ცისტები დახურული კამერებია, რომლებიც შემოსაზღვრულია მათ ირგვლივ არსებული ქსოვილებით. ხშირად შეიცავს სითხეს ან ნახევრად მკვრივ ჩანართებს. სასქესო მიდამოში განვითარებული ცისტებია ბართოლინის ჯირკვლის ცისტა, ენდომეტრიომა, ინკლუზიური და ეპიდერმული ცისტები და სკენეს სადინარის ცისტა.
ბართოლინის ჯირკვლის ცისტები ლორწოთი ამოვსებული კამერებია, რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც საშოს შესავალთან არსებული ჯირკვლების სადინარი იხშობა.
ბართოლინის ჯირკვლები ძალიან მცირე ზომის, მრგვალი ფორმის ჯირკვლებია, რომლებიც ვულვის არეში, საშოს შესავლის ორივე მხარესაა მოთავსებული. ვინაიდან კანქვეშ ღრმად არიან განლაგებული, ჩვეულებრივ, ისინი არ შეიგრძნობა. აღნიშნული ჯირკვლები გამოიმუშავებს სითხეს, რომელსაც ლუბრიკანტის ფუნქცია აკისრია სქესობრივი კავშირის დროს.
თუ ჯირკვლის სადინარი დაიხშობა, ჯირკვალი ლორწოთი ივსება და ზომაში მატულობს, შედეგად კი ცისტა ყალიბდება. აღნიშნული ცისტები ქალების 2%-ს უვითარდება, ჩვეულებრივ, 20 წლის ასაკისათვის. ქალის ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად მოსალოდნელია ცისტების ან აბსცესის განვითარება.
ტიპურ შემთხვევაში, სადინარის ბლოკირების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არაა. იშვიათად, ცისტის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს სქესობრივად გადამდები დაავადება, როგორიცაა გონორეა.
ცისტების უმრავლესობა რაიმე სიმპტომს არ იწვევს, თუმცა ზომაში მნიშვნელოვნად მომატებისას შესაძლებელია გამოიწვიოს დისკომფორტი ჯდომის, სიარულის ან სქესობრივი კავშირის დროს. ქალმა შეიძლება შენიშნოს უმტკივნეულო კვანძი საშოს შესავლის ახლოს, რის გამოც ვულვა უსწორო შესახედაობის ხდება.
აბსცესი იწვევს ძლიერ ტკივილსა და ზოგჯერ ცხელებას. შეხებით მტკივნეულია. მის ირგვლივ არსებული კანი წითელია. ქალს შეიძლება ჰქონდეს საშოდან გამონადენი, რომელიც, ძირითადად, აბსცესთან არ არის დაკავშირებული.
ქალმა ექიმს უნდა მიმართოს ჩამოთვლილ შემთხვევებში:
თუ ცისტა იმდენად დიდია, რომ ქალი მას შენიშნავს ან ვითარდება სიმპტომები, ექიმები მას მენჯის გასინჯვის პროცესში ნახულობენ ან მოსინჯავენ. შესახედაობის მიხედვით ექიმი ადგენს, იგი ინფიცირებულია თუ არა. გამონადენის არსებობის შემთხვევაში, სხვა ინფექციების გამოვლენის მიზნით, იკვლევენ ნიმუშს.
ვინაიდან ვულვის კიბო ზოგჯერ ცისტას წააგავს, ექიმები მას კვეთენ და მიკროსკოპულად სწავლობენ (ბიოფსია). ბიოფსია ძირითადად ტარდება, როდესაც ცისტას არასწორი კიდეები ან ზედაპირი აქვს და ქალი 40 წელზე უფროსი ასაკისაა.
თუ ცისტა მსუბუქ ტკივილს იწვევს ან უმტკივნეულოა, მისი მკურნალობა ქალს თვითონვე შეუძლია. შეიძლება მჯდომარე აბაზანა ან თბილი კომპრესი. კომპრესის მოთავსება 10-15 წუთი უნდა გაგრძელდეს და დღეში 3-4-ჯერ შესრულდეს. ზოგჯერ ცისტები ამგვარი მკურნალობიდან რამდენიმე დღეში ქრება. თუ მკურნალობა უშედეგოა, ქალმა ექიმს უნდა მიმართოს.
40 წლამდე ასაკის ქალებს შორის, მკურნალობა ცისტას მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სჭირდება. ცისტის დრენირება ჩვეულებრივ არაეფექტიანია, ვინაიდან ხშირად თავიდან ვითარდება. ამგვარად, ქირურგიული ჩარევა შეიძლება ჩატარდეს ჯირკვლის სადინარიდან ვულვის ზედაპირზე მუდმივი სავალის შესაქმნელად. ამგვარად, თუ ცისტა სითხით აივსება, შესაძლებელი გახდება მისი დაცლა. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექციის შემდეგ, შესაძლებელია ჩამოთვლილთაგან რომელიმე პროცედურის ჩატარება:
აღნიშნული პროცედურა ამბულატორიული მანიპულაციების კაბინეტში კეთდება. ზოგჯერ ზოგადი გაუტკივარებაა საჭირო.
პროცედურების შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქალს შესაძლებელია გამონადენი ჰქონდეს. ამ დროს, ჩვეულებრივ, საკმარისია მხოლოდ ყოველდღიური საფენების გამოყენება. დღეში რამდენჯერმე მჯდომარე აბაზანის მიღება დაეხმარება დისკომფორტის შემცირებაში და დააჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.
თუ ცისტა კვლავ განვითარდება, შეიძლება მისი ქირურგიული გზით მოკვეთა. აღნიშნული პროცედურა საოპერაციო ბლოკში კეთდება.
40 წელზე უფროსი ასაკის ქალებს შორის, ყველა ცისტა საჭიროებს მკურნალობას. მკურნალობა დიაგნოზის პროცესშივე ტარდება, როდესაც ექიმი იღებს მასალას შესწავლის მიზნით – კიბოს გამოსარიცხად. მკურნალობა მოიცავს ცისტის ამოკვეთას ან მარსუპიალიზაციას.
აბსცესის შემთხვევაში, ინიშნება დასალევი ანტიბიოტიკები 7-10 დღის ხანგრძლივობით. დასაწყისში, აბსცესის დრენირების მიზნით იდგმება კათეტერი ან კეთდება მარსუპიალიზაცია. შესაძლოა, იგი ჩატარდეს მოგვიანებით, ცისტის კვლავ შევსების პრევენციის მიზნით.
მკურნალობის მიუხედავად, ცისტები ზოგჯერ თავიდან ჩნდება.
ვულვის ენდომეტრიომა იშვიათი, მტკივნეული, სისხლით ამოვსებული ცისტაა, რომელიც ვლინდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქსოვილის (ენდომეტრიული ქსოვილის) ვულვის არეში განვითარებისას.
უცნობი მიზეზის გამო, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის უჯრედები (ენდომეტრიული ქსოვილი) ზოგჯერ მის გარეთ ვითარდება. აღნიშნულ დაავადებას ენდომეტრიოზი ეწოდება. ენდომეტრიოზი ვულვაში იშვიათად ვითარდება. იგი უფრო ხშირია სხვა ადგილებში, მაგალითად, საკვერცხეებში. ზოგჯერ ენდომეტრიული ქსოვილისაგან ცისტა წარმოიქმნება (ენდომეტრიომა). ენდომეტრიომა ხშირად ვითარდება ძველი ოპერაციული ჩარევის ადგილზე, როგორიცაა, მაგალითად, ეპიზიოტომია (განაკვეთი საშოს გამოსავლის გასაფართოვებლად, რაც მშობიარობის დროს ნაყოფის გამოსვლაში ეხმარება).
ენდომეტრიომა შესაძლოა მტკივნეული იყოს, განსაკუთრებით, სქესობრივი კავშირის დროს. ენდომეტრიომა, ისევე, როგორც ნორმალური ენდომეტრიული ქსოვილი, ჰორმონების საპასუხოდ იცვლება. ამგვარად, შეიძლება იგი ზომაში გაიზარდოს და ტკივილი გამოიწვიოს, განსაკუთრებით, მენსტრუაციამდე და მის დროს. ენდომეტრიომა რბილია და შესაძლოა მოლურჯო შეფერილობა ჰქონდეს. შეიძლება გასკდეს და ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. მენჯის გასინჯვისას, ექიმი ნახულობს ან მოსინჯავს ენდომეტრიომას, რომელიც სიმპტომებს იწვევს.
ვულვის ენდომეტრიომა ქირურგიული ჩარევით იკვეთება. აღნიშნული პროცედურა, ჩვეულებრივ, საოპერაციო ბლოკში ტარდება, თუმცა ექიმის კაბინეტშიც შეიძლება გაკეთდეს. გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივარება. მელანომის გამოსარიცხად, რომელიც ვულვის ან საშოს არეში შეიძლება განვითარდეს, ექიმი აკეთებს ამოკვეთილი ქსოვილის ბიოფსიას.
ვულვის არეში განვითარებული კისტებია ჩანართოვანი და ეპიდერმული კისტები. ვულვის ჩანართოვანი კისტები მცირე ზომის პარკებია, რომლებიც ვულვის ზედაპირის ქსოვილებს შეიცავს. ვულვის ეპიდერმული კისტები ჩანართოვანის მსგავსია, თუმცა შეიცავს თმის ფოლიკულთან ახლომდებარე ცხიმის გამომყოფი (ცხიმოვანი) ჯირკვლების სეკრეტს.
ჩანართოვანი კისტები ვულვის კისტების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ვულვა მიდამოა, რომელიც გარეთა სასქესო ორგანოებს მოიცავს. ჩანართოვანი კისტები, შესაძლებელია, საშოშიც განვითარდეს. მათი წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, ნახეთქის სახით, რომელიც ბავშვის დაბადების დროს წარმოიქმნება. ვულვის დაზიანების დროს, მის ზედაპირზე არსებული ქსოვილი (ეპითელური ქსოვილი) ზოგჯერ ზედაპირიდან ქვემოთ ჩადის. ზოგი ჩანართოვანი კისტა თავისთავადაც ვითარდება.
ეპიდერმული კისტები ცხიმოვანი ჯირკვლის სადინარის დახშობის შემთხვევაში ვითარდება. ჯირკვლების სეკრეტი ამ შემთხვევაში კანქვეშ გროვდება.
ორივე სახეობის კისტები ზომაში იმატებს და ზოგჯერ ინფიცირდება.
თუ კისტა ინფიცირებული არაა, სიმპტომები არ ახლავს, თუმცა შესაძლებელია ზოგჯერ გაღიზიანება გამოიწვიოს. ისინი თეთრი ან ყვითელი ფერისაა და, ჩვეულებრივ, მათი დიამეტრი ½ ინჩზე (დაახლოებით 1სმ) ნაკლები ზომისაა. ინფიცირებული კისტები წითელი ფერის და მგრძნობიარეა და მისი არსებობის დროს სქესობრივი კონტაქტიც მტკივნეულია.
ექიმი მენჯის გასინჯვისას ნახულობს ან სინჯავს კისტას.
თუ კისტა სიმპტომებს იწვევს, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების შეყვანის შემდეგ მას კვეთენ.
სკენეს სადინარის კისტა ვითარდება შარდსადენის ხვრელთან ახლოს, როდესაც ჯირკვლის სადინარი იხშობა.
სკენეს ჯირკვლებს, ასევე, პერიურეთრულ ან პარაურეთრულ ჯირკვლებს უწოდებენ. ისინი შარდსადენის ხვრელის ირგვლივ არიან განლაგებული. მათი გარემომცველი ქსოვილი კლიტორის ნაწილს მოიცავს. ჯირკვლები მონაწილეობს სექსუალურ სტიმულაციაში და სქესობრივი კავშირისათვის საპოხი ნივთიერების გამომუშავებაში.
კისტები იშვიათია. ისინი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ჯირკვლის სადინარი იხშობა. ჩვეულებრივ, ეს ჯირკვლის ინფიცირებისას ხდება. კისტები ძირითადად მოზრდილებს შორის ვლინდება. კისტის ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია აბსცესი ჩამოყალიბდეს.
ცისტების უმრავლესობა, დიამეტრით ½ ინჩზე (დაახლოებით 1 სმ) ნაკლებია და არანაირ სიმპტომს არ იწვევს. ზოგი კისტა უფრო დიდი ზომისაა და სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს იწვევს. დიდი ზომის კისტებმა, შესაძლებელია, შარდსადენში შარდის დინება შეაფერხონ. ასეთ შემთხვევებში, პირველი სიმპტომი შესაძლოა იყოს წყვეტილი შარდვა, მოშარდვის დასრულებისას – შარდის წვეთებად დენა და ნარჩენი შარდის არსებობა. შესაძელებელია საშარდე გზების ინფექციის განვითარება, რაც გახშირებულ შარდვას და მოშარდვის დაუოკებელ შეგრძნებას იწვევს. შარდვის პროცესი მტკივნეულია.
აბსცესი მგრძნობიარე, მტკივნეული და შეშუპებულია. სადინარის მიმდებარე კანი წითელია. ქალების უმრავლესობას ცხელება არ აქვს.
მენჯის გასინჯვისას, თუ კისტა ან აბსცესი საკმარისად დიდი ზომისაა და სიმპტომებს იწვევს, ექიმი ხელით შეიგრძნობს მათ. თუმცა, დიაგნოზის დასადასტურებლად, შესაძლებელია ჩატარდეს ულტრასონოგრაფია ან დრეკადი ზონდით შარდის ბუშტის დათვალიერება (ცისტოსკოპია).
იმ შემთხვევაში, თუ კისტა სიმპტომებს იწვევს, მას ამოკვეთენ, ჩვეულებრივ, ექიმის კაბინეტში ან საოპერაციო ოთახში. როდესაც ჩარევა ექიმის კაბინეტში ტარდება, ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას იყენებენ. აბსცესის შემთხვევაში, დასალევი ანტიბიოტიკები ინიშნება 7-10 დღით. ამის შემდეგ ტარდება კისტის ამოკვეთა. ასევე შესაძლებელია, ექიმმა მცირე კისტაზე მცირე განაკვეთით და მისი კიდეების ვულვის ზედაპირზე მიკერებით (მარსუპიალიზაცია) მოახდინოს შიგთავსის დრენირება.