მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი | მკურნალი.გე
  1. მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი

მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი არის რესპირატორული დისტრესი ახალშობილებში, რომელთაც შეისუნთქეს (განიცადეს ასპირაცია) მეკონიუმი ფილტვებში დაბადებამდე ან დაბადების დროს.

  • ნაყოფს შესაძლოა ჰქონდეს ნაწლავთა მოქმედება (მეკონიუმი) სტრესის პასუხად, როგორიცაა, მაგალითად, ჟანგბადის ნაკლებობა;

  • სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სუნთქვის რეფრაქტორულად გაძნელება, რის შედეგადაც ფილტვებში მეკონიუმის ინჰალაცია მოხდება;

  • დაავადებულ ახალშობილს აქვს მოლურჯო ელფერი, სუნთქავს სწრაფად და ამოსუნთქვისას ახასიათებს სტერტოროზული სუნთქვა;

  • დიაგნოზი ისმება დაბადებისას ამნიონურ სითხეში მეკონიუმის არსებობით, ახალშობილების რესპირატორული დისტრესისა და გულმკერდის პათოლოგიური რენტგენოგრამის დასკვნით;

  • დაავადებული ახალშობილები საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის მიწოდებას, შესაძლოა ხელოვნური სუნთქვის აპარატით დახმარებასაც;

  • დაავადებული ახალშობილების უმეტესობა გამოჯანმრთელდება, მაგრამ მძიმე შემთხვევისას სინდრომი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

მეკონიუმი არის მუქი მწვანე სტერილური ფეკალური ნივთიერება, რომელიც ნაწლავში დაბადებამდე წარმოიქმნება. ნორმაში მეკონიუმი გამოიყოფა დაბადების შემდეგ, როდესაც ახალშობილი კვებას იწყებს. თუმცა, სტრესის პასუხად, როგორიცაა სისხლში ჟანგბადის არაადეკვატური დონე, ნაყოფმა შესაძლოა მეკონიუმის გამოყოფა ამნიონურ სითხეში დაიწყოს. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ასევე სუნთქვის იმდენად გაძნელება, რომ მეკონიუმის შემცველი ამნიონური სითხე (ასპირაცია) ნაყოფმა ფილტვებში შეისუნთქოს. არ არის გამორიცხული, რომ დაბადების შემდგომ ასპირირებულმა მეკონიუმმა სასუნთქი გზები დაახშოს და ფილტვის რეგიონების კოლაფსი გამოიწვიოს. ზოგჯერ სასუნთქი გზები მხოლოდ ნაწილობრივ იხშობა, ჰაერს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს ფილტვის ნაწილებს დახშობის წერტილის იქით, მაგრამ ხელს უშლის ამოსუნთქვას. თუმცა, დაზიანებული ფილტვი შესაძლოა მეტად დაჭიმული აღმოჩნდეს. ფილტვის ნაწილის პროგრესირებადმა დაჭიმულობამ შეიძლება გამოიწვიოს რუპტურა და შემდგომ ფილტვის კოლაფსი. ხანდახან ჰაერი გულმკერდის ღრუს გარშემო (პნევმოთორაქსი) გროვდება.

ფილტვებში მეკონიუმის ასპირაცია ზოგჯერ ფილტვის ანთებასაც (პნევმონიტი) იწვევს და ზრდის ფილტვის ანთების რისკს.

მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი ხშირად ყველაზე ძნელად მიმდინარეობს ვადაგადაცილებულ ახალშობილებში, რადგან მათი ამნიონური სითხე უფრო მცირე მოცულობისაა, ამდენად, მეკონიუმი კონცენტრირებულია მცირე რაოდენობის ამნიონურ სითხეში. მეკონიუმის ასპირაციის სინდრომით დაავადებულ ახალშობილებს შესაძლოა მუდმივი პულმონალური ჰიპერტენზიის განვითარების რისკიც დაემუქროთ (იხ. ქვემოთ).

სიმპტომები და დიაგნოზი

დაავადებულ ახალშობილებს აღენიშნებათ რესპირატორული დისტრესი, რომლის დროსაც სუნთქავენ სწრაფად. ჩასუნთქვის დროს იზნიქება გულმკერდის ქვედა ნაწილი და ამოსუნთქვის დროს ვითარდება სტერტოროზული სუნთქვა. მათი კანი ლურჯ შეფერილობას (ციანოზი) იღებს, თუ სისხლში ჟანგბადის შემცველობა დაბალია და შესაძლოა დაბალი არტერიული წნევა განუვითარდეთ.

ექიმები დიაგნოზს დაბადებისას ამნიონურ სითხეში მეკონიუმის არსებობით, ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომითა და გულმკერდის პათოლოგიური რენტგენოგრამის დასკვნით სვამენ.

მკურნალობა

დაბადებისას, თუ ახალშობილი დაფარულია მეკონიუმით და მივარდნილია ან არ სუნთქავს, ექიმები მეკონიუმს დაუყოვნებლივ ამოქაჩავენ პირის ღრუდან, ცხვირიდან, ხორხიდან მისი მოშორების მიზნით. შემდგომ სასუნთქ მილს ათავსებენ სასულეში (ტრაქეა), რათა მეკონიუმი აქედანაც ამოქაჩონ.

ინფექციის რისკის გამო ახალშობილებს მკურნალობა ანტიბიოტიკებით უტარდებათ, დამატებით ეძლევათ ჟანგბადი და, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაჰყავთ. ზოგჯერ ტარდება განმეორებადი ამოქაჩვები უფრო მეტი მეკონიუმის მოსაშორებლად. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ ახალშობილებს აკვირდებიან, რათა არ განუვითარდეთ გართულებები, როგორიცაა პნევმოთორაქსი ან მუდმივი პულმონალური ჰიპერტენზია.

მეკონიუმის ასპირაციის სინდრომის მქონე ახალშობილების უმეტესობა სიცოცხლეს აგრძელებს. თუმცა, თუ დარღვევა მძიმეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია ვითარდება, შესაძლოა მცდელობა ფატალურად დასრულდეს.