ ნიმუშს გამოსაკვლევად.

მკურნალობა

ცერვიკალური სტენოზის მკურნალობა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იგი იწვევს სიმპტომებს, ჰემატომეტრას ან პიომეტრას. საშვილოსნოს ყელის გაფართოება (დილატაცია) შესაძლებელია მასში მცირე ზომის, სალუბრიკაციო საშუალებით გაპოხილი მეტალის ზონდის (დილატატორი) მოთავსებით, შემდგომში კი დილატატორის ზომის თანდათანობით გაზრდით. საშვილოსნოს ყელის გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, ექიმები მასში 4-6 კვირით დგამენ მილს (ცერვიკალური სტენტი).