საშვილოსნოსგარე ორსულობა | მკურნალი.გე
  1. საშვილოსნოსგარე ორსულობა
საშვილოსნოსგარე ორსულობა

საშვილოსნოსგარე, ანუ ექტოპიური, ორსულობა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის არასწორ ადგილას ჩანერგვაა (იმპლანტაცია).

  • ქალს შესაძლოა აღენიშნებოდეს მუცლის ტკივილი და სისხლდენა საშოდან;

  • კეთდება ულტრასონოგრაფია, ძირითადად, ჩანასახის ადგილმდებარეობის დასადგენად;

  • ხშირად ოპერაცია კეთდება ჩანასახისა და პლაცენტის ამოსაკვეთად, მაგრამ ზოგჯერ მეთოტრექსატის ერთი დოზა ეძლევა ქალს ექტოპიური ორსულობის შესაწყვეტად.

ნორმაში კვერცხუჯრედი კვერცხსავალ მილში ნაყოფიერდება და საშვილოსნოში ინერგება. თუმცაღა, თუ მილი შევიწროებული ან დახშულია, კვერცხუჯრედმა შესაძლოა ვეღარ მიაღწიოს საშვილოსნომდე და მის გარეთ ჩაინერგოს, რაც ექტოპიურ ორსულობას იწვევს. საშვილოსნოსგარე ორსულობა, როგორც წესი, ერთ-ერთ კვერცხსავალ მილში ვითარდება (მილის ორსულობა), მაგრამ სხვაგანაც შეიძლება შეგვხვდეს.

ექტოპიური ორსულობის დროს ჩანასახი ზოგჯერ რამდენიმე კვირას ცოცხლობს. მაგრამ იმის გამო, რომ საშვილოსნოს გარეთ არსებული ქსოვილები ვერ ამარაგებენ სისხლით და ვერ კვებავენ მას, იგი საბოლოოდ იღუპება. ის ორგანო, რომელშიც კვერცხუჯრედი ჩაინერგა, როგორც წესი, ორსულობის 6-16 კვირაზე სკდება, ბევრად დიდი ხნით ადრე, ვიდრე ნაყოფი სიცოცხლისუნარიანი გახდება. ექტოპიური ორსულობის უბნის გასკდომისას შეიძლება ძლიერი და სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენაც განვითარდეს. რაც უფრო გვიან სკდება მილი, მით უფრო მეტია სისხლის დანაკარგი და ქალის სიკვდილის რისკი.

ყოველი 100-200 ორსულობიდან ერთი საშვილოსნოს გარეთ ვითარდება. ამის რისკფაქტორებია: კვერცხსავალი მილების გადატანილი დაავადება, მენჯის ანთებითი დაავადება, წინა ექტოპიური ორსულობა, დიეთილსტილბესტროლის მოქმედება ქალზე, როცა თავად იგი ჯერ კიდევ ნაყოფი იყო, ან კვერცხსავალი მილების გადაკვანძვა (სტერილიზაციის მიზნით), თუ პროცედურა წარუმატებელი იყო ან შემდეგ ქირურგიულად აღდგა მათი გამავლობა.

სიმპტომები

სიმპტომები მოიცავს სისხლდენას ან მცირე რაოდენობით სისხლიან გამონადენს საშოდან, მოვლით ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში ან ორივეს ერთად. თუ კვერცხსავალი მილი გასკდა, ქალს, როგორც წესი, ძლიერი, მუდმივი ტკივილი აწუხებს მუცლის ქვედა ნაწილში. ბევრი სისხლის დაკარგვის შემთხვევაში მას შესაძლოა განუვითარდეს გონების კარგვა, თავბრუხვევა, დაასხას ოფლმა.

დიაგნოზი

ექიმებს ეჭვი ექტოპიურ ორსულობაზე მაშინ მიაქვთ, როცა პაციენტი რეპროდუქციული ასაკის ქალია და აღენიშნება ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან სისხლდენა საშოდან. თუკი ორსულობის ტესტი დადებითია, ექოსკოპია კეთდება საშოში შეყვანილი გადამწოდით. საშვილოსნოს გარეთ ჩანასახის აღმოჩენის შემთხვევაში, დიაგნოზი დასტურდება. თუ ულტრასონოგრაფიულად ჩანასახის აღმოჩენა ვერსად ხერხდება, ეს მაინც არ გამორიცხავს ექტოპიური ან საშვილოსნოსშიდა ორსულობის ადრეულ სტადიას. ექიმები სისხლის ანალიზსაც აკეთებენ პლაცენტის წარმოქმნილი ჰორმონის დონის გასაზომად. ეს კვლევა მათ ეხმარება, დაადგინონ, საშვილოსნოში ნაყოფის ვერაღმოჩენის მიზეზი ორსულობის ვადის სიმცირე ხომ არ არის.

დიაგნოზის დასადასტურებლად, თუ ეს საჭიროა, ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს ლაპაროსკოპიც – კამერიანი ინსტრუმენტი, რომელიც ჭიპის ქვევით, პატარა განაკვეთიდან შეჰყავთ მუცლის ღრუში. ამ მეთოდით საშვილოსნოს გარეთ მდებარე ჩანასახის პირდაპირ დანახვაა შესაძლებელი.

მკურნალობა

ექტოპიური ორსულობა რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, რათა ქალის გადარჩენა მოხერხდეს. შემთხვევათა უმრავლესობაში, საჭიროა ნაყოფისა და პლაცენტის ქირურგიულად ამოკვეთა, რაც ხშირად ლაპაროსკოპიულად კეთდება, ზოგჯერ კი – მუცლის წინა კედელზე განაკვეთით (ამას ლაპაროტომია ეწოდება). იშვიათად, საშვილოსნო იმდენადაა დაზიანებული, რომ ჰისტერექტომია, ანუ მისი ამოკვეთა, ხდება აუცილებელი.

ზოგჯერ ოპერაციის ნაცვლად იყენებენ წამალს, მეთოტრექსატს, რომელსაც ერთჯერადად შეუყვანენ ორსულ ქალს. მისი მეშვეობით საშვილოსნოსგარეთა ორსულობა წყდება, ჩანასახი პატარავდება და გაიწოვება. ზოგჯერ მეთოტრექსატთან ერთად ოპერაციაცაა საჭირო.