სპერმის პათოლოგია, რომელიც უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს, მოიცავს: სპერმის რაოდენობის შემცირებას, მისი მოძრაობის შენელებას, სტრუქტურულ დარღვევებს, ორგანიზმიდან გამოყოფის შეუძლებლობას ან გამოყოფისას მთლიანობის დარღვევას.
მდგომარეობა, რომლის დროსაც იზრდება სათესლე ჯირკვლებში (სადაც სპერმა წარმოიქმნება) ტემპერატურა, ხელს უწყობს სპერმის რაოდენობის შემცირებას, სპერმის აქტივობის უნარის შემცირებას და პათოლოგიური სპერმის წარმოქმნას. მაგალითად, ცხელი აბაზანის მიღება სქესობრივი ცხოვრების წინ სპერმაზე არასასურველ გავლენას ახდენს. სათესლე ჯირკვლების გარკვეული დაავადებები, როგორიც არის ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლები, ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები (ვარიკოცელე), ასევე, იწვევს სათესლე ორგანოებში ტემპერატურის მატებას. ეს პათოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა 3 თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.
გარკვეული ჰორმონული დარღვევები და გენეტიკური დაავადებები, ისევე, როგორც სხვა სახის პათოლოგიები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სპერმის წარმოქმნაზე. ტოქსიკური გარემოს ზემოქმედებას, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებას შეუძლია შეამციროს სპერმის პროდუქცია. ანაბოლური ჰორმონების მიღება (როგორიც არის ტესტოსტერონი) ამცირებს ჰიპოფიზის ჰორმონულ აქტივობას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სპერმის პროდუქციას.
დაავადებების გარკვეული სახეობები იწვევს სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის პროდუქციის სრულ გაქრობას (აზოოსპერმია). ამ მძიმე პათოლოგიებში მოიაზრება სათესლე ჯირკვლების, სათესლე სადინარებისა და მათი სისხლით მომარაგების სერიოზული დარღვევები. მსგავსი ხასიათის დარღვევები ახასიათებს აზოოსპერმიას – გენეტიკურ დაავადებას, რომელსაც იწვევს ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი). მის დროს საქმე გვაქვს ორივე სათესლე სადინარის ფორმირების დეფექტთან.
აზოოსპერმია შესაძლოა გამოვლინდეს, როდესაც სათესლე ჯირკვლებიდან გამოყოფილი სპერმა სათესლე სადინარებში არასწორად მოძრაობს, მიედინება შარდის ბუშტისკენ, ასოს და შარდსადენის ნაცვლად. ამ მდგომარეობას სპერმის რეტროგრადული ეაკულაცია ეწოდება.
ექიმი გამოკვლევისას აგროვებს მამაკაცის ავადობის ისტორიას და ფიზიკურად სინჯავს მას, რათა გამოავლინოს უშვილობის მიზეზი. ხდება წარსულში გადატანილი დაავადებების ან ქირურგიული მკურნალობის იდენტიფიცირება. ექიმი ინტერესდება მიღებული მედიკამენტების ჩამონათვალით და ტოქსიკური ზემოქმედების არსებობით. პაციენტის გასინჯვა ხდება ფიზიკური დარღვევების გამოსავლენად. იკვლევენ სისხლში ჰორმონულ ცვლას (ტესტოსტერონის ჩათვლით). უშვილობის დროს მამაკაცების სკრინინგულ გამოკვლევად ითვლება სპერმის ანალიზი. მამაკაცებს სთხოვენ, რომ სპერმის გამოკვლევამდე 2-3 დღე არ მოახდინონ ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა). აღნიშნულის მიზანია სათესლე სითხეში არსებული სპერმის მაქსიმალური რაოდენობის გამოვლენა. ანალიზის აღებისთვის მამაკაცს ეძლევა რეკომენდაცია, მასტურბაციის გზით მოახდინოს სპერმის ეაკულაცია სუფთა მინის ჭურჭელში. ამის შემდეგ სასურველია ანალიზი გაკეთდეს რამდენიმე წუთში. მამაკაცებს, რომელთაც უძნელდებათ სპერმის მიღება აღნიშნული მეთოდით, ურჩევენ სპერმის შეგროვებას სქესობრივი კონტაქტისას პრეზერვატივით, რომელიც არ იქნება დაფარული რაიმე ლუბლიკანტით ან ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებით. განისაზღვრება სპერმის ნიმუშის მოცულობა, ფერი, კონსისტენცია, წებოვნება და ქიმიური შემადგენლობა. ითვლება სპერმატოზოიდების რაოდენობა. სპერმატოზოიდების შემცირება წარმოადგენს უშვილობის ერთ-ერთ მიზეზს, მაგრამ არა – ყოველთვის. სპერმის შესწავლა ხდება მიკროსკოპში, რათა გამოვლინდეს სპერმატოზოიდების პათოლოგიური ფორმები, ზომა და მოძრაობის უნარი. პათოლოგიური მონაცემების მიღების შემთხვევაში, ხშირად საჭიროა ანალიზის განმეორებით წარმოება, რადგან ერთი და იმავე მამაკაცის სხვადასხვა დროს აღებული ნიმუში, შესაძლოა, მკვეთრად განსხვავებული იყოს.1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა დროს აღებული სპერმის ნიმუშის შესწავლა უზრუნველყოფს მეტად სარწმუნო შედეგს, ვიდრე ერთჯერადი ანალიზი. მიღებული შედეგების დარღვევისას ექიმი იწყებს მიზეზის დადგენას. სპერმის მკვეთრი შემცირების შემთხვევაში ტარდება გენეტიკური ტესტირება. ასევე მიზანშეწონილია ეაკულაციის შემდგომი შარდის ანალიზი მასში სპერმის გამოსავლენად, რათა გამოირიცხოს რეტროგრადული ეაკულაციის შემთხვევები.
როდესაც ორივე პარტნიორის რუტინული შესწავლისას გაურკვეველია უშვილობის მიზეზი, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება. აღნიშნული კვლევებით დგინდება სპერმატოზოიდების ფუნქცია და თვისებრივი მახასიათებლები. ტესტების მიზანია:
ზოგჯერ რეკომენდებულია სათესლე ჯირკვლების ბიოფსიური მასალის შესწავლა, რათა უფრო ზუსტად დადგინდეს სპერმის პროდუქციასთან და სათესლე ჯირკვლების ფუნქციასთან დაკავშირებული საკითხები.
უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს შესაძლებლობის ფარგლებში იმ დაავადების მკურნალობას, რომელიც იწვევს უნაყოფობას. მაგალითად, ვარიკოცელეს მკურნალობენ ქირურგიულად. ზოგჯერ ნაყოფიერებაზე გავლენის მოხდენა შეიძლება სხვადასხვა სახის მედიკამენტური მკურნალობისას. მაგალითად, კლომიფენი, რომელიც წარმოადგენდა ოვულაციის მასტიმულირებელ საშუალებას ქალებში, აგრეთვე გამოიყენება როგორც სპერმატოზოიდების რაოდენობის ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატი მამაკაცებში. ამასთანავე, აუმჯობესებს თუ არა კლომიფენის მიღება სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს ან ამცირებს თუ არა პათოლოგიური სპერმატოზოიდების რაოდენობას, არ არის დადგენილი.
მამაკაცში, რომელთანაც დადგენილია სპერმატოზოიდების ნორმალური რაოდენობა, მაგრამ დაქვეითებული მოძრაობის უნარი, ხელოვნური ინსემინაცია (განაყოფიერება) მკურნალობის ეფექტიან მეთოდად ითვლება და შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს დაორსულების ალბათობა. აღნიშნული მეთოდის დროს გამოიყენება ეაკულაციის შედეგად მიღებული სპერმის პირველი პორცია, რომელიც მეტად არის გაჯერებული სპერმატოზოიდებით. სპერმა შეჰყავთ ქალის საშვილოსნოს ღრუში. სპერმის მიღების შემდეგ ტექნიკურად შესაძლებელია მასში მეტად აქტიური სპერმატოზოიდების გამოყოფა (გაფილტრული/დამუშავებული სპერმა). ასეთი სპერმის გამოყენებისას ხელოვნური ინსემინაციის წარმატებული შემთხვევები გაცილებით მეტია. დამუშავებული სპერმის გამოყენებით ორსულობა, ჩვეულებრივ, მე-6 მცდელობისას დგება, თუ ამ მეთოდით საერთოდ შესაძლებელია განაყოფიერება.
განსხვავებულია ინ ვიტრო(სინჯარაში) განაყოფიერების მეთოდი. ის გულისხმობს საკვერცხის ციტოპლაზმაში სპერმის შეყვანას ინექციის გზით (ინტრაციტოპლაზმურად ხდება ერთ კვერცხუჯრედში ერთი სპერმატოზოიდის შეყვანა), შემდგომ კი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში გადატანა. აღნიშნული მეთოდი ხელსაყრელია მამაკაცის არაერთი სახის უშვილობის სამკურნალოდ.
როცა მამაკაცში შეუძლებელია სპერმის პროდუქცია, რეკომენდებულია დონორის სპერმის (სხვა მამაკაცის სპერმის) ინსემინაციის მეთოდის შეთავაზება. იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (აივ ინფექციის ჩათვლით) გავრცელების რისკი, დონორის ინსემინაციის მეთოდის წარმოებისას ახალეაკულირებული სპერმის გამოყენება აღარ ხდება. რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი დონორის სპერმის გაყინვისას სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, შემდგომ კვლავ ხდება ნიმუშის გამოკვლევა ინფექციებზე. თუ შედეგები უარყოფითია, ხდება სპერმის გადნობა და გამოყენება.
ინსემინაციის წინ, პარტნიორ ქალთან ნაყოფიერების პრობლემის მიუხედავად, მოწოდებულია საკვერცხის მინიმალური სტიმულაცია გონადოტროპინით, რათა ერთდროულად მომწიფდეს რამდენიმე ფოლიკული და ოვულაციის შედეგად კვერცხუჯრედები გამოთავისუფლდეს. ამ მეთოდის დამატებით გამოყენებით ორსულობა მეტად შესაძლებელი ხდება.