ბუშტნამქერი გადაგვარებული სანაყოფე კვერცხის ან პლაცენტის ქსოვილების ჭარბი ზრდაა.
უმეტესად, ბუშტნამქერი გადაგვარებული სანაყოფე კვერცხია და არა ნაყოფი, რომელიც ბუშტების სახით ვითარდება (მდგომარეობას ქორიონადენომას უწოდებენ). ბუშტნამქერი, ასევე, შეიძლება განვითარდეს უჯრედებისაგან, რომლებიც საშვილოსნოში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ ან სრულვადიანი ორსულობის ბოლოს რჩება. იშვიათად იგი შეიძლება ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროსაც განვითარდეს. ასეთ შემთხვევებში, ტიპურია ნაყოფის დაღუპვა და ორსულობის შეწყვეტა.
ბუშტნამქერი მეტად ხშირია 17 წლამდე ან 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი ყოველი 2000 ორსულობიდან 1 შემთხვევაში აღინიშნება. უცნობი მიზეზით, დაავადება თითქმის 10-ჯერ უფრო ხშირია აზიის ქვეყნებში.
ბუშტნამქერის 80% არაავთვისებიანია, 15-20% კი მიმდებარე ქსოვილებში იჭრება და პროცესი ხანგრძლივად ნარჩუნდება. დაახლოებით 2-3% ავთვისებიანი ხდება და მთელ სხეულში ვრცელდება. ასეთ შემთხვევაში მას ქორიოკარცინომა ეწოდება. ქორიოკარცინომა სწრაფად ვრცელდება ლიმფური ძარღვების ან სისხლის ნაკადის საშუალებით. ბუშტნამქერი და ქორიოკარცინომა გესტაციური ტროფობლასტური დაავადებების სახეებია.
ბუშტნამქერის მქონე ქალებს ჰგონიათ, რომ ორსულად არიან. მაგრამ იმის გამო, რომ ბუშტნამქერი, ნორმალურ ორსულობასთან შედარებით, უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ნაყოფი, მუცელი სწრაფად მატულობს ზომაში.
ხშირია მძიმედ გამოხატული გულისრევა და ღებინება და შეიძლება საშოდან სისხლდენა განვითარდეს. ბუშტნამქერი იშლება მცირე ზომის ქსოვილების სახით, რომელიც ყურძნის მტევანს წააგავს და საშოდან გამოიყოფა. აღნიშნული სიმპტომები მეტყველებს იმაზე, რომ პაციენტს დაუყოვნებელი შეფასება ესაჭიროება.
ბუშტნამქერმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის, ინფექცია და ძალზე მაღალი არტერიული წნევა, შარდში ცილის მატებით (პრეეკლამფსია ან ეკლამფსია).
ქორიოკარცინომის განვითარების შემთხვევაში, ქალს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ჰქონდეს, რაც დაავადების სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებითაა (მეტასტაზები) გამოწვეული.
ექიმები ბუშტნამქერის დიაგნოზს ხშირად ჩასახვის შემდეგ მალევე სვამენ. ორსულობის ტესტი დადებითია, თუმცა ნაყოფის მოძრაობა და გულისცემა არ შეინიშნება, ხოლო საშვილოსნო ზომით მოსალოდნელზე გაცილებით დიდია.
ულტრასონოგრაფია ტარდება იმის დასადასტურებლად, რომ წარმონაქმნი ბუშტნამქერია და არა ნაყოფი ან ამნიონის პარკი (რომელიც შეიცავს ნაყოფს და მის გარშემო სითხეს). ტარდება სისხლის ანალიზი ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინის (hCG-ჰორმონი, რომელიც ნორმალურად ორსულობის ადრეულ ვადაზე გამომუშავდება) დონის განსაზღვრისათვის. ბუშტნამქერის დროს ჰორმონის დონე ძალიან მომატებულია, ვინაიდან ქორიონის ბუსუსები მას დიდი რაოდენობით გამოჰყოფს. დიაგნოზის დასადასტურებლად, იღებენ ქსოვილის ნიმუშს საშვილოსნოდან ან საშოდან გამოყოფის დროს და მიკროსკოპულად (ბიოფსია) სწავლობენ.
თუ დაავადება გავრცელებული არაა, განკურნების სიხშირე ბუშტნამქერის დროს ფაქტობრივად 100%-ია. ფართოდ გავრცელებული ქორიოკარცინომის შემთხვევაში, განკურნების ალბათობა 60-80%-ია. ქალების უმრავლესობას შეუძლია მომავალში ბავშვის გაჩენა და გართულებების, ორსულობის შეწყვეტის ან ბავშვის თანდაყოლილი დეფექტების განვითარების მომატებული რისკი არ აქვს.
ქალების 1%-ს, რომელთაც ბუშტნამქერი ჰქონდა, შესაძლოა კვლავ განუვითარდეს იგი. ამგვარად, ქალს, რომელსაც ბუშტნამქერი ჰქონდა, მომდევნო ორსულობების დროს ულტრასონოგრაფიული კვლევა ადრეულად უნდა ჩაუტარდეს.
ბუშტნამქერის მოსაცილებლად საკმარისია საშვილოსნოს ყელის გაფართოება, გამოფხეკა (D და C) და შიგთავსის ამოტუმბვა. მხოლოდ იშვიათად ხდება საჭირო საშვილოსნოს ამოკვეთა (ჰისტერექტომია).
გულმკერდის რენტგენოგრაფია ტარდება იმის სანახავად, ბუშტნამქერი ავთვისებიანი ხომ არ გახდა (როგორიცაა ქორიოკარცინომა) და ფილტვებში ხომ არ გავრცელდა. ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ბუშტნამქერის სრულყოფილად მოცილების შესაფასებლად, სისხლში ისაზღვრება ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინის დონე. თუ სრულყოფილადაა მოცილებული, ჰორმონის დონე ნორმალურ მაჩვენებლებს, ჩვეულებრივ, 10 კვირის განმავლობაში უბრუნდება და შემდგომშიც ნორმალური რჩება. თუ ჰორმონის დონე ნორმალურ მაჩვენებელს არ უბრუნდება (ეწოდება გახანგრძლივებული (პერსისული) დაავადება), ტარდება თავის ტვინის, გულმკერდის, მუცლის და მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა განისაზღვროს, ხომ არ განვითარდა ან გავრცელდა ქორიოკარცინომა.
ბუშტნამქერს ქიმიოთერაპია არ ესაჭიროება, თუმცა გახანგრძლივებულ დაავადებას – კი. ჩვეულებრივ, საკმარისია მხოლოდ ერთი მედიკამენტი (მეტოტრექსატი ან დაქტინომიცინი), თუმცა ზოგჯერ ორივე საშუალება ან სხვა ქიმოითერაპიული საშუალებების კომბინაციაა საჭირო.
ქალს, რომელსაც ბუშტნამქერის გამო მკურნალობა აქვს ჩატარებული, ურჩევენ, არ დაფეხმძიმდეს 1 წლის განმავლობაში. ხშირად რეკომენდებულია ორალური კონტრაცეპტივები, თუმცა კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენებაც შესაძლებელია.