მშობიარობის პროცესი | მკურნალი.გე
  1. მშობიარობის პროცესი
  2. ფიზიოლოგიური მშობიარობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
მშობიარობის პროცესი

მშობიარობის პროცესი მოიცავს საშვილოსნოს რიტმულ, მზარდი სიძლიერის შეკუმშვებს, რომელთა მეშვეობითაც ნაყოფი საშვილოსნოს ქვედა ნაწილს (ყელს), სამშობიარო გზებს (საშოს) გაივლის და ქვეყანას მოევლინება.

მშობიარობა სამი პერიოდისგან შედგება:

  • პირველი პერიოდი თავად მშობიარობის პროცესია და, თავის მხრივ, ორ ფაზად იყოფა: საწყისი და აქტიური. საშვილოსნოს შეკუმშვები იწვევს მისი ყელის თანდათან გახსნას (გაფართოებას), გათხელებას და გადაწევას (გადასწორებას), რის შედეგადაც იგი საშვილოსნოს დანარჩენ ნაწილს უერთდება. ამ ცვლილებების მეშვეობით ნაყოფი საშვილოსნოდან საშოში გადაადგილებას ახერხებს.

  • მეორე პერიოდი: ბავშვის დაბადება

  • მესამე პერიოდი: პლაცენტის, ანუ მომყოლის, დაბადება

მშობიარობა სავარაუდო თარიღიდან 2 კვირის ცდომილებით (ადრე ან გვიან) შეიძლება დაიწყოს. უცნობია, ზუსტად რა იწვევს სამშობიარო მოქმედების აღძვრას. ორსულობის ბოლოს (36 კვირის შემდეგ) ექიმი გასინჯავს საშვილოსნოს ყელს და ეცდება განსაზღვროს, სავარაუდოდ, როდის დაიწყება მშობიარობა. პირველი მშობიარობა საშუალოდ 12-18 საათი გრძელდება, განმეორებით მშობიარეებში კი იგი უფრო ხანმოკლეა – დაახლოებით 6-8 საათი.

მშობიარობის დაწყება

მშობიარობის დაწყების მთავარი ნიშნები ყველა ორსულმა უნდა იცოდეს. ესენია:

  • რეგულარული შეკუმშვების (შეტევების) დაწყება მუცლის ქვედა ნაწილში

  • წელის ტკივილი

თუ ქალმა წინა ორსულობების დროს სწრაფად იმშობიარა, იგი ექიმს მაშინვე უნდა დაუკავშირდეს, როგორც კი ჩათვლის, რომ მშობიარობა დაეწყო. მუცლის ქვედა ნაწილში შეკუმშვები თავიდან შესაძლოა სუსტი, არარეგულარული იყოს და დიდი პაუზებით ვითარდებოდეს. ისინი მენსტრუაციის დროს არსებულ ტკივილს ჰგავს ხოლმე. დროის გასვლასთან ერთად შეტევები უფრო ხანგრძლივი, ძლიერი და ხშირი ხდება. სამშობიარო შეტევებსა და ზურგის ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს ან წინ უძღოდეს:

  • სისხლიანი გამონადენი: საშოდან მცირე რაოდენობით სისხლიან-ლორწოვანი გამონადენის არსებობა, როგორც წესი, მიანიშნებს, რომ მშობიარობა ცოტა ხანში დაიწყება. თუმცაღა, ეს შესაძლოა სამშობიარო შეტევების დაწყებამდე 72 საათით ადრეც მოხდეს.

  • სანაყოფე გარსების დარღვევა: ზოგჯერ სითხით ამოვსებული სანაყოფე პარკის (სადაც ნაყოფია მოთავსებული) გარსები მშობიარობამდე ირღვევა და ამნიონური სითხე საშოს გავლით გამოედინება. ამას "წყლების დაღვრას" უწოდებენ.

სანაყოფე გარსების დარღვევისას ქალი მაშინვე უნდა დაუკავშირდეს თავის მეანს ან ბებიაქალს. მშობიარობის სავარაუდო თარიღზე უფრო ადრე, მაგრამ მაინც მასთან ახლოს გარსების დარღვევის შემთხვევაში ქალთა 80-90%-ს მშობიარობა 24 საათში ეწყება. თუ მშობიარობა არ დაიწყო რამდენიმე საათში და ნაყოფი უკვე დროულია, ქალი საავადმყოფოში წვება და მშობიარობას ხელოვნურად აღძრავენ (ინდუქცია) ინფექციის რისკის შესამცირებლად. გარსების დარღვევის შემდეგ საშოდან ბაქტერიები უფრო ადვილად აღწევს საშვილოსნოში და ქალის, ნაყოფის ან ორივეს ინფიცირებას იწვევს. მშობიარობის აღსაძრავად ოქსიტოცინი (საშვილოსნოს შეკუმშვების გამომწვევი წამალი) ან მსგავსი მედიკამენტი, მაგალითად, პროსტაგლანდინი გამოიყენება. თუ გარსები ნაადრევად, ანუ ბავშვის დაბადების სავარაუდო თარიღამდე 3 კვირაზე უფრო ადრე, დაირღვა, ექიმები მშობიარობას ხელოვნურად არ აღძრავენ, ვიდრე ნაყოფი მეტად არ მომწიფდება.

საავადმყოფოში ან სამშობიარო ცენტრში დაწოლა

ქალი სამშობიარო ცენტრში ან საავადმყოფოში უნდა წავიდეს მას შემდეგ, რაც დაირღვევა სანაყოფე გარსები ან დაეწყება ძლიერი შეტევები, 6 წუთზე ნაკლები შუალედებით და 30 წამზე მეტი ხანგრძლივობით. თუ სავარაუდოა, რომ სანაყოფე გარსები დარღვეულია ან დადგინდა ყელის გახსნა 1½ ინჩზე (4 სანტიმეტრზე) მეტად, ქალს სამშობიაროში აწვენენ. აღირიცხება შეტევების სიძლიერე, ხანგრძლივობა და სიხშირე. განისაზღვრება ქალის წონა, არტერიული წნევა, გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე, ტემპერატურა, კეთდება შარდისა და სისხლის ანალიზი. ექიმი მუცელს სინჯავს, რათა დაადგინოს, რამდენად დიდია ნაყოფი, სახით წინაა მიქცეული თუ უკან და რა არის მისი წამყვანი, ანუ წინმდებარე, ნაწილი: თავი, სახე, დუნდულები თუ მხარი (წინმდებარეობა).

პოზიცია და წინმდებარეობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად გაუადვილდება ნაყოფს საშოში გამოვლა. ყველაზე ხშირი და უსაფრთხო მდებარეობა შემდეგია:

  • ნაყოფის თავი წინ მდებარეობს;

  • სახე უკანაა მიმართული (თუ ქალი ზურგზე წევს – ქვევით);

  • თავი და ტანი მოხრილია მარჯვნივ ან მარცხნივ;

  • კისერი მოხრილია;

  • ნიკაპი შეწეულია ქვემოთ;

  • ხელები გულმკერდზეა მიტყუპებული (იხ. ილუსტრაცია გვ. 1829).

თუ ნაყოფის წამყვანი ნაწილი თავია, ამას თავით წინმდებარეობა ეწოდება. მშობიარობამდე ერთი-ორი კვირით ადრე ნაყოფთა უმრავლესობა ისე ტრიალდება, რომ წინ კეფა მდებარეობდეს. თუ წამყვანი ნაწილია დუნდულები (ჯდომით წინმდებარეობა), მხარი ან სახე, მშობიარობა მნიშვნელოვნად რთულდება ქალისთვის, ნაყოფისა და ექიმისთვისაც. ამ შემთხვევაში უმჯობესია საკეისრო კვეთა ჩატარდეს.

იმის დასადგენად, გარსები დარღვეულია თუ არა, რამდენად გახსნილი და გადასწორებულია საშვილოსნოს ყელი, საშოსმხრივი გასინჯვა ტარდება. თუმცაღა, ეს შესაძლოა არც გააკეთოს ექიმმა, თუ ქალს სისხლდენა აქვს ან გარსები თავისით დაირღვა. ყურადღება ექცევა სანაყოფე სითხის ფერს. იგი გამჭვირვალე უნდა იყოს და მძაფრი სუნი არ ჰქონდეს. თუ გარსები დაირღვა და სითხე მწვანეა, ამის მიზეზი ნაყოფის პირველად გამოყოფილი განავალია ხოლმე (ე.წ. მეკონიუმი).

საავადმყოფოში მშობიარობისას, როგორც წესი, კათეტერი იდგმება ხელზე, ვენაში. ეს საჭიროა სითხეების გადასასახმელად, გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად და ზოგჯერ წამლების შესაყვანადაც.

თუკი სითხე ვენაში ესხმება ქალს, აღარ არის საჭირო ჭამა ან დალევა მშობიარობისას, თუმცა, მას შესაძლოა მაინც მოუნდეს დასაწყისში მსუბუქად წახემსება. ცარიელი კუჭით მშობიარობისას ღებინების რისკი ნაკლებია. ძალიან იშვიათად ორსულს შესაძლოა ნაღებინები მასა გადასცდეს, რაც ფილტვების ანთებას გამოიწვევს და სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიში გართულებაა. სამშობიაროში დაწოლისას და შემდეგ სამ საათში ერთხელ ქალს ანტაციდს აძლევენ დასალევად კუჭის მჟავას გასანეიტრალებლად. ეს ამცირებს ფილტვების დაზიანების რისკს ნაღებინები მასის სასუნთქ გზებში გადაცდენის შემთხვევაში.

ნაყოფის მონიტორინგი

ქალის სამშობიაროში დაწოლის შემდეგ ექიმი ან სხვა სამედიცინო სპეციალისტი ნაყოფის გულისცემას პერიოდულად უსმენს პორტატული დოპლერული ულტრასონოგრაფიის მოწყობილობით ან ამისთვის მუდმივი ელექტრონული მონიტორინგი გამოიყენება.

მშობიარობის პირველ პერიოდში ქალისა და ნაყოფის გულისცემას პერიოდულად ან უწყვეტად აკვირდებიან. ნაყოფის გულისცემის სიხშირის განსაზღვრა უმარტივესი გზაა იმის დასადგენად, საკმარისი ჟანგბადი მიეწოდება თუ არა მას. რიტმის დარღვევა (აჩქარება ან შენელება) შესაძლოა ნაყოფის დისტრესზე მიანიშნებდეს. მშობიარობის მეორე პერიოდის განმავლობაში მუდმივად აკვირდებიან ქალის გულისცემასა და არტერიულ წნევას. ნაყოფის გულისცემა განისაზღვრება ყოველი შეტევის შემდეგ, ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით კი – უწყვეტად.

გაუტკივარება

ექიმის ან ბებიაქალის რჩევის საფუძველზე ორსულები ხშირად მშობიარობამდე დიდი ხნით ადრე გეგმავენ, რა სახის გაუტკივარება სურთ. ქალმა შესაძლოა ფიზიოლოგიური, ბუნებრივი მშობიარობა არჩიოს, რომლის დროსაც ტკივილთან გამკლავება რელაქსაციითა და სწორად სუნთქვის მეშვეობით ხდება. ზოგჯერ კი ორსულები ტკივილგამაყუჩებლების ინტრავენურად შეყვანას ან,საჭიროების შემთხვევაში, ანესთეზიის რომელიმე სახეს ამჯობინებენ (ადგილობრივს ან რეგიონულს). მშობიარობის დაწყების შემდეგ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს იგი, თავს როგორ გრძნობს ქალი და რას ურჩევს მას ექიმი ან ბებიაქალი.

გაუტკივარების საჭიროება სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს მშობიარის ემოციური მდგომარეობის მიხედვით. მშობელთა სკოლაში მშობიარობის შესახებ საუბრებზე დასწრება უადვილებს ქალს ამისთვის მომზადებას. ეს მზაობა და მშობიარობაზე დამსწრე პირების ემოციური მხარდაჭერა ამცირებს შფოთვას და ხშირად გაუტკივარების საჭიროებაც მნიშვნელოვნად იკლებს.

მშობიარობისას ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებაც შეიძლება. თუ ქალი მოითხოვს მათ, როგორც წესი, მის სურვილს ითვალისწინებენ. თუმცაღა, იმის გამო, რომ ზოგი ეს წამალი ახალშობილის სუნთქვასა და ორგანიზმის სხვა ფუნქციებს ანელებს (ანუ დეპრესიას იწვევს), მედიკამენტები უმცირესი დოზით გამოიყენება. ყველაზე ხშირად გაუტკივარების მიზნით ფენტანილი ან მორფინი შეჰყავთ ვენაში. ამ წამლებს შეუძლია, შეაფერხოს მშობიარობის პირველი პერიოდის საწყისი ფაზის მიმდინარეობა, ასე რომ, ხშირად მათ მეორე, აქტიურ ფაზაში იყენებენ. ამასთანავე, ამ მედიკამენტებს ყველაზე ძლიერი ეფექტი შეყვანიდან 30 წუთის განმავლობაში აქვს, ასე რომ, ეს წამლები ხშირად არ ინიშნება, თუ მშობიარობის დასრულება მალევეა მოსალოდნელი. თუკი ისინი ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე შეიყვანეს ქალის ორგანიზმში, ახალშობილი შესაძლოა ძლიერ გაბრუებული იყოს და გაუჭირდეს საშვილოსნოსგარეთა გარემოსთან შეგუება.

ახალშობილში ამ წამლების სედაციური ეფექტის გასანეიტრალებლად, ექიმმა მას დაბადებისთანავე შეიძლება შეუყვანოს მედიკამენტი ნალოქსონი.

ადგილობრივი ანესთეზიით საშოსა და მის გარშემო არსებული ქსოვილების გაუტკივარება მიიღწევა. ამისთვის ხშირად ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ საშოს კედელში, იმ უბანში, სადაც ქვედა გენიტალური რეგიონის მგრძნობელობის ნერვი მდებარეობს (სასირცხო ნერვი). ამას პუდენდალური ბლოკადა ეწოდება და მხოლოდ მშობიარობის მეორე პერიოდის გვიან ფაზაში, ბავშვის თავის საშოდან გამოსვლისას გამოიყენება. კიდევ ერთი ხშირი, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანი პროცედურა გულისხმობს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების შეყვანას საშოს გამოსავლის ქსოვილებში. ამ ორივე მეთოდის გამოყენებისას ქალი ფხიზლადაა და შეუძლია გაიჭინთოს, ნაყოფზე კი ისინი გავლენას არ ახდენს. ეს პროცედურები გამოსადეგია გართულებების გარეშე მიმდინარე მშობიარობისას.

რეგიონალური გაუტკივარება სხეულის უფრო დიდ ნაწილს მოიცავს. ის იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ქალს სრულიად უმტკივნეულოდ სურს მშობიარობის გადატანა. შესაძლოა ჩატარდეს შემდეგი პროცედურები:

  • შემთხვევათა უმრავლესობაში ლუმბალური ეპიდურული გაუტკივარება გამოიყენება. მას ბევრად ხშირად მიმართავენ, ვიდრე სასირცხო ნერვის ბლოკადას. საანესთეზიო საშუალება წელის არეში შეიყვანება, ხერხემალსა და ზურგის ტვინის მფარავი ქსოვილების გარეთა შრეს შორის (ეპიდურულ სივრცეში). არსებობს მეორე მეთოდიც, რომლის დროსაც ამ სივრცეში კათეტერი თავსდება და მისი მეშვეობით ოპიოიდი, მაგალითად, ფენტანილი ან სუფენტანილი ნელ-ნელა, უწყვეტად შეიყვანება. ლუმბალური ეპიდურული ანესთეზია არ უშლის ხელს ქალს გაჭინთვაში.

  • სპინალური ანესთეზია გულისხმობს საანესთეზიო საშუალების შეყვანას ზურგის ტვინის მფარავ შიგნითა და შუა გარსებს შორის (სუბარაქნოიდულ სივრცეში). ეს, როგორც წესი, საკეისრო კვეთისას, გაურთულებელ შემთხვევებში გამოიყენება.

ზოგჯერ ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია არტერიული წნევის დაცემას იწვევს. შესაბამისად, თუ რომელიმე მათგანი გაკეთდა, მშობიარეს წნევას ხშირად უზომავენ.

ზოგადი ანესთეზიის, ანუ ნარკოზის, დროს პაციენტის ცნობიერება შენაჩუნებული არ არის. იგი იშვიათადაა საჭირო და ნაკლებად გამოიყენება, რადგან შეიძლება ნაყოფის გულის, ფილტვებისა და თავის ტვინის ფუნქციონირების შენელება გამოიწვიოს. მისი ეფექტი, როგორც წესი, დროებითია, მაგრამ ზოგადმა ანესთეზიამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ახალშობილის შეგუებას გარემოსთან საშვილოსნოს გარეთ. ეს მეთოდი გადაუდებელი საკეისრო კვეთის დროს გამოიყენება, რადგან მშობიარის ანესთეზიის ყველაზე სწრაფი გზაა.