საუკუნეების წინ მძიმე ტრავმის შემდეგ ან ინფექციური დაავადებით დაავადმყოფების შემთხვევაში ადამიანების უმრავლესობა მალე კვდებოდა. პაციენტების დიდი ნაწილი ექიმისგან ბევრს არაფერს მოელოდა, გარდა მდგომარეობის შემსუბუქებისა. სადღეისოდ, როდესაც სამედიცინი ჩარევები, შემთხვევების უმრავლესობაში, ახანგრძლივებენ სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანების სიცოცხლეს, შესაძლებელი გახდა სიკვდილის კარგა ხნით გადადება. ამავე დროს, სიკვდილი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია და საუბარი დაავადების გამოსავალზე, მათ შორის სიკვდილზე, საექიმო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ექიმებისა და პაციენტების მოსაზრებებიამ საკითხის განსჯისას განსხვავებულია. ასევე არაერთგვაროვანია პაციენტების სურვილები მათთვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესახებ. მომაკვდავი ადამიანი და მისთვის ძვირფასი პირები უნდა შეეცადონ გარემოებების სწორად შეფასებას, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების ვარიანტების გააზრებას და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება პაციენტისთვის სასურველი მკურნალობისა და ოჯახის მხარდაჭერის შესახებ. ადამიანებს, რომელთაც არ სურთ ისაუბრონ სიკვდილზე თავის ექიმთან, უნდა განემარტოთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათი მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული.