გაუპატიურება | მკურნალი.გე
  1. გაუპატიურება
  2. ქალთა მიმართ ძალადობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
გაუპატიურება

გაუპატიურება გულისხმობს არასასურველ შეღწევადობას საშოში, ანუსში ან პირში. დაზარალებულს შეიძლება ჰქონდეს:

  • ჭრილობები, სისხლჩაქცევები, ემოციური მდგომარეობისა და ძილის დარღვევები;

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათ შორის, აივ-ინფექცია (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი);

  • არასასურველი ორსულობა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ყველა ქალი, რომელიც განეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, უნდა შეამოწმონ სპეციალისტებმა (ექსპერტიზა);

  • შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკური დაზიანებების მკურნალობა, ანტიბიოტიკები ინფექციის პრევენციის მიზნით, გადაუდებელი კონტრაცეფცია და ფსიქოთერაპია;

  • თუ შესაძლებელია, სასურველია მსხვერპლის ახლობლის ან ოჯახის წევრის კონსულტაცია დახმარების ჯგუფის წევრებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს მსხვერპლისთვის შესაძლო დახმარების გაწევის გზები.

გაუპატიურებად ითვლება ძალადობრივი სქესობრივი კავშირის დამყარება, როდესაც ქალის საშოში, ანუსში ან პირში ხდება არასასურველი შეღწევა. ჩამოთვლილი ფორმებით შეღწევა არასრულწლოვანთან, იმის მიუხედავად, თანახმაა თუ არა თავად გოგონა, ასევე, ითვლება გაუპატიურებად.

სექსუალური ძალადობა ფართო ცნებაა და მოიცავს, როგორც ნებისმიერი სექსუალურ სახის იძულებით კონტაქტს, ასევე ძალის გამოყენებით ურთიერთობის დამყარებას. ქალების გაუპატიურების რიცხვი მერყეობს 2%-დან 30%-მდე. ასევე მაღალია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ფაქტები, რომელთა შესახებაც დაზარალებულებმა განაცხადი გააკეთეს, პროცენტულად ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე გაუპატიურებული ადამიანების რეალური რიცხვი.

როგორც წესი, გაუპატიურება აგრესიისა და ძალაუფლების მოპოვების გამოხატულებაა და არა – სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების. გაუპატიურებული ქალების 50% ფიზიკურადაც ტრავმირებულია. ხდება კაცების გაუპატიურებაც. კაცები ხშირად იღებენ უფრო სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებს და უფრო იშვიათად ატყობინებენ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას.

სიმპტომები

გაუპატიურების შედეგად ქალის სხეულზე შეიძლება დარჩეს ფიზიკური ძალადობის კვალი, მათ შორის, საშოს დაზიანება, სისხლჩაქცევები, ნაკაწრები და ჩალურჯებები.

გაუპატიურების ფსიქოლოგიური შედეგები უფრო მეტად დამანგრეველია, ვიდრე – ფიზიკური ძალადობის. გაუპატიურების შემდეგ თითქმის ყველა ქალს აქვს პოსტტრავმული სტრესი. ქალები გრძნობენ შიშს, სირცხვილს, დანაშაულს. ისინი ცდილობენ დაადგინონ, თავად ხომ არ არიან ძალადობის მაპროვოცირებელნი და შეეძლოთ თუ არა მისი თავიდან აცილება. მათ შეიძლება ჰქონდეთ დამთრგუნველი უარყოფითი მოგონებები, თავდასხმის აქტის შესახებ. მათ, ასევე, შეუძლიათ ჩაახშონ ნეგატიური ფაქტების ერთობლიობა და გაექცნენ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც უსიამოვნო წარსულს ახსენებს. ისეთი სიმპტომები როგორიც არის ძილის დარღვევა და ცუდი სიზმრები, შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში და საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს მათ სოციალურ აქტივობაზე, მუშაობის ხარისხზე, თუმცა ქალთა უმეტესობას მოცემული სიმპტომები დროთა განმავლობაში შესამჩნევად უმცირდებათ.

გაუპატიურების შემდეგ არსებობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირების მაღალი რისკი. ასეთი დაავადებებია: გონორეა, ქლამიდიური ინფექცია, სიფილისი, C და B ჰეპატიტები. საკმაოდ პრობლემურია აივინფექციით დაავადების საშიშროება, თუმცა მისი გადადების რისკი ერთჯერადი კავშირის დამყარებით საკმაოდ დაბალია. იშვიათია ქალის დაორსულების შემთხვევებიც.

შეფასება

სექსუალური ძალადობის შემდეგ აუცილებელია მსხვერპლის სრული ფიზიკური გამოკვლევა. ყოველთვის, როცა შესაძლებელია, გაუპატიურებული ან ნებისმიერი სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი სასურველია შეფასდეს სექსუალური ძალადობის ცენტრში, მაღალპროფესიონალური გუნდის მიერ, რომელიც განსწავლულია უშუალოდ ძალადობის საკითხებში და მუშაობს ინდივიდუალური მიდგომის მოდელით. შესაძლოა საჭირო გახდეს დაზარალებულის გადაყვანა გადაუდებელი დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ან განსაკუთრებული მოვლა. გაუპატიურების შემთხვევაში ექიმი მოითხოვს ფაქტის კანონის შესაბამისად დარეგისტრირებას და ექსპერტიზისა და პოლიციის ჩართვას. პაციენტის სრულყოფილი გასინჯვა ექსპერტების მიერ და ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს და ტარდება პირველადი სამედიცინო შეფასებისთანავე. ყველაზე სრულყოფილი მტკიცებულებები გროვდება, როცა მსხვერპლი გაუპატიურებისთანავე მიდის საავადმყოფოში. შხაპის ან აბაზანის მიღებამდე, კბილების გახეხვამდე, ტანსაცმლის გამოცვლამდე და, თუ შესაძლებელია, მოშარდვამდე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზა ითვლება საუკეთესო საშუალებად გაუპატიურების ფაქტის დამტკიცებისთვის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია მსხვერპლის თანხმობის გარეშე. სამედიცინო ჩანაწერი შეიძლება დაეხმაროს მსხვერპლს, გაიხსენოს დეტალები, თუ მისი ჩვენება მოგვიანებით გახდება საჭირო.

გაუპატიურების შემდეგ დაუყოვნებელი სამედიცინო შემოწმება შეიძლება ქალისთვის არაკომფორტული და შიშის გამომწვევიც იყოს. სასურველია, გასინჯვა ჩაატაროს ქალმა ექიმმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველია შემოწმებას ესწრებოდეს მდედრობითი სქესის ექთანი ან მოხალისე, რომელმაც შესაძლოა, შეუმსუბუქოს მსხვერპლს შფოთვის შეგრძნება. მანამ, სანამ ექიმი სამედიცინო გასინჯვას დაიწყებს, აუცილებელია ნებართვის აღება მსხვერპლისგან პროცედურის წარმოებაზე. დაზარალებული არ უნდა გრძნობდეს ზეწოლას თანხმობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო შემოწმება მის ინტერესს ემსახურება. ქალს შეუძლია მოსთხოვს ექიმს სამედიცინო ექსპერტიზაზე ჩასატარებელი კვლევების აღწერილობა, რათა ჰქონდეს შესაბამისი მოლოდინი. ექიმი სამედიცინო ისტორიის შევსებისას ეკითხება მსხვერპლს ყველა დეტალს, რაც საჭიროა ფიზიკური გასინჯვის და მკურნალობის სწორი მართვისთვის. გასათვალისწინებელია, რომ გაუპატიურების დეტალებზე საუბარი ხშირად აშინებს ქალებს. მსხვერპლმა შესაძლოა ითხოვოს, მიეცეს შესაძლებლობა, დეტალური ინფორმაცია გაამჟღავნოს მოგვიანებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ. მას, პირველ რიგში, ესაჭიროება ტრავმების მკურნალობა და დამშვიდება.

საჭიროა შესაძლო ორსულობის გამოვლენა. ექიმი ეკითხება დაზარალებულს ბოლო მენსტრუაციის თარიღს და ხომ არ იყენებს კონტრაცეფციის რომელიმე მეთოდს. იმისათვის, რომ სწორად მოხდეს სხვადასხვა ნაწილიდან აღებული სპერმის ნიმუშის ინტერპრეტაცია, ქალს უნდა გამოჰკითხონ გაუპატიურებამდე არსებული სქესობრივი კონტაქტის შესახებ. მან უნდა დაასახელოს კონტაქტის სავარაუდო პერიოდი.

ექიმი აღწერს ფიზიკური დაზიანების ნიშნებს, როგორიც არის ჭრილობა, ნაკაწრი, საშოს დაზიანებები. დაზიანებებს უღებენ ფოტოსურათებს. ისეთი ტრავმები, როგორიცაა ჩალურჯებები, კანზე შესაძლოა გამოჩნდეს მოგვიანებით, ამიტომ სასურველია სურათების ორ ეტაპად გადაღება. ნაცხის შესწავლა მნიშვნელოვანია სპერმის ნიმუშისა და სხვა ორგანიზმის სითხეების ნიმუშების გამოსავლენად. სხვა მასალები, როგორიც არის მოძალადის სისხლის, თმების ან კანის ნარჩენები, შესაძლებელია აღმოჩნდეს მსხვერპლის ფრჩხილებში. მოძალადის იდენტიფიცირების მიზნით, ზოგჯერ საჭიროა დნმ-ის ანალიზის წარმოება. ქალის ტანსაცმლის ნაწილები ინახება, როგორც მტკიცებულება.

ქალის თანხმობის შემდეგ კეთდება სისხლის ანალიზი ინფექციების გამოსავლენად, აივ-ინფექციის ჩათვლით. თუ პირველადი გამოკვლევა გონორეაზე, სიფილისზე, ქლამიდიურ ინფექციასა და ჰეპატიტებზე უარყოფითია, განმეორებითი ტესტირება მოწოდებულია 6 კვირაში. თუ შედეგები სიფილისსა და ჰეპატიტებზე კვლავ უარყოფითია, საჭიროა ტესტის განმეორება 6 თვეში. აივინფექციაზე (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) განმეორებითი სისხლის ტესტი ტარდება 90-120 დღეში. პაპტესტი (პაპა ნიკოლაუს ტესტი) ტარდება ადამიანის პაპილომა ვირუსით განპირობებული ინფექციის გამოსავლენად და მისი გაკეთება რეკომენდებულია 6 კვირაში.

ჩვეულებრივ ორსულობის ტესტი (რომელიც ავლენს ქორიონალური გონადოტროპინის ტიტრის მატებას შარდში) ტარდება საწყისი შეფასებისას, რათა გამოვლინდეს გაუპატიურებამდე შესაძლო ორსულობის არსებობა. თუ შედეგი ნეგატიურია, განმეორებითი ტესტის ჩატარება რეკომენდებულია ძალადობის ფაქტიდან 6 კვირაში.

მკურნალობა

გამოკვლევის შემდეგ ქალს ეძლევა რეკომენდაცია მიიღოს შხაპი, გამოიცვალოს ტანსაცმელი, დაიმუშაოს პირის ღრუ ანტისეპტიკური ხსნარით და, სურვილის შემთხვევაში, მოშარდოს. მას დაუმუშავებენ ფიზიკურ დაზიანებებს. ინფექციების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპია. ჩვეულებრივ, კეთდება ცეფტრიაქსონის ერთჯერადი დოზა კუნთში. მეტრონიდაზოლის ერთჯერადი დოზა კი ეძლევა პერორალურად. ინიშნება დოქსიციკლინი პერორალურად 7 დღის განმავლობაში. თუ აივ-ინფექციის სწრაფი ტესტი არის პოზიტიური, დაუყოვნებლივ იწყება აივინფექციის მკურნალობა.

თუ არ დასტურდება ძალადობამდე არსებული ორსულობა, მიმართავენ გადაუდებელ კონტრაცეფციას. მსხვერპლს ეძლევა მაღალი დოზა ორალური კონტრაცეპტივისა დაუყოვნებლივ, შემდეგ განმეორებითი დოზა 12 საათში. აღნიშნული მკურნალობა ეფექტიანია შემთხვევების99%-ში, თუ დაიწყო გაუპატიურებიდან 27 საათში. საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივის (IUD) ჩადგმა 10 დღის მანძილზე გაუპატიურებიდან კიდევ უფრო ზრდის კონტრაცეფციულ ეფექტს. თუ ძალადობა მთავრდება ორსულობით, შესაძლებელია განხილულ იქნეს აბორტის საკითხი.

გაუპატიურების შემდეგ მოსალოდნელია ძლიერი ფსიქოლოგიური რეაქცია (როგორიც არის ძლიერი შფოთვა ან შიში). რეკომენდებულია, რომ ქალი დროულად გადამისამართდეს ძალადობის კრიზისულ ცენტრში, სადაც მასთან იმუშავებს პროფესიონალი ფსიქოლოგების ჯგუფი. კრიზისული ცენტრი სთავაზობს მსხვერპლს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ მხარდაჭერას. თუ პოსტტრავმული სტრესი პერსისტირებს, საჭიროა დამატებით ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის ან ფსიქიატრის დახმარება ან ანტიდეპრესანტების გამოყენება, რაც შესაძლოა უფრო ეფექტიანი იყოს. ზოგიერთ შემთხვევებში დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შესაძლოა ჰქონდეთ ისეთივე შეგრძნებები, როგორიც მსხვერპლს – შფოთვა, სიბრაზე ან დანაშაულის შეგრძნება. მოსალოდნელია, ასევე, რომ ისინი ადანაშაულებდნენ მსხვერპლს და ამით იწვევდნენ მის აგრესიას. მსგავსი ქმედება დაზარალებულის მიმართ შეიძლება გამოავლინონ სხვა ოფიციალურმა პირებმა (მაღალჩინოსნები, სამართალდამცველები და ა.შ.). ეს რეაქცია ხელს უშლის მსხვერპლის რეაბილიტაციის პროცესს. სასურველია, ოჯახის წევრებმა და ახლო მეგობრებმა გაიარონ კონსულტაცია ძალადობისა და გაუპატიურების კრიზისული ცენტრის გუნდის წევრებთან და მიიღონ რეკომენდაციები, თუ როგორ დაეხმარონ დაზარალებულს. ჩვეულებრივ, მოსმენა და მხარდაჭერის გამოხატვა მსხვერპლის მიმართ არის ყველაზე გამართლებული ქმედება სხვა პირების მხრიდან. არ არის რეკომენდებული მძაფრი გრძნობების გამოხატვა ძალადობის ფაქტის შესახებ. კრიტიკა და დადანაშაულება ხელს უშლის მსხვერპლის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს. ოჯახის წევრების, მეგობრების, სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის წარმომადგენელთა გუნდური მუშაობა მსხვერპლის დახმარების ეფექტიანი და ქმედითი საშუალებაა.