საკვერცხის კიბო | მკურნალი.გე
  1. საკვერცხის კიბო
  2. ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
საკვერცხის კიბო

  • საკვერცხის კიბომ, სანამ დიდი ზომის არ გახდება ან გავრცელდება, შეიძლება სიმპტომები არ გამოიწვიოს;

  • თუ ექიმები ეჭვობენ საკვერცხის კიბოს არსებობაზე, ტარდება ულტრაბგერითი კვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია;

  • ჩვეულებრივ, კვეთენ ორივე საკვერცხეს, ორივე მილს და საშვილოსნოს;

  • ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ხშირად საჭიროა ქიმიოთერაპია.

საკვერცხეების კიბო (საკვერცხის კარცინომა) უფრო ხშირად 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს შორის ვითარდება. აღნიშნული სიმსივნე 70 ქალიდან დაახლოებით 1-ს უვითარდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი გინეკოლოგიურ სიმსივნეებს შორის სიხშირით მეორე ადგილზეა. ამასთან, საკვერცხის კიბოს გამო უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე სხვა ნებისმიერი გინეკოლოგიური სიმსივნით. იგი ქალებს შორის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილობებს შორის სიხშირით მეხუთე ადგილზეა.

ფაქტორები, რომლებიც ზრდიან საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს, შემდეგია:

  • ასაკოვანი პაციენტი (ყველაზე მნიშვნელოვანი)

  • გვიანი პირველი მშობიარობა

  • არანამშობიარევი სტატუსი

  • მენსტრუაციის დაწყება ნაადრევ ასაკში

  • გვიანი მენოპაუზა

  • წარსულში ან ოჯახის წევრებს შორის საშვილოსნოს, ძუძუს ან მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) კიბოს არსებობა

საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მაღალია განვითარებულ ქვეყნებში, ვინაიდან საკვებ რაციონში მაღალია ცხიმების შემცველობა. ორალური კონტრაცეპტივების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს.

შემთხვევების 5-10% დაკავშირებულია BRCA გენთან, რომელიც ასევე მონაწილეობს სარძევე ჯირკვლის კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარებაში. ასეთ შემთხვევებში საკვერცხის და სარძევე ჯირკვლის კიბოს ოჯახური ხასიათი აქვს. აღნიშნული პათოლოგიური გენი ყველაზე ხშირია აშკენაზ ებრაელ ქალებს შორის.

საკვერცხის კიბოს მრავალი სახეობა არსებობს. ისინი საკვერცხის სხვადასხვა ტიპის უჯრედებიდან ვითარდება. კიბო, რომელიც საკვერცხის ზედაპირიდან ვითარდება (ეპითელური კარცინომა), სულ მცირე 80%-ია. საკვერცხის სხვა სიმსივნეების უმრავლესობა კვერცხუჯრედის წარმომქმნელი უჯრედებიდან (ეწოდება გერმინაციული სიმსივნე) ან შემაერთებელი ქსოვილიდან (ეწოდება სტრომული უჯრედების სიმსივნე) იწყება. გერმინაციული უჯრედებიდან წარმოქმნილი სიმსივნე უფრო ხშირია 30 წლამდე ასაკის ქალებს შორის. ზოგჯერ საკვერცხეზე ვრცელდება ორგანიზმის სხვა ნაწილებში განვითარებული სიმსივნე.

საკვერცხის კიბოს გავრცელება მიმდებარედ – უშუალოდ, ხოლო მენჯისა და მუცლის ღრუს სხვა ნაწილებზე შესაძლებელია ლიმფური სისტემის საშუალებით. მისი გავრცელება ასევე შესაძლებელია სისხლის ნაკადით, რაც საბოლოოდ სხეულის მოშორებით მდებარე ნაწილებში ვლინდება, ძირითადად, ღვიძლსა და ფილტვებში.

სიმპტომები

საკვერცხის კიბო იწვევს დაავადებული საკვერცხის ზომაში გაზრდას. ახალგაზრდა ქალებს შორის საკვერცხის ზომაში მატება, სავარაუდოდ, შეიძლება გამოწვეული იყოს არასიმსივნური სითხით სავსე პარკით (კისტა). თუმცა, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხის გადიდება სიმსივნის ნიშანი შეიძლება იყოს.

მრავალ ქალს სიმპტომები არ აღენიშნება, სანამ სიმსივნე შორსწასულ სტადიას არ მიაღწევს. პირველი ნიშანი შეიძლება იყოს გაურკვეველი დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიც საკვების მონელების დარღვევას წააგავს. სხვა სიმპტომებია შებერილობა, მადის დაქვეითება (კუჭზე ზეწოლის გამო), მუცლის და წელის ტკივილი.

საბოლოოდ, შესაძლებელია მუცლის გადიდება საკვერცხის ზომაში მატების ან მუცლის ღრუში სითხის დაგროვების გამო. ამ სტადიაზე ხშირია მენჯის არეში ტკივილი, ანემია და წონის კლება. იშვიათად, გერმინაციული ან სტრომული უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეები წარმოქმნიან ესტროგენებს, რომლებიც იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბად ზრდას და სარძევე ჯირკვლების გადიდებას. ასევე, შესაძლებელია სიმსივნის მიერ მამრობითი ჰორმონების (ანდროგენების) გამოყოფა, რომელიც იწვევს სხეულის თმოვანი საფარველის ჭარბად განვითარებას ან ისეთი ჰორმონების პროდუქციას, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს წააგავს, რამაც ჰიპერთირეოზი შეიძლება გამოიწვიოს.

დიაგნოზი

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე რთულია, ვინაიდან, ჩვეულებრივ, სიმპტომები არ ვლინდება მანამ, სანამ სიმსივნე საკმაოდ დიდ ზომას არ მიაღწევს ან საკვერცხეს არ გასცდება. ამასთან, მსგავსი სიმპტომები მრავალ სხვა, ნაკლებად სერიოზულ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს.

თუ ექიმი მენჯის გასინჯვის დროს, გადიდებულ საკვერცხეს აღმოაჩენს, პირველ რიგში ულტრასონოგრაფია ტარდება. ზოგჯერ, საკვერცხის კისტის სიმსივნური წარმონაქმნისაგან განსასხვავებლად კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება. თუ სავარაუდოა შორსწასული სიმსივნე, მისი გავრცელების შესაფასებლად, ქირურგიულ ჩარევამდე, ჩვეულებრივ, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება.

თუ კიბო ნაკლებად სავარაუდოა, ექიმი ქალის გამოკვლევას პერიოდულად განმეორებით ატარებს.

თუ ექიმი ეჭვობს კიბოს არსებობას ან კვლევის შედეგები ბუნდოვანია, საკვერცხეების გამოკვლევა ტარდება თხელი, დრეკადი ზონდით (ლაპაროსკოპი), რომელიც ჭიპის ქვემოთ გავლებული პატარა განაკვეთით იდგმება მუცელში. ამავე დროს, ლაპაროსკოპში ჩადგმული ინსტრუმენტის საშუალებით ხდება ქსოვილის ნიმუშის ამოკვეთა და გამოკვლევა (ბიოფსია). დამატებით, ტარდება სისხლის ანალიზები, რომელთა მეშვეობითაც განისაზღვრება სისხლში იმ ნივთიერებების რაოდენობა, რომლებიც სიმსივნის ასებობაზე (სიმსივნის მარკერები) მიუთითებს. ასეთია კიბოს ანტიგენი 125 (CA 125). მხოლოდ მარკერის მომატებული რაოდენობა არ ადასტურებს კიბოს დიაგნოზს, თუმცა, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ეხმარება მის დადასტურებაში.

მუცლის ღრუში სითხის დაგროვების შემთხვევაში, მისი ამოღება (ასპირაცია) შესაძლებელია ნემსის საშუალებით. ამასთან ერთად, ტარდება გამოკვლევა მასში კიბოს უჯრედების გამოსავლენად.

თუ ექიმი შორსწასულ კიბოს ვარაუდობს ან დასტურდება კიბოს დიაგნოზი, ქსოვილის ნიმუშის მისაღებად, მუცელზე აკეთებენ განაკვეთს. ამავე დროს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კვეთენ სიმსივნეს და საზღვრავენ, რამდენად გავრცელებულია იგი (სტადია).

პროგნოზი

დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია მის სტადიაზე. 5 წლის შემდეგ გადარჩენილი ქალების პროცენტული რაოდენობა შემდეგია:

  • I სტადია: 70-100%

  • II სტადია: 50-70%

  • III სტადია: 20-50%

  • IV სტადია: 10-20%

პროგნოზი ცუდია აგრესიული კიბოს შემთხვევაში ან როდესაც ვიზუალურად შეცვლილი ქსოვილების სრულად მოცილება ქირურგიული გზით შეუძლებელია. III ან IV სტადიის შემთხვევაში, კიბოს რეციდივი ქალების 70%-ს უვითარდება.

პრევენცია

ზოგი ექსპერტის რწმენით, თუ საკვერცხის ან სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევებს ოჯახური ხასიათი აქვს, ქალებს გენეტიკური კვლევა უნდა ჩაუტარდეთ. თუ პირველი ან მეორე რიგის ნათესავებს აქვთ ამგვარი სიმსივნეები, განსაკუთრებით, აშკენაზი ებრაელების ოჯახებში, ქალი უნდა ესაუბროს თავის ექიმს გენეტიკური ტესტირების ჩატარების თაობაზე, BRCA პათოლოგიის გამოსავლენად. ზოგიერთი BRCA გენის მუტაციის მქონე ქალს შეიძლება შესთავაზონ ორივე საკვერცხისა და კვერცხსავალი მილის ამოკვეთა, მას შემდეგ, რაც ქალს ბავშვის ყოლა აღარ სურს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კიბო არ ვლინდება. აღნიშნული მიდგომით აღმოიფხვრება საკვერცხს კიბოს და შემცირდება სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი. ასეთი ქალების მდგომარეობა უნდა შეაფასოს გინეკოლოგმა, რომელსაც სპეციალიზაცია გავლილი აქვს ონკოლოგიაში (ონკო-გინეკოლოგი).

სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის კიბოს საინფორმაციო სერვისის (National Cancer Institute Cancer Information Service) (1-800-4-CANCER) და ქალთა სიმსივნეების ქსელის (Women’s Cancer Network (WCN)) ვებგვერდებიდან (www.wcn.org).

მკურნალობა

ქირურგიული ჩარევის მასშტაბი დამოკიდებულია საკვერცხის კიბოს სახეობასა და სტადიაზე. კიბოს შემთხვევათა უმრავლესობაში, კვეთენ საკვერცხეებს, ფალოპის მილებს და საშვილოსნოს. როდესაც კიბო საკვერცხის გარეთ ვრცელდება, ასევე ამოკვეთენ მახლობელ ლიმფურ ჯირკვლებსა და ირგვლივ მდებარე სტრუქტურებს, რომლებზეც, ტიპურ შემთხვევებში, სიმსივნური პროცესი ვრცელდება. თუ ქალს სიმსივნის I სტადია აქვს, რომელიც მხოლოდ ცალ საკვერცხეს აზიანებს, და სურს ბავშვის გაჩენა, ექიმებმა შესაძლოა მხოლოდ დაზიანებული საკვერცხე და ფალოპის მილი ამოკვეთონ. უფრო შორს წასული სიმსივნის დროს, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება, კიბოს რაც შეიძლება სრულად ამოკვეთა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.

ქალების უმრავლესობას ეპითელური კარცინომის I სტადიის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ჩვეულებრივ, მკურნალობა აღარ სჭირდება. სხვა სახის სიმსივნეების I სტადიის დროს ან უფრო შორსწასულ შემთხვევებში, კიბოს დარჩენილი მცირე კერების გასანადგურებლად, ქიმიოთერაპია გამოიყენება. ტიპურ შემთხვევებში, ქიმიოთერაპია მოიცავს პაკლიტაქსელის კარბოპლატინთან კომბინაციის 6 კურსს. გერმინაციული უჯრედებისაგან განვითარებული სიმსივნის შემთხვევაში, ქალების უმრავლესობის განკურნება შესაძლებელია ერთი დაზიანებული საკვერცხის და ფალოპის მილის ამოკვეთით და კომბინაციური ქიმიოთერაპიით, რომელიც, ჩვეულებრივ ბლეომიცინს, ცისპლატინს და ეტოპოზიდს მოიცავს. სხივური მკურნალობა იშვიათად გამოიყენება.

საკვერცხის შორსწასული კიბოს რეციდივი ახასიათებს. ამიტომ, ქიმიოთერაპიის შემდეგ, ექიმები ყოველთვის საზღვრავენ სისხლში კიბოს მარკერებს. კიბოს რეციდივის შემთხვევაში, ქიმიოთერაპია ტარდება (ისეთი პრეპარატების გამოყენებით, როგორიცაა კარბოპლატინი, დოქსორუბიცინი, ეტოპოზიდი, გემციტაბინი, პაკლიტაქსელი ან ტოპოტეკამი).