დღენაკლულობა | მკურნალი.გე
  1. დღენაკლულობა
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
დღენაკლულობა

დღენაკლული ახალშობილი საშვილოსნოში 37-კვირიან განვითარებამდე იბადება. დღენაკლულ ახალშობილს აქვს განუვითარებელი ორგანოები, რომლებმაც შესაძლოა საშვილოსნოს გარეთ ვერ იფუნქციონირონ.

  • წინა ნაადრევი მშობიარობები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ორსულობისას ცუდი კვება, გვიანი პრენატალური მზრუნველობა და წნევის ძლიერი მატება ნაადრევი მშობიარობის რისკის ზრდას იწვევს;

  • რადგან მრავალი ორგანო განუვითარებელია, დღენაკლულ ახალშობილს შესაძლოა ჰქონდეს სუნთქვის გაძნელება და კვების პრობლემები და მიდრეკილნი არიან თავის ტვინის სისხლდენის, ინფექციისა და სხვა პრობლემების განვითარებისადმი;

  • ღრმა დღენაკლულ ახალშობილებს დაჰყვებათ პრობლემების არსებობის მაღალი რისკი, განვითარების დარღვევების ჩათვლით, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, გადარჩენილ ბავშვებს პრობლემები მუდმივად არ რჩებათ;

  • ზოგიერთი დღენაკლული ახალშობილი მუდმივი პრობლემებით იზრდება.

  • ადრეული პრენატალური მზრუნველობა ამცირებს დღენაკლულთა მშობიარობის რისკს.

  • ნაადრევი მშობიარობა ხანდახან შესაძლოა მცირე ხნით შეჩერდეს დედისთვის წამლების მიცემით, რომლებიც ანელებენ ან წყვეტენ ჭინთვებს;

  • როდესაც მშობიარობა მნიშვნელოვნად ადრეა მოსალოდნელი, ექიმებს შეუძლიათ დედას კორტიკოსტეროიდების ინექცია გაუკეთონ, რათა ნაყოფის ფილტვების განვითარების დაჩქარება და ინტრავენტრიკულარული ჰემორაგიის პრევენცია მოხდეს.

სრული ვადის ორსულობა გრძელდება 37-40 კვირამდე. ახალშობილების 12% ვადაზე ადრე (დღენაკლული) იბადება. ამ ახალშობილების უმეტესობა იბადება მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე და დღენაკლულობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა არ აქვს. თუმცა, რაც უფრო დღენაკლული იბადება ახალშობილი, მით უფრო შესაძლებელია განუვითარდეს მძიმე და სიცოცხლისთვის საზიანო გართულებაც კი. ექსტრემალური დღენაკლულობა ახალშობილების სიკვდილის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. აგრეთვე, ძალიან ადრე დაბადებულ ახალშობილებს ხანგრძლივი პრობლემების განვითარების მაღალი რისკი აქვთ, განსაკუთრებით – განვითარებაში ჩამორჩენა და დასწავლის დარღვევები. მიუხედავად ამისა, ჩვილების უმეტესობა, რომლებიც ვადაზე ადრე დაიბადნენ, მოგვიანებით სირთულეების გარეშე იზრდებიან. დღენაკლულობის რისკი ადრეული პრენატალური მზრუნველობის შედეგად მცირდება.

მიზეზები

ნაადრევი მშობიარობის მიზეზი უხშირესად უცნობია. თუმცა, მისი რისკი მაღალია მოზარდებსა და ასაკოვან, დაბალი სოციალურ-ეკონომიური სტატუსისა და არაადეკვატური პრენატალური მზრუნველობის მქონე ქალების შემთხვევაში და მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს (ტყუპი, სამი ტყუპი, ოთხი ტყუპი). კვების დეფიციტმა და ორსულობისას არანამკურნალებმა ინფექციებმა, როგორიცაა საშარდე გზების ინფექცია ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის რისკი გაზარდონ. ნაადრევი მშობიარობის სხვა მაღალი რისკის მქონე ქალები არიან ისინი, ვისაც ადრეც გადაუტანია ნაადრევი მშობიარობა ან აქვთ მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დარღვევები, გულის დაავადების, მაღალი არტერიული წნევის, თირკმლის დაავადების, პრეეკლამფსიის ან ეკლამფსიის ან საშვილოსნოს ინფექციების (ქორიოამნიონიტი) ჩათვლით.

სიმპტომები

დღენაკლული ახალშობილები, როგორც წესი, 5,5 ფუნტზე ნაკლებს (2,5 კგ) იწონიან, ზოგი კი 1 ფუნტს (1/2 კგ) იწონის. ორსულობის ადრეულ ეტაპზე ნაყოფის ექოსკოპიური კვლევა და მშობიარობის შემდეგ ახალშობილის ფიზიკური მახასიათებლების შეფასება ეხმარება ექიმს, განსაზღვროს გესტაციური ასაკი (კვერცხუჯრედის ფერტილიზაციის შემდეგ საშვილოსნოში დაყოვნებული დროის ხანგრძლივობა).

სიმპტომები ხშირად დაფუძნებულია სხვადასხვა ორგანოს მოუმწიფებლობაზე. მაგალითად, ზოგიერთი ორგანო, როგორიცაა ფილტვები ან თავის ტვინი, შესაძლოა სრულად არ განვითარდეს. დღენაკლულ ახალშობილს შესაძლოა განუვითარდეს პრობლემები სხეულის ტემპერატურის რეგულაციასთან და სისხლში შაქრის დონესთან დაკავშირებით. განუვითარებელია აგრეთვე იმუნური სისტემა.

გართულებები

გართულებების არსებობის რისკი მატულობს დღენაკლულობის ზრდასთან ერთად და ნაწილობრივ დამოკიდებულია დღენაკლულობის გამომწვევ ზოგიერთ მიზეზზე, როგორიცაა დედის ინფექცია, დიაბეტი, მაღალი წნევა ან პრეეკლამფსია.

განუვითარებელი თავის ტვინი: წამოიჭრება ზოგიერთი პრობლემა, როდესაც ჩვილი თავის ტვინის სრულ განვითარებამდე იბადება. ეს პრობლემებია:

  • არათანამიმდევრული სუნთქვა: თავის ტვინის ნაწილი, რომელიც სუნთქვის რეგულაციას აკონტროლებს, შესაძლოა იმდენად განუვითარებელი იყოს, რომ დღენაკლული ახალშობილი სუნთქავდეს არათანამიმდევრულად, მოკლე პაუზებით ან პერიოდებით, როდესაც სუნთქვა 20 წამით ან მეტი დროით სრულიად ჩერდება (აპნოე).

  • კვებისა და სუნთქვის კოორდინაციის სირთულე: თავის ტვინის ნაწილი, რომელიც პირისა და ხორხის რეფლექსებს აკონტროლებს, განუვითარებელია, ასე რომ, დღენაკლულ ახალშობილებს შესაძლოა არ შეეძლოთ ნორმალური წოვა და ყლაპვა, რაც კვებისა და სუნთქვის კოორდინაციის სირთულეს იწვევს.

  • თავის ტვინის სისხლჩაქცევები (ჰემორაგია): ღრმა დღენაკლულ ახალშობილებს აღენიშნებათ თავის ტვინის სისხლდენის მომატებული რისკი. სისხლდენა, როგორც წესი, იწყება თავის ტვინის იმ ადგილიდან, რომელიც ჩანასახოვანი მატრიქსის სახელითაა ცნობილი და შესაძლოა გავრცელდეს თავის ტვინის სითხით სავსე სივრცეებში, რომელთაც პარკუჭები ეწოდება.

ჰემორაგიის ეს ფორმა ყველაზე ხშირად ღრმა დღენაკლულ ახალშობილებს (ორსულობის 28 კვირამდე) უვითარდებათ, როდესაც პრობლემები ჭინთვების ან მშობიარობის დროს, ან მშობიარობის შემდგომ სუნთქვის პრობლემების არსებობისას (როგორიცაა რესპირაციული დისტრეს სინდრომი) ჩნდება. მცირე ზომის თავის ტვინის სისხლჩაქცევების მქონე ახალშობილთა უმრავლესობას არ აქვს პრობლემები, მაგრამ დიდი ზომის ჰემორაგიების შემთხვევაში ახალშობილებს შესაძლოა განუვითარდეთ ლეთარგია, კრუნჩხვები და კომაც კი. მცირე და საშუალო ზომის ჰემორაგიების მქონე ახალშობილები, როგორც წესი, ნორმალურად ვითარდებიან. დიდი ზომის ჰემორაგიების შემთხვევაში ახალშობილები განვითარებაში ჩამორჩენის, ცერებრალური დამბლის ან დასწავლის პრობლემების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან და რამდენიმე იღუპება კიდეც. საბოლოო ნევროლოგიური გამოსავალი, უმეტეს შემთხვევაში, განისაზღვრება მშობლებთან ან მომვლელებთან ახალშობილის ურთიერთობის სიხშირესა და ხარისხთან (მაგალითად, ხელში დაჭერა, სიმღერა, ასაკის შესაბამისი სათამაშოებით თამაში და კითხვა).

საჭმლის მომნელებელი სისტემის და ღვიძლის განუვითარებლობა: განუვითარებელმა საჭმლის მომნელებელმა სისტემამ და ღვიძლმა შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე პრობლემა, როგორიცაა:

  • ამოქაფების ხშირი ეპიზოდები: პირველ ხანებში დღენაკლულ ახალშობილებს შესაძლოა კვებასთან დაკავშირებული სიძნელეები ჰქონდეთ. მათ განუვითარებელი აქვთ არა მარტო წოვისა და ყლაპვის რეფლექსები, არამედ მათი პატარა კუჭი იცლება ნელა, რაც ამოქაფების ხშირ ეპიზოდებს (რეფლუქსი) იწვევს.

  • ნაწლავის დაზიანება: ღრმა დღენაკლულ ახალშობილებს უვითარდებათ სერიოზული გართულებები, რომლის დროსაც ნაწლავის ნაწილი ძლიერ ზიანდება (ეწოდება მანეკროზებელი ენტეროკოლიტი).

  • სიყვითლე: დღენაკლულ ახალშობილებში ღვიძლი ნელა შლის სისხლისგან ბილირუბინს (ყვითელი ნაღვლოვანი პიგმენტი, რომელიც წითელი სისხლის უჯრედების ნორმალური დაშლის შედეგად წარმოიქმნება). თუმცა, ყვითელი პიგმენტი გროვდება, კანსა და თვალის თეთრ ნაწილს ყვითელ შეფერილობას (სიყვითლე) აძლევს. დღენაკლული ახალშობილები სიყვითლის განვითარებისადმი მიდრეკილნი არიან დაბადებიდან რამდენიმე დღეში. როგორც წესი, სიყვითლე არის სუსტი და ქრება, თუ ახალშობილი მეტ საკვებს იღებს და ნაწლავთა ხშირი მოქმედება (ბილირუბინი გამოიყოფა ნაწლავთა მოქმედების დროს და თავდაპირველად განავალს ნათელ ყვითელ ფერს აძლევს) აღარ აქვს. იშვიათად, ბილირუბინის მაღალი დონე აკუმულირდება და ახალშობილები ბირთვული სიყვითლის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ბირთვული სიყვითლე არის ტვინის დაზიანების ფორმა, რომელიც თავის ტვინში ბილირუბინის დაგროვებითაა გამოწვეული.

იმუნური სისტემის განუვითარებლობა: ღრმა დღენაკლულ ჩვილებს აღენიშნებათ ანტისხეულების დაბალი დონე – სისხლის ნაკადში არსებული ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს ინფექციის დაძლევაში ეხმარებიან. ორსულობის მოგვიანებით პერიოდში ანტისხეულები გაივლიან პლაცენტას (ორგანო, რომელიც აკავშირებს ნაყოფს საშვილოსნოსთან და უზრუნველყოფს ნაყოფის კვებას). ამრიგად, ინფექციების განვითარების რისკი, განსაკუთრებით სისხლის ინფექციებისა (სეფსისი), დღენაკლულ ბავშვებში მაღალია. მკურნალობისთვის სპეციალური მოწყობილობების გამოყენება, როგორიცაა სისხლძარღვის კათეტერები და სასუნთქი მილები (ენდოტრაქეალური), უფრო მეტად ზრდიან სერიოზული ინფექციის განვითარების რისკს.

განუვითარებელი თირკმელი: მშობიარობამდე ახალშობილის ნარჩენი პროდუქტები გამოიყოფა პლაცენტით, ხოლო შემდგომ – დედის თირკმლებით. დაბადების შემდეგ ახალშობილის თირკმელმა ეს ფუნქცია უნდა შეითვისოს. ღრმა დღენაკლულ ახალშობილებში თირკმლის ფუნქციონირება შეზღუდულია, მაგრამ თირკმლის განვითარების შემდგომ უმჯობესდება. განუვითარებელი თირკმლის მქონე ახალშობილს შესაძლოა გაურთულდეს სხეულში მარილისა და წყლის რაოდენობის რეგულაცია.

განუვითარებელი ფილტვები: დღენაკლული ახალშობილის ფილტვებს შესაძლოა არ ჰქონდეს დაბადებამდე სრული განვითარებისთვის საკმარისი დრო. ასეთ ბავშვებს უმეტესად უვითარდებათ რესპირატორული დისტრეს სინდრომი, შესამჩნევი ქოშინი, ნესტოების დაბერვა, სტერტოროზული ხმიანობა ამოსუნთქვის დროს და კანის მოლურჯო ელფერი (ციანოზი), თუ სისხლში ჟანგბადის დონე დაბალია. რესპირაციული დისტრეს სინდრომი ვითარდება, თუ ფილტვები არ არის საკმარისად მომწიფებული სურფანქტანტის წარმოსაქმნელად – ნივთიერება, რომელიც ამცირებს ალვეოლების დაჭიმულობას და სუნთქვას აადვილებს.

სისხლში შაქრის დონის რეგულაციის სიძნელე: რადგან დღენაკლულ ახალშობილებს აქვთ კვებისა და სისხლში შაქრის (გლუკოზის) ნორმალური დონის შენარჩუნების სირთულე, ხშირად უტარდებათ მკურნალობა ვენიდან მიწოდებული გლუკოზის (შაქრის) ხსნარით (ინტრავენურად) ან იკვებებიან ხშირად, მცირე ულუფებით. რეგულარული კვების დარღვევის შემთხვევაში ახალშობილებს სისხლში გლუკოზის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) უვითარდებათ. ჰიპოგლიკემიის მქონე ახალშობილთა უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში, ცუდ კვებასა და ნერვულ პრობლემებთან ერთად, შეიმჩნევა კუნთოვანი ტონუსის სისუსტე. იშვიათად ვითარდება კრუნჩხვები. დღენაკლულ ახალშობილებს შეიძლება განუვითარდეთ სისხლში შაქრის დონის მატებაც (ჰიპერგლიკემია), თუ ინტრავენურად დიდი რაოდენობის შაქარს მივაწოდებთ, მაგრამ ჰიპერგლიკემია სიმპტომებს იშვიათად იწვევს.

სხეულის ტემპერატურის რეგულაციის სირთულე: რადგან დღენაკლულ ახალშობილებს წონასთან შედარებით კანის მოცულობითი ზედაპირი აქვთ, დროული ახალშობილებისგან განსხვავებით, ისინი უფრო სწრაფად კარგავენ სითბოს და სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნების პრობლემა ჩნდება, უფრო მეტად – გრილ ოთახში ან ორპირი ქარის დროს. თუმცა, მათი სხეულის ტემპერატურა ეცემა მანამ, სანამ მათ კუვეზში ან სხივური გამათბობლით არ გაათბობენ. გრილ გარემოში ახალშობილები წარმოქმნიან სხეულის დამატებით სითბოს, ზრდიან მეტაბოლიზმის სიჩქარეს, რაც მათ წონაში მატებას ართულებს.

პროგნოზი

წინა დეკადების განმავლობაში დღენაკლულ ახალშობილთა გადარჩენა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამჟამად ღრმა დღენაკლული ახალშობილებისთვის სამომავლო პროგნოზი დადებითია და ისინი ნორმალურად ვითარდებიან. თუმცა, სიკვდილიანობისა და გრძელვადიანი პრობლემების რისკი იზრდება ჩვილებში, რომლებიც ორსულობის 26 კვირამდე, უფრო მეტად – 24 კვირამდე დაიბადნენ. რისკი მოიცავს გონებრივი ჩამორჩენის, ცერებრალური დამბლისა და მხედველობის შეზღუდვის განვითარებას. ღრმა დღენაკლულ ბევრ ახალშობილს ნორმალური ინტელექტი აქვს, მაგრამ ნაწილს აღენიშნება დასწავლის დარღვევები, რომლებსაც საბოლოოდ სკოლებში სპეციალური დახმარება სჭირდებათ.

პრევენცია

ნაადრევი მშობიარობის პრევენციის ყველაზე საუკეთესო გზა მომავალი დედის მიერ საკუთარ ჯანმრთელობაზე კარგი ზრუნვაა. მან უნდა მიირთვას ნოყიერი საკვები და თავი აარიდოს ალკოჰოლს, თამბაქოსა და წამლებს, თუ ისინი მკურნალობისთვის არ გვჭირდება. საუკეთესო ვარიანტში, მომავალმა დედამ უნდა მიიღოს დროული და რეგულარული პრენატალური მზრუნველობა, რათა მოხდეს ორსულობის ნებისმიერი გართულების ამოცნობა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება.

თუ ჭინთვები დროზე ადრე იწყება, მეანმა შესაძლოა ორსულ ქალს წამლები მისცეს, რათა ის მოკლე დროით შეანელოს ან შეაჩეროს. ამ ინტერვალების დროს შესაძლოა გაკეთდეს კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა ბეტამეტაზონი, რათა მოხდეს ნაყოფის ფილტვის განვითარების დაჩქარება და ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის, ასევე თავის ტვინის ჰემორაგიების განვითარების რისკის შემცირება.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს დღენაკლულობის გართულებების მართვას, როგორიცაა რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ბილირუბინის მაღალი დონე (ჰიპერბილირუბინემია). ღრმა დღენაკლულ ახალშობილებს კვებავენ ვენიდან მანამ, სანამ საჭმელი ზონდით მიეწოდებათ და საბოლოოდ პირის ღრუდან დამოუკიდებლად ჭამას არ შეეგუებიან. დედის რძე დღენაკლული ბავშვებისთვის საუკეთესო საკვებია. ძუძუს რძე ამცირებს მანეკროზებელი ენტეროკოლიტის განვითარების რისკს. დღენაკლული ახალშობილები საავადმყოფოში რამდენიმე დღით, კვირით ან თვით უნდა მოათავსონ.