ახალშობილის ნერვული სისტემა განუვითარებელია, მას საკმაოდ დიდხანს ძინავს, მაგრამ გადაბმულად მხოლოდ ერთი ან ორი საათი, განურჩევლად იმისა, დღეა თუ ღამე. 4-6 კვირის ასაკში ბევრ ჩვილს 4-საათიანი ძილისა და 4-საათიანი სიფხიზლის ციკლების მონაცვლეობა აღენიშნება. მხოლოდ 2-3 თვის ასაკისთვის უყალიბდებათ ჩვილებს ღამის ძილის ჩვევა. 1 წლის ასაკისთვის ჩვილების უმეტესობას ღამის განმავლობაში 8-9 საათი შეუწყვეტლივ ძინავს.
მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილს საღამოს დაძინების ჩვევის ჩამოყალიბებაში ხელში აყვანით, გვიან საღამოს ნაკლებად გართობით, ბავშვის ოთახის ჩაბნელებით, რაც მნიშვნელოვანია ნორმალური მხედველობის განვითარებისთვისაც. ახალშობილებს ადრეული ასაკიდან უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მიეჩვიონ დამოუკიდებლად და არა მშობლების მკლავებზე ჩაძინებას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლად ჩაძინებას ღამით გაღვიძების შემთხვევაში.
ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის მინიმალიზაციისთვის, ჩვილებს უნდა ეძინოთ მეტად ზურგზე ვიდრე მუცელზე. უკანასკნელ წლებში ამ რეკომენდაციამ დადებითი როლი ითამაშა ჩვილის უეცარი სიკვდილის შემთხვევების რაოდენობის შემცირებაში. გარდა ამისა, ჩვილებს არ უნდა ეძინოთ რბილ ბალიშზე, სათამაშოებთან ერთად ან მძიმე პლედების ქვეშ, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სასუნთქი გზების ობსტრუქცია. სატყუარით ბავშვის დაძინება, აგრეთვე ხელს უწყობს უეცარი სიკვდილის პრევენციას (ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები მინიმუმ 1 თვის ასაკში ან სატყუარის მიცემამდე უნდა შეეჩვიონ ძუძუთი კვებას).