საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის ლორწოვანში ვითარდება (საშვილოსნოს ქვედა ნაწილი).
საშვილოსნოს ყელი მის ქვედა ნაწილში მდებარეობს და საშოში იჭრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საშვილოსნოს ყელის კიბო (ცერვიკალური კარცინომა) გინეკოლოგიურ სიმსივნეთა შორის სიხშირით მესამე ადგილზეა ნებისმიერი ასაკის ქალებში და ყველაზე ხშირი – ახალგაზრდა ქალებს შორის. იგი, ძირითადად 35-55 წლის ასაკის ქალებს შორისაა გავრცელებული, თუმცა 20 წლის ასაკშიც შეიძლება განვითარდეს.
აღნიშნული კიბო, ჩვეულებრივ, ადამიანის პაპილომა ვირუსითაა (HPV) გამოწვეული, რომელიც სქესობრივი გზით გადაიცემა. აღნიშნული ვირუსი ასევე იწვევს სასქესო მიდამოს მეჭეჭებს. რაც უფრო მცირე ასაკში იწყებს ქალი სქესობრივ ცხოვრებას და რაც უფრო მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს, მით უფრო მაღალია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი. ასევე მაღალია რისკი ისეთ მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, რომლის ძველ პარტნიორს ჰქონდა საშვილოსნოს ყელის კიბო, მოიხმარს თამბაქოს და აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა (ისეთი დაავადებების გამო, როგორიცაა კიბო, შიდსი, იტარებს ქიმიოთერაპიას ან იღებს კორტიკოსტეროიდებს).
საშვილოსნოს ყელის კიბოს 80-85% ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაა, რომელიც ვითარდება ყელის ამომფენი ბრტყელი, კანისმაგვარი უჯრედებისაგან. კიბოს სხვა შემთხვევები ძირითადად ადენოკარცინომებია, რომლებიც ჯირკვლოვანი უჯრედებიდან ვითარდება.
საშვილოსნოს ყელის კიბო მისი ზედაპირის ნორმალური უჯრედების ნელი, პროგრესირებადი ცვლილებებით იწყება. ამგვარ ცვლილებებს დისპლაზია ან საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია ეწოდება (cervical intraepithelial neoplasia (CIN)), რომელიც კიბოსწინარე ცვლილებად ითვლება. იგი ნიშნავს, რომ, მკურნალობის გარეშე, ზოგჯერ წლების შემდეგ შესაძლებელია მისი კიბოდ პროგრესირება.
საშვილოსნოს ყელის კიბო მისი ზედაპირიდან იწყება და შეიძლება ღრმა შრეებში გავრცელდეს. კიბოს გავრცელება შეუძლია უშუალოდ, მიმდებარე ქსოვილებზე, მათ შორის საშოზე. შეუძლია შეაღწიოს საშვილოსნოს ყელის წვრილი სისხლისა და ლიმფური ძარღვებით მდიდარ ქსელში და შემდეგ გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე.
კიბოსწინარე ცვლილებები, ჩვეულებრივ, სიმპტომებს არ იწვევს. ადრეულ სტადიაზე საშვილოსნოს ყელის კიბომ სიმპტომები შეიძლება არ გამოიწვიოს ან გამოიწვიოს პათოლოგიური სისხლდენა საშოდან, უფრო ხშირად, სქესობრივი ცხოვრების შემდეგ. მოსალოდნელია მცირე რაოდენობით ან ჭარბი სისხლოვანი გამონადენი საშოდან მენსტრუალურ ციკლებს შორის ან უჩვეულოდ ჭარბი მენსტრუალური ციკლი. დიდი ზომის სიმსივნეებმა მეტად შესაძლებელია სისხლდენა ან საშოდან ცუდსუნიანი გამონადენი, ასევე მენჯის ღრუში ტკივილი გამოიწვიოს.
შორსწასული სიმსივნის შემთხვევაში, მან შესაძლოა წელის არეში ტკივილი და ფეხების შეშუპება გამოიწვიოს. საშარდე გზები შესაძლებელია დაიხშოს და მკურნალობის გარეშე, თირკმლების უკმარისობა და გარდაცვალება მოჰყვეს.
რუტინული პაპ ტესტით ან სხვა მსგავსი ტესტებით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს დასაწყისშივე აღმოჩენა. პაპ ტესტი 90%-მდე სიზუსტით ავლენს საშვილოსნოს ყელის კიბოს, მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები ჯერ არ ვლინდება. ტესტების საშუალებით, ასევე, შესაძლებელია დისპლაზიის გამოვლენა. დისპლაზიის მქონე ქალებმა განმეორებითი გამოკვლევა 3-4 თვეში უნდა ჩაიტარონ. დისპლაზიის მკურნალობა შესაძლებელია, რაც კიბოს თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
თუ მენჯის გასინჯვისას, საშვილოსნოს ყელში წარმონაქმნი, წყლული ან სხვა პათოლოგიური კერა შეინიშნება ან პაპ ტესტი დისპლაზიას ან კიბოს ავლენს, ტარდება ბიოფსია. ექიმები იყენებენ ინსტრუმენტს ბინოკულარული გამადიდებელი ლინზებით (კოლპოსკოპი), რომელიც ყელის გამოსაკვლევად და ბიოფსიისათვის საუკეთესო ადგილის ასარჩევად საშოში იდგმება. ტარდება ორი განსხვავებული სახის ბიოპსია:
ბიოფსიის აღნიშნული სახეები იწვევს მსუბუქ ტკივილს და მცირე რაოდენობით სისხლოვან გამონადენს. ორივეს ერთად ჩატარება ქსოვილების საკმარის რაოდენობას იძლევა პათოლოგანატომისთვის დიაგნოზის დასასმელად.
თუ დიაგნოზი ბუნდოვანია, ტარდება საშვილოსნოს ყელის კონიზაცია – ქსოვილის კონუსის ფორმის, დიდი ზომის უბნის ამოკვეთა. პროცედურისათვის გამოიყენება თხელი სადენის მარყუჟი, რომელშიც ელექტრული დენი გაივლის. პროცედურას ელექტროქირურგიული ექსციზია (loop electrosurgical excision procedure (LEEP)) ეწოდება. ალტერნატივის სახით, შეიძლება ლაზერის (ფოკუსირებული სინათლის სხივებით) გამოყენება. ორივე პროცედურას ადგილობრივი გაუტკივარება ესაჭიროება და ექიმის ოფისში ტარდება. ზოგჯერ ცივი (არაელექტრული) დანა გამოიყენება, თუმცა ამგვარ ჩარევას საოპერაციო ოთახი და ზოგადი გაუტკივარება ესაჭიროება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში განისაზღვრება მისი ზუსტი ზომა და ლოკალიზაცია (სტადია). სტადიის განსაზღვრა მენჯის ფიზიკური გასინჯვით იწყება. კიბოს მიმდებარე ქსოვილებზე ან სხეულის მოშორებით მდებარე უბნებზე გავრცელების გამოსავლენად გამოიყენება სხვადასხვა პროცედურა (ცისტოსკოპია, გულმკერდის რენტგენოგრაფია და სიგმოიდოსკოპია). შეიძლება ჩატარდეს სხვა სადიაგნოზო პროცედურები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბარიუმის ოყნა, ძვლებისა და ღვიძლის სკანირება და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ).
პროგნოზი დამოკიდებულია კიბოს სტადიაზე. ქალების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც დიაგნოზის დასმისა და მკურნალობიდან 5 წლის შემდეგ გადარჩნენ, შემდეგია:
თუ სიმსივნის რეციდივი ვითარდება, ჩვეულებრივ, იგი 2 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი.
პაპ ტესტი: პაპ ტესტის შემოღების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა 50%-ზე მეტით შემცირდა. ექიმები ხშირად ურჩევენ ქალებს, რომ ყოველწლიურად პაპ ტესტი ჩაიტარონ, მას შემდეგ, რაც სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებენ ან 18 წელი შეუსრულდებათ. თუ ტესტის შედეგები ნორმალურია მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქალმა პაპ ტესტის ჩატარება შეიძლება დაგეგმოს ყოველ 2 ან 3 წელიწადში ერთხელ, მანამ, სანამ არ შეიცვლება მისი სქესობრვი ცხოვრების წესი. ნებისმიერმა ქალმა, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბო ან დისპლაზია დაუდგინდა, პაპ ტესტის ჩატარება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უნდა გააგრძელოს. თუ ყველა ქალი რეგულარულად ჩაიტარებდა პაპ ტესტს, შესაძლებელი იქნებოდა საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის სრულად აღმოფხვრა. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალების 50% არ იტარებს რეგულარულ ტესტირებას.
HPV ვაქცინაცია: ახალშექმნილი ვაქცინა მიმართულია HPV შტამებისადმი, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს (სასქესო მიდამოს მეჭეჭებს) იწვევს. ვაქცინაცია ეხმარება საშვილოსნოს კიბოს თავიდან აცილებას და არ კურნავს მას. კეთდება ვაქცინის სამი დოზა. პირველის შემდგომ 2 და 6-თვიანი ინტერვალით ტარდება შემდეგი. საუკეთესოა ვაქცინაციის ჩატარება სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, თუმცა, თუ ქალი სქესობრივად უკვე აქტიურია, მაინც სასურველია ქალის აცრა (კონდომის გამოყენება სქესობრივი ცხოვრების დროს ხელს უწყობს HPV გავრცელების თავიდან აცილებას).
მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე.
ადრეული სტადია: თუ დაავადება მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ზედაპირს მოიცავს, ექიმები კონიზაციის პროცესში სრულად აცილებენ სიმსივნეს – ყელის ნაწილის მოკვეთის გზით, ელექტროქირურგიული ექსციზიური მარყუჟის, ლაზერის ან ცივი დანის საშუალებით. აღნიშნული მკურნალობა ქალს შვილის ყოლის უნარს უნარჩუნებს. ვინაიდან კიბოს რეციდივის განვითარება შესაძლებელია, ექიმები ქალებს ურჩევენ, მივიდნენ განმეორებითი გამოკვლევისა და პაპ ტესტის ჩასატარებლად ყოველ 3 თვეში – პირველი წლის განმავლობაში – და ამის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ. იშვიათად, საჭირო ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა (ჰისტერექტომია).
თუ სიმსივნის ადრეული სტადია საშვილოსნოს ყელის ზედაპირის მეტ ნაწილს მოიცავს, ექიმები ჰისტერექტომიას, სხივურ მკურნალობას და ქიმიოთერაპიას ატარებენ. თუ ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე, ქალს შვილოსნობის უნარის შენარჩუნება სურს, შეიძლება ჩატარდეს პროცედურა, რომელსაც რადიკალური ტრაქელექტომია (საშვილოსნოს ყელის ამპუტაცია) ეწოდება. აღნიშნული პროცედურის დროს, ამოიკვეთება საშვილოსნოს ყელი, მისი მიმდებარე ქსოვილები, საშოს ზედა ნაწილი და მენჯის ღრუს ლიმფური კვანძები. საშვილოსნო და დარჩენილი საშო ერთმანეთთან მიმაგრდება. ამგვარად, ქალს კვლავ შეუძლია დაორსულება. თუმცა ბავშვი საკეისრო კვეთით უნდა დაიბადოს. აღნიშნული მკურნალობა, როგორც ჩანს, ისეთივე ეფექტიანია, როგორიც სხვა, უფრო ინვაზიური მკურნალობა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადიის დროს გამოიყენება.
პირველადი გავრცელება მენჯის ღრუში: საჭიროა ჰისტერექტომია და მასთან ერთად ირგვლივ მდებარე ქსოვილების, იოგების და ლიმფური კვანძების ამოკვეთა (რადიკალური ჰისტერექტომია). შეიძლება საკვერცხეების ამოკვეთაც. ჩვეულებრივ, ახალგაზრდა ქალების შემთხვევაში მომუშავე საკვერცხეებს არ ამოკვეთენ. ჰისტერექტომიის ნაცვლად, ზოგჯერ სხივური თერაპია გამოიყენება. სხივურმა თერაპიამ შეიძლება შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს. მოგვიანებით, როგორც შორეული შედეგი, შესაძლებელია ნაწლავის დახშობა და შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დაზიანება. ასევე, მუშაობას წყვეტს საკვერცხეები. რადიკალურ ჰისტერექტომიასთან ან სხივურ თერაპიასთან ერთად, ასევე გამოიყენება ქიმიოთერაპია და შედეგად ქალების დაახლოებით 85-90% ინკურნება.
მენჯის ღრუსა ან სხვა ორგანოებზე გავრცელება: უპირატესობა ენიჭება სხივურთან ერთად ქიმიოთერაპიას (ცისპლატინით). ლაპაროსკოპია და ქირურგიული ჩარევა გამოიყენება პროცესში ლიმფური კვანძების ჩართვის გამოსაკვლევად და ამის მიხედვით ისაზღვრება, თუ სად უნდა იქნას მიმართული დასხივება.
თუ სხივური მკურნალობის შემდეგ, სიმსივნე მენჯის ღრუში კვლავ რჩება, ექიმებმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალონ ქირურგიული გზით მენჯის ღრუს ორგანოების ამოკვეთა (მენჯის ღრუს ევისცერაცია). აღნიშნული პროცედურით ქალების 50%-მდე რაოდენობა იკურნება.
შორეული გავრცელება ან რეციდივი: ზოგჯერ რეკომენდებულია ქიმიოთერაპია – ცისპლატინით და ტოპოტეკანით. ქიმიოთერაპია კიბოს ზომას ამცირებს და მის გავრცელებას ნამკურნალები ქალების 15-20%-ში აკონტროლებს, ამასთან, აღნიშნული ეფექტი მხოლოდ დროებითია.