ფალოპის მილებთან დაკავშირებული პათოლოგიები | მკურნალი.გე
  1. ფალოპის მილებთან დაკავშირებული პათოლოგიები
  2. უშვილობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ფალოპის მილებთან დაკავშირებული პათოლოგიები

ფალოპის მილები შესაძლოა იყოს სრულიად დახურული ან დაზიანებული. მისი დაზიანების შემთხვევაში, საკვერცხიდან გადმოსული მომწიფებული კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება საშვილოსნოში.

  • პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით, ექიმი ატარებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას საშვილოსნოს ყელში საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ ან პირდაპირ ათვალიერებს მცირე მენჯის ორგანოებს სპეციალური მილის (ლაპაროსკოპი) მეშვეობით, რომელიც მუცლის ღრუში შეჰყავთ ჭიპის ქვემოთ მცირე ზომის განაკვეთიდან;

  • ზოგჯერ შესაძლებელია დაზიანებული ფალოპის მილის აღდგენა, თუმცა ჩვეულებრივ მაინც რეკომენდებულია ხელოვნური განაყოფიერება.

ზოგჯერ ფალოპის მილები შესაძლოა იყოს სრულიად დახურული ან დაზიანებული. მისი დაზიანების შემთხვევაში, საკვერცხიდან გადმოსული მომწიფებული კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება საშვილოსნოში. მილების დაზიანების მიზეზი მრავალფეროვანია. იგი მოიცავს გადატანილ დაავადებებს და ქვემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს:

  • მცირე მენჯის ინფექცია (როგორიც არის მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები);

  • საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის გამოყენება, თუ ის მიზეზია მცირე მენჯის ინფექციის გავრცელებისა (რაც იშვითია);

  • აპენდიქსის გასკდომა;

  • მცირე მენჯზე ან მუცლის ქვედა სეგმენტზე ჩატარებული ოპერაცია;

  • საშვილოსნოს გარე (ექტოპიური) ორსულობა ფალოპის მილში, რომელიც იწვევს მილის სრულ ბლოკირებას;

  • საშვილოსნოს და ფალოპის მილების თანდაყოლილი დეფექტი;

  • ენდომეტრიოზი;

  • ფიბროზული ცვლილებები საშვილოსნოში;

  • ნაწიბუროვანი ქსოვილის არსებობა ნორმალურ არაშემაერთებელქსოვილოვან სტრუქტურებს შორის მცირე მენჯსა და საშვილოსნოში.

დიაგნოზი

სადიაგნოზო პროცედურები, რომლებიც ავლენს ფალოპის მილების გამავლობას, შემდეგია:

  • ჰისტეროსალპინგოგრაფია: წარმოადგენს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც ტარდება საკონტრასტო ნივთიერების ცერვიკალურად შეყვანის შემდეგ. რენტგენოლოგიურად შესაძლებელია საკონტრასტო ნივთიერების გავრცელების იდენტიფიცირება, რომელიც ავლენს საშვილოსნოს და ფალოპის მილების შიდა ნაწილის მდგომარეობას. აღნიშნული პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან რამდენიმე დღეში. გამოკვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს სტრუქტურული დარღვევები, რომლებიც აფერხებს ან ახშობს ფალოპის მილების გამტარობას. შემთხვევათა დაახლოებით 15 %-ში ჰისტეროსალპინგოგრაფიით გამოვლენილი დახშობილი ფალოპის მილები სინამდვილეში არ არის ბლოკირებული, რაც კვლევის ცრუ დადებით შედეგებს განეკუთვნება. ჰისტეროსალპინგოგრაფიის პროცედურის შემდეგ იზრდება შვილოსნობის ალბათობა. აღნიშნული აიხსნება, იმით, რომ პროცედურის დროს ფართოვდება ფალოპის მილები და სუფთავდება ლორწოვანი შიგთავსისგან. ასეთ შემთხვევებში ექიმი გამოკვლევის შემდეგ ელოდება ორსულობის დადგენას, წინააღმდეგ შემთხვევებში აგრძელებს ფალოპის მილების ფუნქციურ სადიაგნოზო კვლევებს.

  • ჰისტეროსონოგრაფია: პროცედურის წინ საშვილოსნოს ყელიდან ღრუში შეჰყავთ მარილიანი წყალი ისეთი მოცულობით, რომ გაიაროს ფალოპის მილები. პარალელურ რეჟიმში ატარებენ ულტრაბგერით გამოკვლევას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მილების გამავლობის შეფასება და პათოლოგიური დახშობის გამოვლენა. პროცედურა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და არ საჭიროებს ანესთეზიას. ის გაცილებით უსაფრთხოა ჰისპეროსალპინგოგრაფიასთან შედარებით, რადგან არ საჭიროებს საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებას, და არ აქვს გამოსხივების დამაზიანებელი მოქმედება, თუმცა არ გამოირჩევა მაღალი ხარისხის სიზუსტით.

თუ გამოვლინდა საშვილოსნოსშიდა დარღვევები, ექიმი შემდგომი გამოკვლევისთვის იყენებს ჰისტეროსკოპიას, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ღრუს დათვალიერებას სპეციალური მილის საშუალებით. მილი საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის გავლით. ღრუში გამოვლენილი შეხორცებითი პროცესის, პოლიპის ან მცირე ზომის მოცულობითი წარმონაქმნის შემთხვევაში ჰისტეროსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია პათოლოგიური უბნის მოცილება, რაც ზრდის შემდგომი დაორსულების ალბათობას.

თუ საეჭვოა ფალოპის მილების გამავლობის პრობლემა ან ენდომეტრიოზი, დამატებითი კვლევისთვის რეკომენდებულია ლაპაროსკოპია. მცირე ზომის განაკვეთის მეშვეობით, რომელიც კეთდება ჭიპის ქვევით, მცირე დიამეტრის მილი შეჰყავთ მცირე მენჯის ღრუში. ჩვეულებრივ, პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიით, რაც საშუალებას აძლევს ექიმს პირდაპირ დაათვალიეროს საშვილოსნო, საკვერცხეები და ფალოპის მილები, ამასთანავე, მოაცილოს მცირე მენჯში არსებული პათოლოგიური ქსოვილი მკურნალობის მიზნით.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. არსებულ პათოლოგიურ ქსოვილებს ხშირად აცილებენ დიაგნოსტიკური კვლევისას (ჰისტეროსკოპიის ან ლაპაროსკოპიის გამოყენებით). ქირურგიული მკურნალობის მიზანია ფალოპის მილის აღდგენა, რომელიც დაზიანდა ექტოპიური ორსულობის ან ინფექციის შედეგად. მიუხედავად ქირურგიული მკურნალობისა და მილის მთლიანობის აღდგენისა, შემდგომი ორსულობის შანსი მაინც რჩება დაბალი. რაც შეეხება გარე ორსულობას, ქირურგიული ჩარევის შემდეგ მისი ალბათობა იზრდება ჩვეულებრივ სტატისტიკასთან შედარებით. შესაბამისად, პაციენტს კვლავ ესაჭიროება ხელოვნური განაყოფიერება.