საკვერცხის არაავთვისებიანი წარმონაქმნები | მკურნალი.გე
  1. საკვერცხის არაავთვისებიანი წარმონაქმნები
  2. არაავთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
საკვერცხის არაავთვისებიანი წარმონაქმნები

საკვერცხის არაავთვისებიან (კეთილთვისებიან) წარმონაქმნებს მიეკუთვნება ფუნქციური კისტები და სიმსივნეები.

  • არაავთვისებიანი კისტებისა და სიმსივნეების უმეტესობა სიმპტომებს არ იწვევს, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება მენჯში;

  • ექიმმა წარმონაქმნი, შესაძლებელია, მენჯის გასინჯვისას აღმოაჩინოს, შემდეგ კი დიაგნოზის დასადასტურებლად ულტრასონოგრაფია გამოიყენება;

  • ზოგი კისტა თავისთავად ქრება;

  • კისტების ან სიმსივნეების ამოკვეთა მუცლის ღრუს განაკვეთით ხორციელდება. ზოგჯერ დაზიანებულ საკვერცხესაც კვეთენ.

ფუნქციური კისტები: ფუნქციური კისტები სითხით სავსე ღრუებისაგან (ფოლიკულები) წარმოიქმნება საკვერცხეში. ყოველი ფოლიკულა ერთ კვერცხუჯრედს შეიცავს. ჩვეულებრივ, ყოველი მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობისას, ერთი ფოლიკულა ერთ კვერცხუჯრედს წარმოქმნის. მენსტრუალური ციკლის მქონე ქალების დაახლოებით მესამედს აქვს კისტები. ფუნქციური კისტები იშვიათად ვითარდება მენოპაუზის შემდგომ. არსებობს ორი სახის ფუნქციური კისტები:

  • ფოლიკულური კისტა: აღნიშნული კისტა წარმოიქმნება ფოლიკულში კვერცხუჯრედის მომწიფებისას.

  • ყვითელი სხეულის კისტა: წარმოიქმნება ფოლიკულის გასკდომისა და კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების შემდეგ განვითარებული სტრუქტურისაგან. აღნიშნულ სტრუქტურას ყვითელი სხეული ეწოდება. შესაძლებელია ყვითელი სხეულის კისტაში სისხლჩაქცევა განვითარდეს, რაც საკვერცხის ზომის მატებას ან გასკდომას გამოიწვევს. კისტის გასკდომის შემთხვევაში, სითხე მუცლის ღრუში იღვრება და შესაძლებელია ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.

ფუნქციური კისტების უმრავლესობის დიამეტრი 2/3 ინჩზე (1,5 სმ) ნაკლებია. მცირე ნაწილი აღწევს ან აჭარბებს 2 ინჩს (5 სმ). ფუნქციური კისტები, ჩვეულებრივ, თავისთავად გაივლის რამდენიმე დღესა ან კვირაში.

კეთილთვისებიანი სიმსივნეები: საკვერცხის არაავთვისებიანი (კეთილთვისებიანი) სიმსივნეები, ჩვეულებრივ, ნელი ტემპით იზრდება და იშვიათად ხდება ავთვისებიანი. ყველაზე გავრცელებულ ფორმებს მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი:

  • კეთილთვისებიანი კისტური ტერატომა (დერმოიდული კისტა): აღნიშნული სიმსივნეები, ჩვეულებრივ, ემბრიონის სამივე შრისაგან ყალიბდება (ჩანასახოვანი უჯრედების შრე). აღნიშნული ქსოვილისაგან ყალიბდება ყველა ორგანო. ამგვარად, ტერატომა, შესაძლებელია, შეიცავდეს ქსოვილებს სხვა სტრუქტურებიდან, როგორიცაა ნერვები, ჯირკვლები და კანის ქსოვილი.

  • ფიბრომები: აღნიშნული სიმსივნეები სოლიდური წარმონაქმნებია, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილისაგან (ქსოვილი, რომელიც სხვადასხვა სტრუქტურას ერთმანეთთან აკავშირებს) შედგება. ფიბრომები ნელა იზრდება და, ჩვეულებრივ, დიამეტრით 3 ინჩზე (დაახლოებით 7 სმ) ნაკლებია. ისინი, ძირითადად, მხოლოდ ცალ მხარეზე ვლინდება.

  • ცისტადენომა: აღნიშნული სითხით სავსე კისტები საკვერცხის ზედაპირიდან ვითარდება და საკვერცხის ჯირკვლების ქსოვილებს შეიცავს.

სიმპტომები

ფუნქციური კისტების უმრავლესობა და არაავთვისებიანი სიმსივნეები სიმპტომებს არ იწვევს. ზოგჯერ ქალს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და მოყავისფრო გამონადენი აქვს. ყვითელი სხეულის კისტაში სისხლჩაქცევა ზოგჯერ მენჯის არეში ტკივილს იწვევს. ცხელება, გულისრევა ან ღებინება მუცლის ღრუს და მისი ამომფენი გარსის ინფიცირების მანიშნებელი შეიძლება იყოს (მდგომარეობას პერიტონიტი ეწოდება). ზოგჯერ, უეცრად განვითარებული, ძლიერი მუცლის ტკივილის მიზეზი საკვერცხის დიდი ზომის კისტის ან წარმონაქმნის შემოგრეხაა (მდგომარეობას საკვერცხის შემოგრეხა ეწოდება).

მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი) ფიბრომების და საკვერცხის კიბოს დროს აღინიშნება. ასციტს შეუძლია ზეწოლის ან სიმძიმის შეგრძნება გამოიწვიოს მუცელში.

დიაგნოზი

ექიმები კისტებს ან სიმსივნეებს მენჯის ჩვეულებრივი გასინჯვის დროს ავლენენ. თუმცა, ზოგჯერ, მათზე ეჭვი სიმპტომების მიხედვითაც მიაქვთ.

ტარდება ტესტი ორსულობის, მათ შორის საშვილოსნოს გარეთ მიმდინარე ორსულობის (ექტოპიური ორსულობა) გამოსარიცხად. დიაგნოზის დასადასტურებლად ულტრასონოგრაფიული კვლევა საშოში მოთავსებული გადამწოდით კეთდება (ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია). თუ დიაგნოზი კვლავაც გაურკვეველი დარჩება, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება ჩატარდეს. თუ აღნიშნული კვლევები მიუთითებს, რომ წარმონაქმნი შესაძლოა ავთვისებიანი იყოს, ექიმები მას კვეთენ და მიკროსკოპულად სწავლობენ. ასევე შეიძლება სისხლის ანალიზების ჩატარება ნივთიერებათა გამოსავლენად, რომელთაც მარკერები ეწოდება და რომლებიც სისხლში ჩნდება ან იმატებს ზოგიერთი სიმსივნის არსებობისას.

მკურნალობა

თუ საკვერცხის კისტის დიამეტრი 3 ინჩზე (დაახლოებით 7 სმ) ნაკლებია, ისინი, ჩვეულებრივ, მკურნალობის გარეშე ქრება. შემოწმების მიზნით, პერიოდულად ტარდება ულტრასონოგრაფია.

თუ საჭიროა კისტის ან სიმსივნის ამოკვეთა, შესაძლებლობის მიხედვით ლაპაროსკოპია ან ლაპაროტომია ტარდება. ლაპაროსკოპიისათვის საჭიროა ორი ან სამი მცირე ზომის განაკვეთი მუცელზე. ოპერაცია კლინიკაში ტარდება და, ჩვეულებრივ, ზოგად გაუტკივარებას საჭიროებს. კლინიკაში დაყოვნება ქალს დიდი ხნით არ მოუწევს. მსგავსია ლაპაროტომია, თუმცა უფრო დიდი განაკვეთის გავლება და კლინიკაში შედარებით მეტი ხნით დაყოვნებაა საჭირო. რომელი სახის პროცედურა ჩატარდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი ზომისაა წარმონაქმნი და სხვა ორგანოებიც დაზიანებულია თუ არა. კისტექტომია (კისტის ამოკვეთა) დასაშვებია მხოლოდ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • 3 ინჩზე (დაახლოებით 7 სმ) დიდი ზომის კისტები და კისტები, რომლებიც 3 მენსტრუალური ციკლის შემდეგ კვლავ რჩება;

  • კისტური ტერატომა, რომელიც 4 ინჩზე (დაახლოებით 10 სმ) მცირე ზომისაა;

  • ყვითელი სხეულის კისტები, თუ პერიტონიტი ვითარდება.

დაზიანებული საკვერცხის ამოკვეთა (ოოფორექტომია) საჭიროა ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • ფიბრომა და საკვერცხის სოლიდური სიმსივნე;

  • ცისტადენომა;

  • კისტური ტერატომა, რომლის ზომა 4 ინჩზე მეტია;

  • კისტების გამოყოფა საკვერცხისაგან ქირურგიული გზით შეუძლებელია;

  • კისტების უმრავლესობა, რომლებიც პოსტმენოპაუზის ასაკში ვლინდება და 2 ინჩზე დიდი ზომისაა.