რეზუსკონფლიქტი | მკურნალი.გე
  1. რეზუსკონფლიქტი
რეზუსკონფლიქტი

რეზუსკონფლიქტი მაშინ ვითარდება, როცა ორსულ ქალს რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს, ნაყოფს კი – რეზუსდადებითი.

  • რეზუსკონფლიქტის გამო შესაძლოა ნაყოფის სისხლის წითელი უჯრედები დაიშალოს, რაც ანემიას იწვევს, ზოგჯერ საკმაოდ მძიმესაც;

  • ნაყოფს პერიოდულად ამოწმებენ ანემიის გამოსავლენად;

  • თუ ექიმს ეჭვი ნაყოფის ანემიაზე აქვს, შესაძლოა მას მუცელშივე გადაესხას სისხლი;

  • ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემების თა-

ვიდან ასაცილებლად რეზუსუარყოფითი სისხლის მქონე ქალებს სპეციალური ანტისხეულების ინექციას უკეთებენ ორსულობის ბოლოს, მშობიარობისა და ზოგი პროცედურის შემდეგ.

რეზუსუარყოფითი სისხლის მქონე ქალის ნაყოფს შესაძლოა რეზუსდადებითი სისხლი ჰქონდეს, თუ მამა რეზუსდადებითია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქორწინებათა 13%-ში კაცს რეზუსდადებითი სისხლი აქვს, ქალს კი – უარყოფითი.

რეზუსფაქტორი მოლეკულაა, რომელიც ზოგი ადამიანის სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზეა მოთავსებული. თუ უჯრედებზე არის რეზუსფაქტორი, სისხლი რეზუსდადებითია, თუ არა – უარყოფითი. პრობლემები მაშინ ვითარდება, როცა რეზუსდადებითი ნაყოფის სისხლი რეზუს-უარყოფითი დედის სისხლს ერევა. ქალის იმუნური სისტემა ნაყოფის სისხლის წითელ უჯრედებს უცხოდ აღიქვამს და მათ გასანადგურებლად ანტისხეულებს, ე.წ. რეზუსანტისხეულებს გამოიმუშავებს. ამას რეზუსსენსიბილიზაცია ეწოდება.

პირველი ორსულობის დროს რეზუსსენსიბილიზაცია, როგორც წესი, არ ხდება, რადგან მშობიარობამდე ნაყოფის სისხლის მნიშვნელოვანი რაოდენობა იშვიათად ერევა დედისას. შესაბამისად, ნაყოფს, და შემდეგ უკვე ახალშობილს, იშვიათად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ამ მხრივ. თუმცაღა, მშობიარობის დროს ქალი სენსიბილიზდება. ამის შემდეგ, ყოველი მომდევნო ორსულობის დროს გართულებების რისკი მეტია, თუ ნაყოფი რეზუსდადებითია. ამ შემთხვევაში, ყოველი შემდეგი ფეხმძიმობისას რეზუსანტისხეულები კიდევ უფრო ადრე და დიდი რაოდენობით წარმოიქმნება.

თუ ანტისხეულებმა პლაცენტა გაიარეს და ნაყოფის ორგანიზმში მოხვდნენ, მათ შეიძლება ბავშვის სისხლის წითელი უჯრედები დაშალონ. როცა ეს პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ნაყოფს ახალი ერითროციტების წარმოქმნა შეუძლია, ანემია ვითარდება. ამას ნაყოფის ჰემოლიზური დაავადება (ნაყოფის ერითრობლასტოზი) ან ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება (ახალშობილთა ერითრობლასტოზი) ეწოდება. მძიმე შემთხვევებში ნაყოფი შეიძლება დაიღუპოს კიდეც და აბორტი განვითარდეს.

დიაგნოსტიკა

ორსულობისას ექიმთან პირველი ვიზიტის დროს ქალების სკრინინგი ტარდება, რათა მათი სისხლის რეზუსი გაირკვეს. თუ ფეხმძიმე რეზუსუარყოფითია, დგინდება, მის სისხლში უკვე არის თუ არა რეზუსანტისხეულები და ასევე განისაზღვრება ბავშვის მამის რეზუსიც. თუ მამა რეზუსდადებითია, არსებობს რისკი, რომ რეზუსსენსიბილიზაცია განვითარდება. ამ შემთხვევაში, ორსულობის განმავლობაში, დედის სისხლი პერიოდულად მოწმდება მასში რეზუსანტისხეულების არსებობაზე. თუ ანტისხეულები არ არის, ორსულობა, ჩვეულებრივ, რაიმე ჩარევის გარეშე გრძელდება.

იმ შემთხვევაში, თუ დედის სისხლში ანტისხეულები აღმოჩნდა, აუცილებელია ნაყოფის დასაცავი ღონისძიებები, იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია მათი დონე. პერიოდულად, დოპლერული ულტრასონოგრაფია კეთდება ნაყოფის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გამოსაკვლევად. შედეგების ნორმისგან გადახრის შემთხვევაში, ბავშვს შეიძლება ანემია ჰქონდეს. ამის ზუსტად დასადგენად ექიმები ქალის მუცელზე კანის უბნის გაუტკივარებას აკეთებენ და ჩამოთვლილთაგან რომელიმე პროცედურას ატარებენ:

  • ამნიოცენტეზი: ამ დროს ნემსი კანის გავლით მუცელში შეიყვანება და ნაყოფის გარშემო არსებული სივრციდან (სანაყოფე პარკიდან) ექიმი სითხის ნიმუშს იღებს. იზომება მასში ბილირუბინის (ყვითელი პიგმენტი, რომელიც, ნორმაში, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად წარმოიქმნება) შემცველობა. თუ ამ ნივთიერების დონე მომატებულია, სავარაუდოა, რომ ნაყოფს ანემია აქვს.

  • კორდოცენტეზი: ამ დროს ნემსი მუცლიდან ჭიპლარში შეჰყავთ, ნაყოფის სისხლს იღებენ და იკვლევენ.

პრევენცია

გართულებების პრევენციის მიზნით, რეზუსუარყოფით ქალებს რეზუსანტისხეულების ინექციას უკეთებენ ორსულობის 28-ე კვირაზე, რეზუსდადებითი სისხლის მქონე ბავშვის გაჩენიდან 72 საათში, აბორტის ან მუცლის მოშლის შემთხვევაში. მათ ეს ინექცია უკეთდებათ საშოდან სისხლდენის ნებისმიერი ეპიზოდის, ამნიოცენტეზის ან ქორიონის ბუსუსების ბიოფსიის შემდეგ. ამ ანტისხეულებს Rh0(D) იმუნოგლობულინსაც უწოდებენ. ისინი შლიან ნაყოფის ერითროციტებს, რომლებიც დედის სისხლში მოხვდა. შესაბამისად, აღარ რჩება უჯრედები, რომელთაც ქალის ორგანიზმის სენსიბილიზაცია და მის მიერ საკუთარი ანტისხეულების წარმოქმნის სტიმულაცია შეუძლიათ. შედეგად, მომდევნო ორსულობები, როგორც წესი, უპრობლემოდ მიმდინარეობს.

მკურნალობა

თუ ექიმს ეჭვი აქვს ანემიაზე, ნაყოფს სისხლი საშვილოსნოშივე გადაესხმება. ეს პროცედურები მანამ ტარდება, სანამ ბავშვი იმდენად არ მომწიფდება, რომ მისი დაბადება შესაძლებელი იყოს. ამის შემდეგ უკვე ხელოვნურად აღძრავენ მშობიარობას. დაბადების მერე ახალშობილს კიდევ შეიძლება დასჭირდეს სისხლის გადასხმა. ზოგჯერ კი გადასხმა აუცილებელი არც არის, სანამ ბავშვი არ გაჩნდება.