ოვულაციის პროცესის დარღვევები | მკურნალი.გე
  1. ოვულაციის პროცესის დარღვევები
  2. უშვილობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ოვულაციის პროცესის დარღვევები

საკვერცხე ყოველთვიურად არ წარმოქმნის კვერცხუჯრედს

  • ოვულაციის პროცესის დარღვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს თავის ტვინის ნაწილის დისფუნქციასთან, იმ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დაღვევასთან, რომლებიც აკონტროლებს ოვულაციას, ან საკვერცხის პათოლოგიებთან;

  • ქალს შეუძლია ამოიცნოს, ხდება თუ არა ოვულაცია და როდის. ეს შესაძლებელია ბაზალური ტემპერატურის გასინჯვით ან სახლში სპეციალური ტესტების გამოყენებით;

  • ექიმი ატარებს ულტრაბგერით, შარდის ან სისხლის გამოკვლევას ოვულაციის პრობლემების გამოსავლენად;

  • მედიკამენტების გარკვეული სახეობები, მაგალითად, კლომიფენი ასტიმულირებს ოვულაციის პროცესს, მაგრამ მას ყოველთვის არ მოჰყვება ორსულობა.

ქალებში უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზი დარღვეული ოვულაციაა.

მიზეზები

დარღვეული ოვულაცია განპირობებულია ოვულაციის მაკონტროლებელი სისტემების რომელიმე ნაწილის დისფუნქციით. აღნიშნული სისტემები მოიცავს ჰიპოთალამუსს (თავის ტვინის ნაწილი), ჰიპოფიზის ჯირკვალს, საკვერცხეს და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებს – თირკმელზედა ჯირკვალს და ფარისებრ ჯირკვალს. ასე, მაგალითად:

  • ჰიპოთალამუსში არ ხდება გონადოტროპინრილიზინგ ჰორმონის სეკრეცია, რომელიც ასტიმულირებს ჰიპოფიზის ჯირკვალს. ჰიპოფიზი სტიმულაციის შედეგად წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც თავის მხრივ აძლიერებს საკვერცხის ჰორმონების გამომუშავებას (ლუთეინური და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი);

  • ჰიპოფიზის ჯირკვალს შეუძლია ძალიან მცირე რაოდენობით ლუთეინური და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების პროდუქცია;

  • საკვერცხე გამოყოფს მინიმალური რაოდენობით ესტროგენს;

  • ჰიპოფიზი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით პროლაქტინს, რომელიც რძის მწარმოებელი ჰორმონია. პროლაქტინის გაზრდილი პროდუქცია (ჰიპერპროლაქტინემია) თრგუნავს საკვერცხეში ოვულაციის პროცესს, ოვულაციის მასტიმულირებელი ჰორმონების შემცირების გზით. ჰიპერპროლაქტინემია ხშირად განპირობებულია ჰიპოფიზის სიმსივნური პროცესით (პროლაქტინომი), რომელიც თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანი სიმსივნეა;

  • სხვა ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია მოიცავს თირკმელზედა ჯირკვალს, რომელსაც შეუძლია გამოიმუშავოს დიდი რაოდენობით მამაკაცის ჰორმონი (როგორიც არის ტესტოსტერონი) ან ფარისებურ ჯირკვალს, რომელიც გამოყოფს გაზრდილი ან შემცირებული რაოდენობით თირეოიდულ ჰორმონებს, რომლებიც ხელს უწყობს ჰიპოფიზისა და საკვერცხის ჰორმონების ნორმალურ ბალანსს.

ოვულაციის დარღვევები შესაძლოა განპირობებული იყოს მრავალი მიზეზით, მათ შორის, ყველაზე ხშირია პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, რომელიც ხასიათდება ჭარბი წონის არსებობით, საკვერცხის მიერ მამაკაცური ჰორმონის ჭარბი გამომუშავებით. სხვა მიზეზებში მოიაზრება დიაბეტი და სიმსუქნე. პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ფიზიკური აქტივობის, ვარჯიშის გაზრდის საშუალებით, გარკვეული სახის მედიკამენტების (ესტროგენები, პროგესტერონი და ანტიდეპრესანტები) მიღებით. ფსიქოლოგიური სტრესი და წონის უეცარი კლება ზოგჯერ გვევლინება ადრეული მენოპაუზის მიზეზად, რომლის დროსაც ხდება საკვერცხეში არსებული კვერცხუჯრედების მარაგის ადრეული ამოწურვა. უშვილობის მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია არარეგულარული მენსტრუაციის (ამენორეა), ოვულაციის დარღვევის შემთხვევები. გასათვალისწინებელია ოვულაციის პრობლემები, როდესაც ქალს აქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი, მაგრამ არ აქვს პრემენსტრუალური სიმპტომები, როგორიც არის სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მატება, მცირე მენჯის არეში შებერილობა და გუნება-განწყობილების ცვლილება.

დიაგნოზი

იმისათვის რომ განისაზღვროს, ხდება თუ არა ოვულაცია და როდის, ექიმი სთხოვს ქალს, ჩაიტაროს ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგი, რაც ყოველ დილით, გაღვიძებისას, ლოგინშივე რექტალურად სხეულის ტემპერატურის გაზომვას გულისხმობს. უმჯობესია თუ იგი გამოიყენებს ბაზალური ტემპერატურის გასაზომ სპეციალურ თერმომეტრს (რომელიც საკმაოდ ზუსტია) ან, თუ სპეციალური თერმომეტრი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენოს ჩვეულებრივი ვერცხლისწყლის თერმომეტრი. ელექტრონული თერმომეტრები ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა. ჩვეულებრივ, საუკეთესოა გაღვიძებისთანავე გასინჯვა. ბაზალური ტემპერატურის კლება მიგვანიშნებს, რომ უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ოვულაცია, ხოლო 0,9ºF (0,5ºC)-ით ტემპერატურის მატება, ჩვეულებრივ, ახლად მომხდარი ოვულაციის ნიშანია. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მეთოდი მოუხერხებელია ქალების უმეტესობისთვის და არც მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. საუკეთესო შემთხვევაში, ის 2 დღით ადრე ამცნობს ქალს შესაძლო ოვულაციას. უფრო ზუსტ მეთოდად მიიჩნევა ოვულაციის პროგნოზირების კომპლექტი, რომელიც განკუთვნილია სახლის პირობებში გამოყენებისთვის. ეს ნაკრები საშუალებას აძლევს ქალს, ოვულაციამდე 24-26 საათით ადრე გამოავლინოს შარდში ლუთეინური ჰორმონის მატება. შარდი უნდა შემოწმდეს ზედიზედ რამდენიმე დღე. ექიმს უფრო დიდი სიზუსტით შეუძლია განსაზღვროს ოვულაციის არსებობა და პერიოდი. მეთოდი მოიცავს ულტრაბგერითი გამოკვლევის, სისხლში ან ნერწყვში პროგესტერონის დონის განსაზღვრის ან შარდში მათი რომელიმე ნარჩენი პროდუქტის გამოვლენას. ამ მონაცემების შესამჩნევი ზრდა მიგვანიშნებს, რომ ოვულაცია მოხდა. ექიმს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი კვლევები იმ პათოლოგიური პროცესების გამოსავლენად, რომლებიც ხელს უშლის ოვულაციას. მაგალითად, ექიმი იკვლევს ტესტოსტერონის დონეს სისხლში, რათა გამოავლინოს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი.

მკურნალობა

მკურნალობისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებს ოვულაციას. ესენია: კლომიფენი ან ადამიანის გონადოტროპინი. მედიკამენტების სხვა სახეობები გამოიყენება სპეციფიკური პრობლემის გათვალისწინებით. თუ უშვილობის მიზეზი ადრეული მენოპაუზაა, არც კლომიფენს და არც ადამიანის გონადოტროპინს არ შეუძლიათ ოვულაციის სტიმულაცია.

კლომიფენს დამატებული მედროქსიპროგესტერონი: თუ ოვულაცია არ ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უპირატესად კლომიფენი და მედროქსიპროგესტერონი გამოიყენება. პირველად ქალი იწყებს მედროქსიპროგესტერონს, ჩვეულებრივ – პერორალურად, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის პროვოცირებისთვის. ეს მედიკამენტი ინიშნება 5-დან 10 დღემდე ვადით. სისხლდენის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ქალი იწყებს კლომიფენის ორალურ მიღებას 5 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ოვულაცია ხდება კლომიფენის შეწყვეტიდან 5-12 დღეში და ოვულაციიდან 14-16 დღეში იწყება მენსტრუაცია. კლომიფენი არ არის შედეგიანი ოვულაციის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში. ის მეტად მოქმედებს, როცა მიზეზი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომია. თუ ქალს კლომიფენით მკურნალობის შემდეგ არ აქვს მენსტრუაცია, მან უნდა ჩაიტაროს ორსულობის დასადგენი ტესტირება. თუ ქალი არ არის ორსულად, რეკომენდებულია კლომიფენით მკურნალობის მეორე კურსის ჩატარება. ამ შემთხვევაში ინიშნება კლომიფენის უფრო მაღალი დოზები და ასე გრძელდება ყოველი მკურნალობის ციკლის დროს მედიკამენტის მაქსიმალურ დასაშვებ დოზამდე. როდესაც ოვულაცია მიიღწევა მედიკამენტის გარკვეულ დოზაზე, ქალი განმეორებით იღებს მედიკამენტის იმავე დოზას მომდევნო 3-4 ციკლის განმავლობაში. ქალების უმრავლესობას, რომლებიც ორსულდებიან აღნიშნული მედიკამენტის ფონზე, მკურნალობა 3-4 ციკლის განმავლობაში სჭირდებათ. ქალების დაახლოებით 75-80%-ში კლომიფენის ფონზე მიღწეულ იქნა ოვულაცია, თუმცა მათგან მხოლოდ 40-50%-ში დადგა ორსულობა. ამ ორსულებიდან დაახლოებით 5%-ში გამოვლინდა ერთზე მეტი ნაყოფით ორსულობა – ტყუპი. კლომიფენის გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია შეტევის მსგავსი წამოხურება, მუცლის შებერილობა, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, ღებინება და გულისრევა, მხედველობის პრობლემები და თავის ტკივილი. 1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში გამოვლინდა საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომლის დროსაც მკვეთრად იზრდება საკვერცხეების მოცულობა და ვლინდება საკმაოდ დიდი ოდენობით გამონაჟონი მუცლის ღრუში. ეს სინდრომი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს და ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა. აღნიშნული გვერდითი მოვლენის პრევენციის მიზნით, ექიმი ყოველთვის ნიშნავს კლომიფენის დაბალ დოზას და საკვერცხეების გადიდების შემთხვევაში, მედიკამენტის მიღება წყდება.

ადამიანის გონადოტროპინი:თუ კლომიფენის მკურნალობის ფონზე, ოვულაცია ვერ მიიღწევა და, შესაბამისად, არ ხდება ორსულობა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰორმონოთერაპია ადამიანის გონადოტროპინის ინექციით კუნთში ან კანქვეშ. ადამიანის გონადოტროპინი ასტიმულირებს საკვერცხეში ფილიკულის მომწიფებას. ფოლიკულები სითხით სავსე ჩაღრმავებებია, რომლებიც შეიცავს კვერცხუჯრედს. ულტრასონოგრაფიულად შესაძლებელია შეფასდეს მომწიფებული ფოლიკული. ამის შემდგომ ქალი იკეთებს სხვა ჰორმონის ინექციებს. ადამიანის გონადოტროპული ჰორმონი ასევე ახდენს ოვულაციის სტიმულირებას. ადამიანის გონადოტროპული ჰორმონით მკურნალობის შემთხვევაში, ქალების დაახლოებით 95%-ში მიიღწევა ოვულაცია, მაგრამ მათგან მხოლოდ 50-70%-ში დგება ორსულობა. ორსულთა დაახლოებით 10-30%-ში აღინიშნება მრავალნაყოფიანი ორსულობა.

ადამიანის გონადოტროპინს მძიმე გვერდითი მოვლენები ახლავს. ამიტომ მკურნალობის პროცესში ექიმი პაციენტის ზედმიწევნით დეტალურ კონტროლს ახორციელებს. ქალების დაახლოებით 10-20%-ს, რომლებიც მკურნალობენ ადამიანის გონადოტროპინით, უვითარდება საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ამ სინდრომის გამოვლენისას, ექიმი აჩერებს ადამიანის გონადოტროპინით მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ჰორმონული პრეპარატი საკმაოდ ძვირია. თუ უშვილობის მიზეზი ადრეული მენოპაუზაა, არც კლომიფენს და არც ადამიანის გონადოტროპინს არ შეუძლია ოვულაციის სტიმულაცია.

სხვა მედიკამენტები: თუ ჰიპოთალამუსში არ ხდება გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის სეკრეცია, შესაძლებელია ინტრავენურად დაინიშნოს ამ ჰორმონის სინთეზური ანალოგი (გონადორელინის აცეტატი). ეს პრეპარატი, ბუნებრივი ჰორმონის მსგავსად, ასტიმულირებს ჰიპოფიზის ჯირკვალში იმ ჰორმონთა სინთეზს, რომლებიც იწვევს ოვულაციის პროვოცირებას. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის რისკი ამ მკურნალობის ფონზე დაბალია და მკურნალობის პროცესში ინტენსიურ მონიტორინგს არ საჭიროებს. გასათვალისწინებელია, რომ ეს მედიკამენტები არ არის ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

როდესაც უშვილობის მიზეზი სისხლში პროლაქტინის მაღალი დონეა, საუკეთესო მედიკამენტად მოიაზრება ის, რომელსაც გააჩნია დოპამინის მსგავსი მოქმედება. მათ დოპამინის აგონისტებს ეძახიან. ასეთია ბრომოკრიპტინი ან კაბერგოლინი (დოსტინექსი). დოფამინი წარმოადგენს ქიმიურ მაცნეს, რაც ახდენს პროლაქტინის პროდუქციის დათრგუნვას.