ფალოპის მილის კიბო | მკურნალი.გე
  1. ფალოპის მილის კიბო
  2. ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ფალოპის მილის კიბო

ფალოპის მილის კიბო საკვერცხისა და საშვილოსნოს დამაკავშირებელ მილებში ვითარდება.

  • კიბოს უმრავლესობა, რომელიც ფალოპის მილებს აზიანებს, სხეულის სხვა ნაწილებიდანაა გავრცელებული მასზე;

  • დასაწყისში, ქალს შესაძლოა გაურკვეველი სიმპტომები ჰქონდეს, როგორიცაა მუცლის დისკომფორტი ან შებერილობა, ან სიმპტომები საერთოდ არ ვლინდებოდეს;

  • ცვლილებების გამოსავლენად ტარდება ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია;

  • ჩვეულებრივ, კეთდება საშვილოსნოს, საკვერცხეების და ფალოპის მილების ამოკვეთა, რომლის შემდეგ ქიმიოთერაპია ტარდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფალოპის მილების კიბოზე გინეკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების 1%-ზე ნაკლები მოდის. კიბო, რომელიც ფალოპის მილებს აზიანებს, უფრო ხშირად მასზე საკვერცხიდანაა გავრცელებული, ვიდრე თვით ფალოპის მილიდან განვითარებული. კიბო, რომელიც ფალოპის მილებიდან ვითარდება, ჩვეულებრივ, 50-60 წლის ასაკის ქალებს შორისაა. მეტად სავარაუდოა დაავადების განვითარება ქალებს შორის, რომელთაც აქვთ:

  • ფალოპის მილების ხანგრძლივი ანთებითი პროცესი (ქრონიკული სალპინგიტი)

  • დაავადებები, რომლებიც იწვევს ანთებით პროცესებს სხეულის სხვა ნაწილებში, მაგალითად, ტუბერკულოზი

  • უშვილობა

ფალოპის მილების კიბოს 95%-ზე მეტი ადენოკარცინომებია, რომლებიც ჯირკვლოვანი უჯრედებიდან ვითარდება. მცირე ნაწილია სარკომა, რომელიც შემაერთებელი ქსოვილისაგან ვითარდება. ფალოპის მილის კიბო იმავე გზით ვრცელდება, რომლითაც საკვერცხის კიბო: ჩვეულებრივ, პირდაპირ მიმდებარე ქსოვილებზე ან ლიმფური სისტემის საშუალებით, რის შედეგადაც პროცესი სხეულის მოშორებულ ნაწილებში ვლინდება.

სიმპტომები

სიმპტომები მოიცავს მუცლის გაურკვეველ დისკომფორტს, შებერილობას და ტკივილს მენჯის არეში ან მუცელში. ზოგ ქალს აქვს წყლისებრი ან სისხლნარევი გამონადენი საშოდან. შორსწასული კიბოს შემთხვევაში, მუცლის ღრუ შეიძლება სითხით აივსოს (მდგომარეობას ასციტი ეწოდება) და ქალი მენჯის ღრუში დიდი ზომის წარმონაქმნს შეიგრძნობდეს.

დიაგნოზი

ფალოპის მილის კიბოს დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე იშვიათად ისმება. ზოგჯერ, იგი ნაადრევად დიაგნოსტირდება, როდესაც წარმონაქმნი ან სხვა პათოლოგია აღმოჩნდება მენჯის რუტინული გასინჯვისას ან სხვა მიზეზის გამო ტარდება გამოსახულებითი კვლევა. ჩვეულებრივ, კიბოს დიაგნოზი ვერ დაისმება, სანამ იგი შორსწასული არ გახდება, როდესაც ზომაში გაზრდის გამო უფრო თვალნათელია ან მძიმე ასციტი ვითარდება.

თუ საეჭვოა კიბოს არსებობა, ჩვეულებრივ, კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება. თუ შედეგები კიბოს არსებობაზე მიუთითებს, დიაგნოზის დასადასტურებლად ქირურგიული ჩარევა კეთდება, ისაზღვრება კიბოს ზომა და გავრცელება და იგი ამოიკვეთება მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

პროგნოზი და მკურნალობა

პროგნოზი ისეთივეა, როგორიც საკვერცხის კიბოს მქონე ქალების შემთხვევაში.

მკურნალობა თითქმის ყოველთვის მოიცავს საშვილოსნოს (ჰისტერექტომია) და საკვერცხეებისა და ფალოპის მილების (სალპინგოოოფორექტომია), მომიჯნავე ლიმფური ჯირკვლების და ირგვლივ მდებარე ქსოვილების ამოკვეთას. ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ჩვეულებრივ, საჭიროა ქიმიოთერაპია (ისევე, როგორც საკვერცხის კიბოს შემთხვევაში). ყველაზე ხშირად გამოყენებული ქიმოითერაპიული საშუალებებია კარბოპლატინი და პაკლიტაქსელი.

კიბოს ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში, სასარგებლოა სხივური მკურნალობა. სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელებული სიმსივნის დროს, კიბოს შეძლებისდაგვარად სრულად ამოკვეთა აუმჯობესებს პროგნოზს.