ვულვის კიბო კანის კიბოა, რომელიც ქალის სასქესო ორგანოების ირგვლივ არეში ვითარდება.
ვულვა ეწოდება მიდამოს, რომელიც ქალის გარეთა სასქესო ორგანოებს მოიცავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვულვის კიბო (ვულვალური კარცინომა) სიხშირით მეოთხე გინეკოლოგიური სიმსივნეა და მასზე აღნიშნული სიმსივნეების 3-4% მოდის. ვულვის სიმსივნე, ჩვეულებრივ, მენოპაუზის შემდეგ ვლინდება. დიაგნოზის საშუალო ასაკი 70 წელია. რაც უფრო მეტი ქალი იცოცხლებს ხანგრძლივად, მით უფრო ხშირი იქნება კიბოს აღნიშნული სახეობა.
ვულვის კიბოს განვითარების რისკი იზრდება ჩამოთვლილ შემთხვევებში:
ვულვის კიბოს უდიდესი ნაწილი კანის სიმსივნეებია, რომლებიც საშოს შესავალთან ახლოს ვითარდება. ვულვის კიბოს დაახლოებით 90% ბრტყელუჯრედოვანი კარცინომებია, ხოლო 5% – მელანომა. დანარჩენი 5% მოიცავს ადენოკარცინომას, რომელიც ჯირკვლოვანი უჯრედებიდან ვითარდება, ბაზალურ უჯრედოვან კარცინომას და კიბოს იშვიათ ფორმებს, როგორიცაა პეჯეტის დაავადება და ბართოლინის ჯირკვლის კიბო.
ვულვის კიბო ვულვის ზედაპირიდან ვითარდება. სიმსივნეების უმრავლესობა ნელა იზრდება და ზედაპირზე რჩება წლების განმავლობაში. თუმცა, ზოგი მათგანი (მაგალითად, მელანომა) სწრაფად იზრდება. მკურნალობის გარეშე, ვულვის კიბომ შესაძლოა საშოში, შარდსადენში ან ანუსში შეაღწიოს და ამავე მიდამოს ლიმფურ ჯირკვლებში გავრცელდეს.
ვულვის არეში თეთრი, ყავისფერი ან წითელი ლაქები შესაძლოა კიბოსწინა (რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია აღნიშნული კერიდან საბოლოოდ სიმსივნე განვითარდეს) მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ვულვის კიბო იწვევს უჩვეულო კვანძის ან ბრტყელი, მოწითალო წყლულების წარმოქმნას, რომლებიც დათვალიერებითაც მოჩანს და შეიგრძნობა და არ ხორცდება. ზოგჯერ ბრტყელი წყლულები ქერცლით იფარება, უფერულდება ან ორივე ცვლილება ერთდროულად ვითარდება. ირგვლივმდებარე ქსოვილები შეიძლება შეიჭმუხნოს და დანაოჭდეს. მელანომა შეიძლება მოლურჯო-მოშავო ან ყავისფერი და ზედაპირიდან ამოწეული იყოს. ზოგი წყლული მეჭეჭის მსგავსად გამოიყურება. ტიპურ შემთხვევაში, ვულვის კიბო მსუბუქ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ხშირია ქავილის შეგრძნება. საბოლოოდ, კვანძი ან წყლული სისხლმდენი ხდება ან იწვევს წყლისებრ გამონადენს. აღნიშნული სიმპტომი დროულად უნდა შეაფასოს ექიმმა.
ქალების დაახლოებით მეხუთედს სიმპტომები არ აქვს, სულ ცოტა დასაწყისში მაინც.
ვულვის კიბოს დიაგნოზს ექიმები კანის შეცვლილი კერიდან აღებული ნიმუშის გამოკვლევით სვამენ (ბიოფსია). ბიოფსია ექიმს საშუალებას აძლევს განსაზღვროს, კანის ცვლილება სიმსივნური ხასიათისაა თუ მხოლოდ ინფიცირების ან გაღიზიანების შედეგია. კიბოს შემთხვევაში, ასევე, უნდა დადგინდეს მისი სახეობა, რაც ექიმებს დაეხმარება მკურნალობის გეგმის შემუშავებაში. თუ კანის ცვლილებები კარგად არ ისახება, ექიმები იყენებენ საღებავს, რომელიც ეხმარება იმ კერის განსაზღვრაში, საიდანაც ბიოფსია უნდა ჩატარდეს. ვულვის ზედაპირის გამოსაკვლევად, ალტერნატივის სახით, შეიძლება ბინოკულარული გამადიდებელი ლინზების მქონე ინსტრუმენტის (კოლპოსკოპი) გამოყენება.
თუ ვულვის კიბო ადრეულ სტადიაზე ვლინდება და მკურნალობაც ტარდება, დიაგნოზის დასმიდან 5 წლის შემდეგ, 4 ქალიდან 3-ს კიბოს ნიშნები აღარ აქვს. დიაგნოზის დასმისა და მკურნალობიდან 5 წლის შემდეგ გადარჩენილი ქალების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, აღწევს თუ არა კიბო ლიმფურ ჯირკვლებს. თუ არ აღწევს, 96% ცოცხალი გადარჩება. ლიმფურ ჯირკვლებში შეღწევის შემთხვევაში კი მხოლოდ 66% რჩება ცოცხალი.
მელანომის შემთხვევაში უფრო მეტად მოსალოდნელია გავრცელება, ვიდრე ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის დროს.
კიბოს სახეობისა და გავრცელების მიხედვით, ქირურგიული გზით კვეთენ მთლიანად ვულვას ან მის ნაწილს (პროცედურას ვულვექტომია ეწოდება). ასევე იკვეთება ახლომდებარე ლიმფური კვანძები. ადრეული სტადიის დროს, სავსებით საკმარისია ამგვარი მკურნალობის ჩატარება.
უფრო შორსწასული კიბოს დროს, ვულვექტომიამდე შეიძლება გამოყენებული იქნეს სხივური მკურნალობა, ხშირად ქიმიოთერაპიასთან ერთად (ცისპლატინით ან ფტორურაცილით). აღნიშნული მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ძალიან დიდი ზომის სიმსივნეების ზომაში შემცირება, რაც უფრო აადვილებს მათ ამოკვეთას. ზოგჯერ, საჭირო ხდება კლიტორისა და მენჯის სხვა ორგანოების ამოკვეთაც.
კიბოს ამოკვეთის შემდეგ, შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა ვულვისა და სხვა დაზიანებული არეების (როგორიცაა საშო) აღსადგენად. ამგვარი ქირურგიული ჩარევა აუმჯობესებს ფუნქციას და გარეგნულ სახეს.
ექიმები ქალთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგენენ მკურნალობის გეგმას, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგება მას, ითვალისწინებს ქალის ასაკს, სქესობრივი ცხოვრების სტილს და ნებისმიერ სხვა სამედიცინო პრობლემას. ვულვექტომიის შემდეგ, ჩეულებრივ, შესაძლებელია სქესობრივი ცხოვრება.
ვინაიდან ვულვის ბაზალურუჯრედოვან კარცინომას მოშორებულ ადგილებზე გავრცელება (მეტასტაზირება) არ ახასიათებს, ქირურგიული ჩარევის დროს, ჩვეულებრივ, მხოლოდ კიბოს კვეთენ. მთლიანად ვულვის მოკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ სიმსივნე დიდი ზომისაა.