აბორტი | მკურნალი.გე
  1. აბორტი
  2. ოჯახის დაგეგმვა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
აბორტი

ხელოვნური აბორტი არის ქმედება, რომლის დროსაც განზრახ წყდება ორსულობა ქირურგიული ან მედიკამენტური საშუალებებით.

  • ორსულობა შესაძლებელია შეწყდეს ქირურგიულად, საშვილოსნოს ღრუში არსებული ნაყოფის მოცილებით ან გარკვეული სახეობის მედიკამენტების მიღებით;

  • ქირურგიულად წარმოებულ აბორტს იშვიათად მოჰყვება გართულებები, თუ ის ტარდება კარგად განსწავლული ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ კლინიკაში ან საავადმყოფოში.

მსოფლიო მასშტაბით აბორტის სტატისტიკა ვარიაბელურია. მსოფლიოს ქალების 2/3-ისთვის აბორტი ხელმისაწვდომია ლეგალურად. ამერიკის შეერთებულ შტატებში სელექციური აბორტი (აბორტი ინიცირებულია პირადი გადაწყვეტილებით) არის ლეგალური პირველი ტრიმესტრის განმავლობაში (12 კვირამდე). 12 კვირის შემდეგ, სელექციური აბორტი არის ლეგალურად მერყევი. ამერიკაში ორსულობათა დაახლოებით 25% მთავრდება აბორტით, რომელიც თანამედროვე მედიცინაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პროცედურა.

მეთოდები

აბორტის მეთოდებია ქირურგიული (ნაყოფის ქირურგიული ევაკუაცია) და მედიკამენტური (საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულაციის გზით). მეთოდის არჩევანი დამოკიდებულია ქალის ორსულობის ვადაზე.

ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია ორსულობის ვადის დადგენა. აბორტის ქირურგიულ მეთოდს მიმართავენ ორსულობის მოგვიანებით ვადაზე (&გტ;15 კვირაზე), ხოლო მედიკამენტური აბორტი მოწოდებულია უფრო ადრეული ვადის ორსულებში. თუ ქირურგიული აბორტი აუცილებელია ორსულობის ადრეულ ვადაზე, საკმარისია მხოლოდ ადგილობრივი გაუტკივარება. რაც შეეხება მოგვიანებით აბორტებს, მათ ჩასატარებლად ხშირად საჭირო ხდება ზოგადი ანესთეზია.

ქირურგიული ევაკუაცია:ქირურგიული აბორტის დროს ადგილი აქვს ვაგინის გავლით საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ქირურგიული წესით ევაკუაციას (გამოტუმბვა, გამოფხეკა). მისი სიხშირე აჭარბებს საერთო აბორტების 95%-ს.

12 კვირის და უფრო მცირე ვადის ორსულობის დროს ექიმები, როგორც წესი, იყენებენ გამოტუმბვას და კიურეტაჟს (გამოფხეკას). პროცედურის დროს იხმარება პატარა დრეკადი მილი, რომლის ბოლოც მიერთებულია ვაკუუმის წყაროსთან. საშვილოსნოს ღრუს შიგთავსი გამოაქვთ გამწოვი ტუმბოს საშუალებით ან, იშვიათად, შპრიცის მეშვეობით. მილი მოთავსებულია ცერვიკალურ არხში, რომელიც რბილი და თავისუფალი უნდა იყოს. ზოგჯერ აღნიშნული პროცედურა არ სრულდება ორსულობის შეწყვეტით, განსაკუთრებით, როდესაც მანიპულაცია ტარდება გადაცილებული მენსტრუალური ციკლის პირველ კვირას. არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ცერვიკალური არხის გაფართოება, რათა მასში თავისუფლად მოთავსდეს ვაკუუმის მილი. მაგალითად, 6-12 კვირის ორსულებში საშვილოსნოს ყელის არხი თავისუფლად ფართოვდება და მასში უფრო მსხვილი მილი თავსდება. 4-დან 6 კვირამდე კი გამოიყენება შედარებით მცირე დიამეტრის მილი. ის იმდენად პატარაა, რომ ცერვიკალურ არხს გაგანიერება არ ესაჭიროება. საშვილოსნოს ყელის გაგანიერების დროს, მილის დაზიანების პრევენციის მიზნით, იყენებენ ბუნებრივ მეთოდებს. ასე მაგალითად საშვილოსნოს ყელში შეჰყავთ ლამინარია, რომელიც სითხის შთანთქმით და გაჯირჯვებით გამოირჩევა, და ტოვებენ მას 4-5 საათით. გაჯირჯვებული და დაჭიმული ლამინარია ხელს უწყობს საშვილონოს ყელის გახსნას. ცერვიკალური არხის გასაფართოებლად გამოიყენება აგრეთვე პროსტაგლანდინების ტიპის მედიკამენტები, 12 კვირაზე დიდი ვადის ორსულებში, ჩვეულებრივ, ტარდება ცერვიკალური არხის გაფართოება და შემდგომ – საშვილოსნოს შიგთავსის ევაკუაცია. ევაკუაციის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს საკონტროლო კიურეტაჟი. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ალბათობა გართულებებისა გაცილებით მაღალია, ვიდრე მედიკამენტური აბორტის დროს. ორსულობის დიდი ვადის შემთხვევაში განსაკუთრებით იზრდება ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა საშვილოსნოს და ნაწლავების დაზიანება.

მედიკამენტური აბორტი. კეთდება მხოლოდ 9 კვირამდე ორსულობის ვადაზე ან 15 კვირაზე მეტი ხანდაზმულობის შემთხვევაში. მედიკამენტური აბორტის გამოყენება ოპტიმალურია მანამ, სანამ ჩამოყალიბდება ყვითრის პარკი, ემბრიონი და პლაცენტა. ჩანასახის შეფასება შესაძლებელია ულტრაბგერული გამოკვლევით. მედიკამენტური აბორტის დროს გამოიყენება მიფეპრისტონი და პროსტაგლანდინი, ისევე, როგორც მიზოპროსტოლი.

მიფეპრისტონი მიიღება ორალურად და ბლოკავს პროგესტერონის მოქმედებას, რომელიც ამზადებს საშვილოსნოს კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის. მიფეპრისტონის გამოყენება რეკომენდებულია 9 კვირამდე ვადის ორსულობისას.

პროსტაგლანდინები ჰორმონის მსგავსი ნივთიერებებია, რომლებიც ასტიმულირებს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას. ისინი გამოიყენება მიფეპრისტონთან ერთად კომბინაციაში ორსულობის ადრეულ ვადაზე ან დამოუკიდებლად, მიფეპრისტონის გარეშე, 15 კვირაზე მეტი ვადის ორსულებში. პროსტაგლანდინების მიღება შესაძლებელია გადაყლაპვის, ლოყის ან ენის ქვეშ დადნობის, ინექციის ან ვაგინალური გზით. კომბინაციური მკურნალობის რეჟიმისას პროსტაგლანდინების მიღება შესაძლებელია მიფეპრისტონის შემდეგ. მედიკამენტური აბორტის ყველაზე გავრცელებული და სტანდარტული რეჟიმი მოიცავს მიფეპრისტონს 1-დან 3 ტაბლეტამდე პერორალურად და 2 დღის შემდეგ პროსტაგლანდინის (მიზოპროსტოლის) მიღებას ორალური ან ვაგინალური გზით. აღნიშნული სქემით ქალების 95%-ში ვიღებთ დასრულებულ აბორტს. თუ მედიკამენტური აბორტი უშედეგო აღმოჩნდა, რეკომენდებულია ქირურგიული აბორტის წარმოება. თუ ორსულობა 15 კვირაზე მეტი ვადისაა, იწყება პროსტაგლანდინების მიღება: მიზოპროსტოლი 2 აბი ვაგინალურად 6 საათში ერთხელ. 48 საათის განმავლობაში შედეგი თითქმის 100%-ს აღწევს.

გართულებები

ზოგადად, აბორტს თან ახლავს გაცილებით მეტი და სერიოზული გართულებების რისკი, ვიდრე სტერილიზაციას ან კონტრაცეფციას. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ქალებში, რომლებიც აბორტს იკეთებენ სამედიცინო დაწესებულებაში, პროფესიონალებთან, გართულებების რისკი 1%-ზე ნაკლებია. გართულებების რისკი პირდაპირ უკავშირდება ორსულობის ხანდაზმულობას. რაც უფრო დიდი ვადის ორსულობაა შესაწყვეტი, მით მაღალია აბორტის გართულებების რისკი. გართულებების განვითარება, ასევე, დაკავშირებულია აბორტის მეთოდთანაც.

  • ქირურგიული ევაკუაცია: საშვილოსნოს პერფორაცია (გახვრეტა) ქირურგიული აბორტის დროს გვხვდება 1000 ქალიდან 1-ში. იშვიათად ზიანდება ნაწლავები და მცირე მენჯის სხვა ორგანოები. პროცედურის სერიოზული სისხლდენით გართულების ალბათობა აქვს 1000 ქალიდან ექვსს. არსებობს საშვილოსნოს ყელის დაზიანების შანსიც, განსაკუთრებით, თუ ორსულობა 12 კვირაზე დიდი ვადისაა. ქირურგიული აბორტის ერთ-ერთ გართულებად ითვლება ინფექციის განვითარება, რომელიც არცთუ ისე ხშირია. ინფექციური ანთების შემდგომ საშვილოსნოში ვითარდება ფიბროზული (შეხორცებითი) ქსოვლები, რაც ცნობილია აშერმანის სინდრომის სახელწოდებით.

  • მედიკამენტები: მიფეპროსტონს და პროსტაგლანდინებს აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირია მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიც არის ღებინება, გულისრევა, დიარეა. ინფექცია ნაკლებ სავარაუდოა.

  • ნებისმიერი მეთოდი: სისხლდენა და ინფექცია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი მეთოდით წარმოებული აბორტის დროს, თუ პლაცენტის რაიმე ნაწილი დარჩა საშვილოსნოს ღრუში. თუ პაციენტი არ არის მობილიზებული, იზრდება ქვედა კიდურებში ვენური თრომბოზის რისკი. თუ ნაყოფისა და დედის სისხლის რეზუსებს შორის გამოვლინდა შეუთავსებლობა (დედა უარყოფითი, ნაყოფი დადებითი), დედის ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები და ორსულობა შესაძლოა თავისთავად შეწყდეს.

როგორც ცნობილია სელექციური აბორტი არ ზრდის შემდგომში უშვილობის განვითარებბის რისკს. ქალების უმრავლესობას არ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები აბორტის გაკეთების შემდეგ. ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო ხშირია ქალებში, რომელთაც ორსულობამდეც ჰქონდათ ემოციური ლაბილობა ან ჩაუტარდათ სამედიცინო აბორტი ჩვენებიდან გამომდინარე. აბორტის შემდგომი დეპრესიები ხშირია მოზარდ გოგონებში, რომელთაც უახლოეს წარსულში ჩაუტარდათ აბორტი ან მიმართეს კრიმინალურ აბორტს.