ჩვილები დღე-ღამეში 15-20-ჯერ შარდავენ. შარდის ფერი ცვალებადობს – ღია ფერიდან მუქ ყვითლამდე. განავლის გამოყოფის სიხშირე, მისი ფერი და კონსისტენციაც ცვალებადია და მნიშვნელოვანწილად საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული. დეფეკაცია შეიძლება იყოს ერთხელ ორ დღეში ან დღეში 6-8-ჯერ. განავალი შესაძლოა იყოს სქელი და გაფორმებული ან რბილი და თხიერი. განავლის ფერი იცვლება მდოგვისფერიდან მუქ ყავისფრამდე. ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის განავალი უფრო რბილი და ღია ფერისაა, ვიდრე იმ ჩვილებისა, რომლებიც საკვებ ნარევს იღებენ.
პამპერსის გამოცვლა ხშირად არის საჭირო, რათა კანი მშრალი იყოს. სველი კანი უფრო ადვილად ღიზიანდება, ვიდრე მშრალი და გამონაყარი ვითარდება. თანამედროვე მომეტებულად შემწოვი ერთჯერადი პამპერსები შეიცავენ ჟელეს ფენას, რომელიც იწოვს სითხეს და აშორებს მას კანს. ეს პამპერსები უფრო მეტად ინარჩუნებს კანს მშრალად, ვიდრე ქსოვილისგან დამზადებული პამპერსები. ყველა შემთხვევაში, თუ კანი სველია, პამპერსი უნდა შეიცვალოს. განავალი, როგორც წესი, შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც შლიან შარდოვანას – შარდის შემადგენელ ნივთიერებას, რომელიც ტუტე რეაქციის პირობებში კანის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ პამპერსი ხშირად უნდა შემოწმდეს და განავლის არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. პამპერსების გამოყენებას სადავოდ ხდის ის გარემოება, რომ ერთჯერადი პამპერსები გარემოს დაბინძურებას იწვევს, ქსოვილოვანი პამპერსების გამოყენება კი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან და ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული მათი რეცხვა-უთოობის პროცესში.
საბავშვო ფხვნილები კანს მშრალად ინარჩუნებს, თუ ბავშვი მსუბუქად ოფლიანობს, მაგრამ ვერ იცავს კანს შარდისა და განავლის ზემოქმედებისგან. ამიტომ მათ გამოყენებას მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, ტალკის ფხვნილმა, მისი ჩასუნთქვის შემთხვევაში, შესაძლოა სასუნთქი გზების გაღიზიანება გამოიწვიოს. ასე რომ, საჭიროებისას, მშობლებმა უნდა მოიძიონ ისეთი საბავშვო ფხვნილები, რომლებიც სიმინდის ფქვილს შეიცავენ.