ბავშვის დაბადებისთანავე ექიმი ან ექთანი ასუფთავებენ პირის ღრუს, ცხვირს და ხახას ლორწოსგან და სხვა ნივთიერებებისგან სპეციალური ამწოვით. ამის შემდეგ ახალშობილს სუნთქვა შეუძლია. ორი მომჭერი ახალშობილის ჭიპლარზე გვერდიგვერდ თავსდება და მომჭერებს შორის ჭიპლარი იჭრება. ახალშობილს ამშრალებენ და ფრთხილად ათავსებენ დედის მუცელზე კანით კანთან კონტაქტისთვის ან სტერილურ, თბილ საფენზე.
ექიმი სინჯავს ახალშობილს რაიმე პათოლოგიის ან დისტრესის ნიშნების აღმოსაჩენად. სრული ფიზიკური გამოკვლევა მოგვიანებით ტარდება. ახალშობილის ზოგადი მდგომარეობა ფასდება აპგარის შკალით დაბადებისთანავე და დაბადებიდან მე-5 წუთზე. დაბალი მაჩვენებელი იმის ნიშანია, რომ ახალშობილს აქვს სირთულეები და შესაძლოა დასჭირდეს სუნთქვითი ან ცირკულაციური მხარდაჭერა. თუ სამედიცინო პერსონალი ჩათვლის, რომ ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ძუძუს მოეჭიდა, ექთანი მას წონის და ზომავს.
ახალშობილის სითბოში ყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახალშობილს შეძლებისდაგვარად სწრაფად მსუბუქ სახვევებში ახვევენ და თავზეც აფარებენ სითბოს დანაკარგის შესამცირებლად; თვალებში ანტიბიოტიკის რამდენიმე წვეთს აწვეთებენ ინფექციის თავიდან ასაცილებლად; ეს უკანასკნელი მშობიარობის დროს მავნე მიკროორგანიზმებთან კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს.
დედას და ახალშობილს დასასვენებლად სამშობიარო ოთახში ამყოფებენ. თუ მშობიარობა სათანადო ცენტრში მიმდინარეობს, დედას, მამას ან დედის პარტნიორს და ახალშობილს ერთად ათავსებენ, ერთსა და იმავე ოთახში. ბავშვები დედის ძუძუზე პირველად მიჰყავთ დაბადებიდან 30 წუთის განმავლობაში. ვინაიდან ყველა ბავშვი K ვიტამინის დაბალი დონით იბადება, ახალშობილს, სისხლდენის (ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება) თავიდან ასაცილებლად, K ვიტამინის ინექციას უკეთებენ.
დაბადებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ ახალშობილს ბანენ. ექთანი ცდილობს არ მოაცილოს კანზე არსებული მოთეთრო-მორუხო, ხაჭოსებრი საცხი, რომელიც ახალშობილის კანს ფარავს; საცხი ახალშობილს ინფექციისგან იცავს.