პნევმოთორაქსი არის ფილტვსა და გულმკერდის კედელს შორის ჰაერის დაგროვება, რომელიც ფილტვიდან ჰაერის გაჟონვისას წარმოიქმნება.
პნევმოთორაქსი უფრო მეტად უვითარდებათ მკვრივი ფილტვის მქონე ახალშობილებს, მაგალითად, რესპირატორული დისტრეს სინდრომის ან მეკონიუმის ასპირაციის სინდრომის დროს. იშვიათად, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, იგი უწყვეტი დადებითი სასუნთქი წნევის (CPAP – ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალშობილებს, დამოუკიდებლად ისუნთქონ, როდესაც ჟანგბადს მცირე წნევით იღებენ ან ჰაერი ნესტოებზე დამაგრებული კანულით ეძლევათ) ან ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებისას ვითარდება. თუ პნევმოთორაქსი CPAP-ის წნევის ან ხელოვნური სუნთქვის დროს ვითარდება, შესაძლოა მივიღოთ ფილტვის კოლაფსი და სუნთქვის გაძნელება. წნევით განვითარების შემთხვევაში პნევმოთორაქსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვენის კომპრესია, რომელსაც სისხლი გულამდე მიაქვს. შედეგად, გული ნაკლები სისხლით ივსება, გულისცემა ნელდება და ახალშობილს წნევა უვარდება.
ჰაერს, რომელიც შუასაყრის უჯრედისში გროვდება, პნევმომედიასტინუმი ეწოდება. პნევმოთორაქსისგან განსხვავებით, ეს მდგომარეობა სუნთქვაზე გავლენას არ ახდენს.
პნევმოთორაქსის განვითარება მოსალოდნელია, როდესაც ახალშობილს ფილტვის ფონური დაავადება აქვს, ან CPAP-ს იღებს, ან ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და უარესდება რესპირატორული დისტრესი, ეცემა წნევა ან ორივე ერთად. ახალშობილის გასინჯვისას ექიმმა შესაძლოა შეამჩნიოს ფილტვში ჰაერის შესვლისა და გამოსვლისას შესუსტებული ხმიანობა პნევმოთორაქსის მხარეს. დღენაკლულ ახალშობილებში შესაძლოა გამოვიყენოთ ბოჭკოვან-ოპტიკური ნათება, რათა ჩაბნელებულ ოთახში გავანათოთ (დადებითი ტრანსლუმინაცია) დაზიანებული მხარე. ეს პროცედურა ფილტვის მიდამოში (პლევრალური სივრცე) თავისუფალი ჰაერის შეფასებისთვის გამოიყენება. გულმკერდის რენტგენი ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას გვაძლევს.
მკურნალობა არ სჭირდებათ ახალშობილებს, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ. მსუბუქი სიმპტომების მქონე დროული ახალშობილი შესაძლოა მოთავსდეს პატარა სივრცეში, სადაც ხდება ჟანგბადის ჩატუმბვა. ასე ისინი შეისუნთქავენ ჰაერს, რომელიც ოთახის ჰაერზე მეტ ჟანგბადს შეიცავს. თუმცა, თუ ახალშობილის სუნთქვა გაძნელებულია ან სისხლში ჟანგბადის დონე იკლებს, და პრაქტიკულად სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, გულმკერდის ღრუდან ჰაერი სასწრაფოდ უნდა გამოვიღოთ. გულმკერდის ღრუდან ჰაერის გამოღება ხდება ნემსისა და სირინჯის/შპრიცის გამოყენებით. გამოხატული დისტრესის მქონე ახალშობილებისთვის, რომლებიც CPAP-ს იღებენ ან ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებიან, ექიმებს შესაძლოა დასჭირდეთ პლასტმასის მილის ჩაყენება გულმკერდის ღრუში იქიდან ჰაერის უწყვეტი ქაჩვისა და დინებისთვის. მილი შესაძლოა რამდენიმე დღის შემდეგ გამოვიღოთ.
პნევმომედიასტინუმი შესაძლოა რენტგენის სურათით დადგინდეს და მკურნალობას არ საჭიროებს.