პლაცენტის წინმდებარეობა | მკურნალი.გე
  1. პლაცენტის წინმდებარეობა
პლაცენტის წინმდებარეობა

პლაცენტის წინმდებარეობა ნიშნავს მის არასწორ მიმაგრებას საშვილოსნოს ზედა ნაწილის ნაცვლად ქვევით, ყელთან ახლოს ან მასზე.

  • ქალს შესაძლოა აღენიშნებოდეს უმტკივნეულო, ზოგჯერ ძლიერი სისხლდენა საშოდან ორსულობის გვიან პერიოდში;

  • დიაგნოზი ექოსკოპიით, ანუ ულტრასონოგრაფიულად, დასტურდება;

  • როგორც წესი, წოლითი რეჟიმის დაცვა საკმარისია ხოლმე სამკურნალოდ, მაგრამ, თუ სისხლდენა გრძელდება და ნაყოფის ფილტვებიც უკვე მომწიფებულია, ხშირად საკეისრო კვეთა კეთდება.

პლაცენტა შეიძლება სრულიად ან ნაწილობრივ ფარავდეს საშვილოსნოს ყელის არხს. მისი წინმდებარეობა 200 მშობიარობიდან 1-ში გვხვდება. მეორე ტრიმესტრში კი ეს პათოლოგია ორსულთა 15%-ს აღენიშნება. წინმდებარეობის დადგენა ექოსკოპიით შეიძლება. თუმცაღა, ქალთა 90%-ში პლაცენტა ნორმალურ მდებარეობას თავისით იღებს მშობიარობამდე. პათოლოგიის რისკს ზრდის:

  • განმეორებითი ორსულობა

  • საკეისრო კვეთა წინა ორსულობისას

  • ორ, სამ ან მეტ ტყუპზე ორსულობა

  • საშვილოსნოს სტრუქტურული ანომალია, მაგალითად, ფიბრომების არსებობა

  • მწეველობა

პლაცენტის წინმდებარეობამ შეიძლება გამოიწვიოს საშოდან უმტკივნეულო სისხლდენის უეცრად დაწყება ორსულობის გვიან პერიოდში. სისხლი შესაძლოა ხასხასა წითელი იყოს. ზოგჯერ სისხლდენა იმდენად ძლიერია, რომ ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

მშობიარობის დაწყებისას პლაცენტა ნაადრევად აეცლება საშვილოსნოს კედელს, რაც ნაყოფში ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, შეიძლება თავის ტვინის დაზიანების ან სხვა პრობლემების მიზეზი გახდეს.

პლაცენტის წინმდებარეობისა და მისი ნაადრევი აცლის ერთმანეთისგან განსხვავებაში ექიმს ულტრასონოგრაფიული კვლევა ეხმარება.

მკურნალობა

თუ სისხლდენა მსუბუქია და ორსულობის 34-ე კვირამდე განვითარდა, ექიმები ქალს, როგორც წესი, ურჩევენ, დაწვეს საავადმყოფოში და დაიცვას წოლითი რეჟიმი, სანამ სისხლდენა არ გაივლის. ამის შემდეგ ქალს უკვე შეუძლია, იაროს. თუ სისხლდენა აღარ განმეორდა, ორსულს სახლში გაწერენ იმ პირობით, თუ საჭიროების შემთხვევაში მალევე შეძლებს საავადმყოფოში დაბრუნებას.

იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენა ძლიერია, არ წყდება და თანაც ნაყოფის ფილტვები უკვე მომწიფებულია (რაც 36 კვირის შემდეგ ხდება), როგორც წესი, საკეისრო კვეთა კეთდება. ექიმებს შეუძლიათ, განსაზღვრონ ნაყოფის ფილტვების მომწიფების ხარისხი ამნიონური სითხის ნიმუშის აღებით საშოდან და მისი გამოკვლევით. საკეისრო კვეთა მანამ კეთდება, სანამ მშობიარობა დაიწყებოდეს. იმ ქალებს, ვისაც ძლიერი სისხლდენა აქვს, შესაძლოა სისხლის გადასხმაც დასჭირდეთ.