განვითარების ეტაპები | მკურნალი.გე
  1. განვითარების ეტაპები
  2. ნორმალურად მიმდინარე ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
განვითარების ეტაპები

დაწყებული განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან, ბავშვი განვითარების რამდენიმე ეტაპს გაივლის. კვერცხუჯრედი გადაიქცევა ბლასტოცისტად, შემდეგ ემბრიონად და ბოლოს – ნაყოფად.

განაყოფიერება

ყოველი ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს, მომდევნო ციკლის დაწყებამდე დაახლოებით 14 დღით ადრე, საკვერცხეებიდან ერთი კვერცხუჯრედი თავისუფლდება. კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას ოვულაცია ეწოდება. კვერცხუჯრედს ერთ-ერთი ფალოპის მილის ძაბრისებრი დაბოლოება მიიტაცებს.

ოვულაციის პერიოდში, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი უფრო მეტად თხევადი და ელასტიკური ხდება, რაც აადვილებს და აჩქარებს სპერმატოზოიდების მიერ საშვილოსნოში შეღწევას. 5 წუთის განმავლობაში, სპერმატოზოიდებს შეუძლია საშოდან – საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოსა და ფალოპის მილის ძაბრისებრ დაბოლოებაში – განაყოფიერების ჩვეულ ადგილას მიღწევა. ფალოპის მილის ამომფენი უჯრედები აადვილებს განაყოფიერების პროცესს.

თუ სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში შეაღწევს, ხდება განაყოფიერება. ფალოპის მილების ამომფენი, ძალზე პატარა, თმის მსგავსი წამწამები, განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს (ზიგოტას) მილის გავლით, საშვილოსნოსკენ გადაისვრის. ზიგოტის უჯრედები, მისი ფალოპის მილში გადაადგილების პროცესში, რამდენჯერმე იყოფა. ზიგოტა საშვილოსნოს ღრუს 3-5 დღეში მიაღწევს. საშვილოსნოში უჯრედები კვლავ აგრძელებს დაყოფას და წარმოიქმნება ჩაღრმავებული ბურთის მსგავსი უჯრედების გროვა, რომელსაც ბლასტოცისტა ეწოდება. თუ განაყოფიერება არ მოხდა, კვერცხუჯრედი იღუპება და მომდევნო მენსტრუალურ ციკლთან ერთად საშვილოსნოდან იდევნება.

ერთზე მეტი კვერცხუჯრედის მომწიფებისა და განაყოფიერების შემთხვევაში, ვითარდება ერთზე მეტნაყოფიანი, უფრო ხშირად ორნაყოფიანი (ტყუპი) ორსულობა. ასეთი ტყუპი ერთმანეთისგან განსხვავდება. იდენტური ტყუპი ვითარდება ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დაყოფის დაწყების შემდეგ, ორ ემბრიონად განცალკევების შემთხვევაში.

ბლასტოცისტას განვითარება

განაყოფიერებიდან მე-5-მე-8 დღეებს შორის, ბლასტოცისტა საშვილოსნოს ლორწოვანს ემაგრება, ჩვეულებრივ, ფუძესთან ახლოს. აღნიშნულ პროცესს იმპლანტაცია ეწოდება და იგი მე-9-10 დღისთვის სრულდება.

ბლასტოცისტას კედელი უჯრედების ერთ ფენას წარმოადგენს, ერთი ადგილის გარდა, სადაც უჯრედების 3-4 ფენაა. გასქელებული არის შიდა უჯრედებისაგან ემბრიონი ყალიბდება, ხოლო უჯრედების გარეთა შრე საშვილოსნოს კედელში ჩაიზრდება და მისგან პლაცენტა წარმოიქმნება. პლაცენტა გამოიმუშავებს რამდენიმე ჰორმონს, რომლებიც ორსულობის შენარჩუნებას ეხმარება. მაგალითად, იგი გამოიმუშავებს ადამიანის ქორიონალურ გონადოტროპინს, რომელიც აფერხებს საკვერცხეებში კვერცხუჯრედების მომწიფებას და ასტიმულირებს მათ მიერ ესტროგენისა და პროგესტერონის უწყვეტად წარმოქმნას. პლაცენტა დედისაგან ნაყოფის მიმართულებით ატარებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს, ხოლო ნაყოფიდან დედისაკენ – ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს.

პლაცენტის ზოგიერთი უჯრედისგან ემბრიონის გარემომცველი გარსების გარეთა შრე (ქორიონი) ვითარდება. სანაყოფე გარსების შიგნითა შრე (ამნიონი) დაახლოებით მე-10-12 დღისთვის ყალიბდება და ამნიონის პარკს წარმოქმნის. ამნიონის პარკი სუფთა სითხითაა (ამნიონური სითხე) ამოვსებული და თანდათან იზრდება ზომაში, გარს აკრავს რა განვითარებად ემბრიონს, რომელიც მასში დაცურავს.

ემბრიონის განვითარება

განვითარების შემდგომი ეტაპია ემბრიონი, რომელიც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქვეშ ერთ მხარეზე ყალიბდება. აღნიშნული ეტაპი უმეტესი შინაგანი ორგანოებისა და სხეულის გარეგანი სტრუქტურების განვითარებით ხასიათდება. ორგანოების ჩამოყალიბება განაყოფიერებიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ იწყება. ამ დროს ემბრიონი სიგრძეში იზრდება და პირველად იღებს ადამიანის სხეულის მოყვანილობას. ამის შემდეგ, მალევე, განვითარებას იწყებს ის მიდამო, საიდანაც თავისა და ზურგის ტვინი (ნერვული მილი) ყალიბდება. დაახლოებით მე-16-17 დღისათვის ჩამოყალიბებას იწყებს გული და მსხვილი სისხლძარღვები. მე-20 დღისათვისგული იწყებს სითხის გადატუმბვას სისხლძარღვებში და მომდევნო დღეს პირველი სისხლის წითელი უჯრედები ჩნდება. სისხლძარღვები აგრძელებს განვითარებას როგორც ემბრიონში, ისე პლაცენტაში.

განაყოფიერებიდან 8 კვირაში (რომელიც ორსულობის 10 კვირას უთანაბრდება), თითქმის ყველა ორგანო უკვე სრულად ჩამოყალიბებულია. გამონაკლისია თავისა და ზურგის ტვინი, რომელიც მომწიფებას მთელი ორსულობის განმავლობაში განაგრძობს. განვითარების მანკების (თანდაყოლილი დეფექტების) უმეტესობა ორგანოების ჩამოყალიბების პერიოდში ვითარდება. ამ პერიოდში, ემბრიონი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მედიკამენტების, გამოსხივების (რადიაციის) და ვირუსების ზემოქმედებისადმი. ამიტომ ორსულმა ქალმა აღნიშნულ პერიოდში არ უნდა მიიღოს ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინა ან რაიმე მედიკამენტი, თუ მათი მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით არაა განპირობებული.

ნაყოფისა და პლაცენტის განვითარება

განაყოფიერებიდან 8 კვირის დასრულებისათვის (ორსულობის 10 კვირა), ემბრიონი უკვე ნაყოფად ითვლება. ამ ეტაპზე, უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურები უფრო იზრდება და ვითარდება. ორსულობის პერიოდის მარკერებია ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებები:

  • ორსულობის 12 კვირისათვის: ნაყოფი მთლიანად ავსებს საშვილოსნოს;

  • 14 კვირისათვის: შესაძლებელია სქესის დადგენა;

  • 16-20 კვირისათვის: ორსულმა ქალმა, ჩვეულებრივ, შეიძლება შეიგრძნოს ნაყოფის მოძრაობა. ქალები, რომლებიც განმეორებით არიან ორსულად, ნაყოფის მოძრაობას 2 კვირით ადრე შეიგრძნობენ, ვიდრე ქალები პირველი ორსულობის დროს;

  • 24 კვირისათვის: ნაყოფს შანსი აქვს გადარჩეს საშვილოსნოს გარეთ.

ფილტვები მომწიფებას განაგრძობს მშობიარობის მოახლოებამდე. თავის ტვინის ახალი უჯრედები წარმოიქმნება მთელი ორსულობისა და დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში.

პლაცენტის განვითარებასთან ერთად, მას მცირე ზომის, თმის მაგვარი წანაზარდები (ბუსუსები) უვითარდება, რომლებიც საშვილოსნოს კედელში იზრდება. წანაზარდები ხის მსგავსად, რთული ფორმით იტოტება. აღნიშნული განტოტებით მნიშვნელოვნად იზრდება საშვილოსნოს კედელსა და პლაცენტას შორის კავშირი, იმგვარად, რომ მეტი რაოდენობით საკვები ნივთიერებებისა და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების მიმოცვლაა შესაძლებელი. პლაცენტა სრულად 18-20 კვირისათვის ყალიბდება, თუმცა ზრდას მთელი ორსულობის განმავლობაში განაგრძობს. მშობიარობის დროისათვის იგი დაახლოებით 1 ფუნტს (დაახლოებით 453 გ) იწონის.