ბავშვის დაბადებისთანავე ურჩევენ დედას და მამას მის ხელში აყვანას. ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებისთანავე, თუ დედას ძუძუთი კვება აქვს განზრახული. ძუძუთი კვება სტიმულს აძლევს ოქსიტოცინის გამომუშავებას – ჰორმონისა, რომელიც დედის საშვილოსნოს ნორმალური ზომების აღდგენას უწყობს ხელს და ასტიმულირებს რძის წარმოქმნას. ზოგიერთი ექსპერტის აზრით ახალშობილთან ადრეული ფიზიკური კონტაქტი ხელს უწყობს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას ბავშვსა და მშობლებს შორის. თუმცა, მშობლები ახალშობილთან კავშირის დამყარებას მაშინაც კი ახერხებენ, თუ პირველ საათებს ერთად არ ატარებენ. დედა და ბავშვი ერთი ან ორი დღე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებაში – წყვილი სწავლობს ბავშვის კვებას, დაბანას და ჩაცმას, ეცნობა ბავშვის აქტივობებს, მინიშნებებს და ხმებს. შეერთებულ შტატებში დედა-შვილს საავადმყოფოდან 24-48 საათში უშვებენ.
სახლში ახალი ოჯახის წევრის გამოჩენა გარშემო მყოფთაგან ცვლილებებთან შეგუებას მოითხოვს. ოჯახში, რომელსაც მანამდე ბავშვი არ ჰყავდა, ცხოვრების წესის ცვლილება შეიძლება მნიშვნელოვანი და დრამატულიც კი აღმოჩნდეს. თუ ოჯახში უკვე არის ბავშვი, სირთულეებს ქმნის მისი ეჭვიანობა ("პატარას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ"). მდგომარეობას ამსუბუქებს ბავშვების შემზადება ოჯახის ახალი წევრის მისაღებად, მათთვის ყურადღების არ მოკლება, პატარას მოვლაში, შეძლებისდაგვარად, ჩართვა. შინაურ ცხოველებსაც შესაძლოა დასჭირდეთ დამატებითი ყურადღება ბავშვთან შესაგუებლად. ზოგ შემთხვევაში ცხოველების ბავშვისგან მოშორებით ყოლა აუცილებელია.
ჭიპლარი: ჭიპლარის მომჭერი უნდა მოიხსნას დაბადებიდან 24 საათში. ტაკვის გულდასმით მოვლაა საჭირო მისი სიმშრალისა და სისუფთავის შესანარჩუნებლად. ერთ-ორ კვირაში ტაკვი თავისით მოვარდება. იშვიათად, ჭიპლარი შესაძლოა დაინფიცირდეს; შეშუპებისა ან გამონადენის გამოჩენისთანავე ექიმის ჩარევაა საჭირო.
წინადაცვეთა: წინადაცვეთა, მისი ჩატარების სურვილის შემთხვევაში, როგორც წესი, სიცოცხლის პირველ დღეებში ტარდება, ხშირად ახალშობილის სამშობიაროდან გაწერამდე. გადაწყვეტილებას წინდაცვეთის ჩატარების თაობაზე, აღმსარებლობისა და პიროვნული ღირებულებების გათვალისწინებით, მშობლები ღებულობენ. წინადაცვეთის ძირითადი სამედიცინო ჩვენებაა არაბუნებრივად ვიწრო ჩუჩა, რომელიც შარდის ნაკადის შეფერხებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ წინადაცვეთილ ბიჭებს სასქესო ასოს სიმსივნის და საშარდე გზების ინფექციის განვითარების დაბალი რისკი აქვთ, მოხსენიებულთა აღმოცენების ალბათობის შემცირება ჰიგიენის სათანადოდ დაცვითაც შესაძლებელია. ამიტომაც, ამ დაავადებების განვითარების რისკის შემცირების შესაძლებლობა არ არის საკმარისი არგუმენტი წინადაცვეთის ჩატარებისთვის. ყოველი 1000-დან 2-დან 20-მდე ბიჭს აღენიშნება გართულებები, ჩვეულებრივ, მცირე სისხლდენის ან ადგილობრივი ინფექციის სახით. შესაძლოა სერიოზული ინფექციაც, ნაწიბური, ძალიან იშვიათად – ასოს თავის შემთხვევითი ამპუტაცია. იმავე რაოდენობის არაწინადაცვეთილი მამაკაცები მოგვიანებით წინადაცვეთას საჭიროებენ.
წინადაცვეთა არ უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევებში თუ შარდვაა გაძნელებული ან სასქესო ასოა პათოლოგიური; ამ მოსაზრების საფუძველი ის გარემოებაა, რომ ჩუჩის გამოყენება შეიძლება მოგვიანებით გახდეს საჭირო პლასტიკური ქირურგიისთვის. წინადაცვეთა უნდა გადაიდოს, თუ ორსულობის დროს დედა იღებდა წამლებს, რომლებიც ზრდიან სისხლდენის ალბათობას (ანტიკოაგულანტები, ასპირინი). ექიმი მანამ იცდის, სანამ ეს წამლები სრულად არ გამოიყოფა ახალშობილის სხეულიდან.
კანი: დაბადებიდან ერთი კვირის განმავლობაში ახალშობილების უმეტესობას კანზე მსუბუქი გამონაყარი აქვს. ის ძირითადად სხეულის იმ ნაწილებზე ჩნდება, რომლებიც ტანსაცმლით იხეხება, სახელდობრ, ხელებზე, ფეხებზე და ზურგზე. იშვიათად გამონაყარი შეიძლება სახეზეც აღინიშნოს. მკურნალობა არ არის საჭირო. ლოსიონების ან ფხვნილების, არომატული საპნების გამოყენება და პამპერსზე პლასტიკური შარვლის ჩამოცმა აუარესებს გამონაყარს, განსაკუთრებით ცხელ ამინდში. რამდენიმე დღის შემდეგ ვითარდება სიმშრალე, კანი იქერცლება, განსაკუთრებით მაჯისა და კოჭის ნაკეცებში.
დაბადებიდან 24 საათის შემდეგ სხვა მხრივ ჯანმრთელ ახალშობილებს კანი უყვითლდებათ. სიყვითლის მიზეზია ღვიძლის უმწიფრობა – ღვიძლს არ აქვს ნარჩენი პროდუქტების გადამუშავების უნარი. ამავე დროს, სიყვითლე, რომელიც ვითარდება სიცოცხლის პირველი 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებით საყურადღებოა, ის შესაძლოა უფრო სერიოზული პრობლემის გამოვლინება იყოს. თუ ახალშობილს სიყვითლე აქვს, ექიმი, როგორც წესი, სისხლში იკვლევს ნაღვლის მთავარი პიგმენტის – ბილირუბინის შემცველობას. ამ უკანასკნელის მომატებისას ფოტოთერაპია ტარდება. იშვიათად სიყვითლის მქონე ახალშობილი ერთი ან ორი დღით საავადმყოფოში დაყოვნებას საჭიროებს ფოტოთერაპიისთვის.
შარდვა და ნაწლავის მოქმედება: ახალშობილის პირველად გამოყოფილი შარდი კონცენტრირებულია და ხშირად შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ურატები ეწოდება; ურატები პამპერსს ვარდისფრად შეფერავენ. თუ ახალშობილი არ მოშარდავს პირველი 24 საათის განმავლობაში, ექიმი ცდილობს ამისი მიზეზის გარკვევას. შარდვის გამოყოფის დაწყების დაგვიანება ძირითადად ბიჭების ხვედრია.
ნაწლავი მოქმედებისას პირველად გამოიყოფა წებოვანი, მომწვანო შავი მასა (მეკონიუმი). დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში მეკონიუმი ყველა ბავშვმა უნდა გამოჰყოს. თუ მეკონიუმი არ გამოიყო, ტარდება გამოკვლევები მიზეზის ამოსაცნობად. მაგალითად, იშვიათად თანდაყოლილმა დეფექტმა შესაძლოა ნაწლავის დახშობა გამოიწვიოს.