პრეეკლამფსია | მკურნალი.გე
  1. პრეეკლამფსია
პრეეკლამფსია

პრეეკლამფსია ორსულთა პათოლოგიაა, რომელიც ფეხმძიმობის 20 კვირის შემდეგ ვითარდება, თან ახლავს არტერიული წნევის მატება და შარდით ცილის გამოყოფა.

  • პრეეკლამფსიის გამო შეიძლება განვითარდეს პლაცენტის ნაადრევი აცლა და ნაადრევი მშობიარობა, რაც ზრდის ახალშობილის ჯანმრთელობის მხრივ გართულებების რისკს;

  • ორსულს შესაძლოა აღენიშნებოდეს ტერფებისა და მტევნების შეშუპება და, თუ პრეეკლამფსია მძიმეა – გულყრა ან ორგანოების დაზიანებაც კი;

  • პრეეკლამფსიის სიმძიმის მიხედვით, მკურნალობა გულისხმობს წოლით რეჟიმს, ჰოსპიტალიზაციას, არტერიული წნევის დამწევ წამლებს ან მშობიარობას, რაც შეიძლება მალე.

პრეეკლამფსია (ორსულთა ტოქსემია) ორსულ ქალთა დაახლოებით 3-7%-ს უვითარდება. ამ პათოლოგიის დროს არტერიული წნევის მატებას თან ახლავს შარდით ცილის გამოყოფაც (პროტეინურია). პრეეკლამფსია ვითარდება ორსულობის 20 კვირიდან მშობიარობის შემდეგი პირველი კვირის ბოლომდე პერიოდში. მისი მიზეზი უცნობია. მაგრამ ეს პათოლოგია უფრო ხშირია:

  • პირველი ორსულობისას

  • ორ ან მეტ ტყუპზე ორსულობისას

  • წინა ორსულობის დროს პრეეკლამფსიის არსებობისას

  • ჭარბწონიან ორსულებში

  • იმ ორსულებში, რომელთაც უკვე აქვთ მაღალი არტერიული წნევა ან სისხლძარღვების დაავადება

  • სისხლის შედედების დარღვევის მქონეებში

  • 20 წელზე ნაკლები ან 35 წელზე მეტი ასაკის ორსულებში

პრეეკლამფსიამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტის ნაადრევი აცლა საშვილოსნოს კედლიდან. ბავშვი შესაძლოა მცირე წონისა დაიბადოს პლაცენტის ფუნქციის მოშლის ან დღენაკლულულობის გამო. პრეეკლამფსიის მქონე ქალთა ახალშობილებში 4-5-ჯერ უფრო მეტია დაბადებიდან მალევე გართულებების აღმოცენების რისკი.

ამ პათოლოგიის გამო შესაძლოა შეშუპება განვითარდეს, მათ შორის, ტერფებისა და მტევნების. ქალმა შეიძლება წონაში ნორმაზე მეტად მოიმატოს. ზოგჯერ კანზე პატარა წითელი სისხლჩაქცევები (პეტექიები) ჩნდება. ასევე, შესაძლოა აღინიშნებოდეს აღგზნებულობა. მძიმე შემთხვევაში პრეეკლამფსიამ შეიძლება ორგანოებიც დააზიანოს, მაგალითად, თავის ტვინი, თირკმლები, ფილტვები ან ღვიძლი. შედეგად ვლინდება თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ცნობიერების აბნევა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ღებინება და სხვა სიმპტომები. თუ ორსულ ქალს აღმოუცენდა თავის ტკივილი, რომელიც აცეტამინოფენის მიღებისას ან 24 საათში არ გაქრა, იგი ექიმს უნდა დაუკავშირდეს.

HELLP სინდრომი: ზოგ ფეხმძიმეს მძიმე პრეეკლამფსიის ერთ-ერთი სახე – HELLP სინდრომი – უვითარდება. ამ დროს ვითარდება შემდეგი დარღვევები:

  • ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა)

  • ღვიძლის ფერმენტების შემცველობის მომატება, რაც ამ ორგანოს დაზიანებაზე მიანიშნებს

  • თრომბოციტების ნაკლებობა, რაც აქვეითებს სისხლის შედედების უნარს და ზრდის სისხლდენის რისკს მშობიარობისას და მის შემდეგ

ეკლამფსია: პრეეკლამფსიის მქონე ყოველი ორასი ქალიდან ერთში არტერიული წნევა იმდენად იმატებს, რომ გულყრა ვითარდება. ამ პათოლოგიას უკვე ეკლამფსია ეწოდება. შემთხვევათა მეოთხედში იგი მშობიარობის შემდეგ ვითარდება, როგორც წესი, პირველ 4 დღეში. დროული მკურნალობის გარეშე ეკლამფსია შეიძლება ქალის სიკვდილითაც დასრულდეს.

დიაგნოზი და მკურნალობა

პრეეკლამფსიის დიაგნოზი ისმება, თუ ქალს აქვს:

  • დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა შეშუპება თვალების გარშემო და, განსაკუთრებით, მტევნების შეშუპება

  • არტერიული წნევის მატება ორსულობისას

  • ცილა შარდში

დიაგნოზის დასადასტურებლად და ორგანოების დაზიანების აღმოსაჩენად ექიმმა შესაძლოა სისხლისა და შარდის ანალიზებიც დანიშნოს. თუ ორსულობის ადრეულ ეტაპზე მსუბუქი პრეეკლამფსია განვითარდა, სამკურნალოდ შეიძლება წოლითი რეჟიმიც საკმარისი იყოს, მაგრამ ამ ქალბატონებს ხშირი კონსულტაციები ესაჭიროებათ ექიმთან. თუკი პრეეკლამფსია დამძიმდა, ორსულებს საავადმყოფოში აწვენენ, სადაც მათ წოლითი რეჟიმი ენიშნებათ გაძლიერებულ მეთვალყურეობასთან ერთად მანამ, სანამ ნაყოფი იმდენად არ მომწიფდება, რომ მშობიარობა შესაძლებელი იყოს. შესაძლოა დაინიშნოს არტერიული წნევის დამწევი (ანტიჰიპერტენზიული) საშუალებებიც. მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრე ქალს ვენაში ესხმება მაგნიუმის სულფატი, რათა გულყრების საშიშროება შემცირდეს. თუ პრეეკლამფსია ორსულობის ბოლო პერიოდში განვითარდა, როგორც წესი, მშობიარობას ხელოვნურად აღძრავენ და ბავშვი იბადება.

იმ შემთხვევაში, როცა ეს პათოლოგია მძიმეა, შესაძლოა საკეისრო კვეთაც გაკეთდეს. ეს ყველაზე სწრაფი საშუალებაა ორსულობის დასასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საშვილოსნოს ყელი იმდენადაა გახსნილი (გაფართოებული), რომ ბუნებრივი მშობიარობაც შესაძლებელია დროულად. ორსულობის მალევე დასრულება ამცირებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ გართულებების რისკს. თუკი არტერიული წნევა მაღალია, მშობიარობის დაწყებამდე ინტრავენურად შეიყვანება მისი დამწევი წამლები, როგორიცაა ლაბეტალოლი ან ჰიდრალაზინი. HELLP სინდრომსაც ამავენაირად მკურნალობენ.

ბავშვის გაჩენის შემდეგ იმ ქალებს, ვისაც პრეეკლამფსია ან ეკლამფსია ჰქონდათ, ყურადღებით მეთვალყურეობენ 2-4 დღის მანძილზე, რადგან ამ დროს გულყრის განვითარების რისკი მაღალია. მდგომარეობის თანდათან გაუმჯობესებასთან ერთად, ქალს შეუძლია სიარული დაიწყოს. იგი საავადმყოფოში რამდენიმე დღე რჩება, პრეეკლამფსიის სიმძიმისა და გართულებების მიხედვით. სახლში გაწერის შემდეგ ამ ქალებს შეიძლება არტერიული წნევის დამწევი საშუალებების მიღება დასჭირდეთ.

მშობიარობის მერე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ექიმი მათ, როგორც წესი, სულ მცირე, ორ კვირაში ერთხელ სინჯავს. მაღალი არტერიული წნევა შეიძლება შენარჩუნდეს მშობიარობიდან 6-8 კვირის განმავლობაში. თუ იგი ამის შემდეგაც მომატებული დარჩა, მიზეზი შესაძლოა პრეეკლამფსიის ნაცვლად სხვა რამ იყოს.